ლუვრი

(გადამისამართდა გვერდიდან ლუვრის მუზეუმი)

ლუვრის მუზეუმი (ფრანგ. Musée du Louvre) — არქიტექტურული ძეგლი პარიზში. თავდაპირველად სამეფო სასახლე, შემდგომში მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამხატვრო მუზეუმი. მდებარეობს, მდინარე სენასა და რუ-დე-რივოლის შორის. მისი მთავარი მოედანი, რომელზეც ამჟამად ლუვრის პირამიდაა აღმართული, ერთ ხაზზეა შანზ-ელიზეს გასწვრივ და ამგვარად ქმნის ისტორიულ მონაკვეთს (Axe historique), რომელზეც პარიზის მრავალი ისტორიული მონუმენტია განლაგებული. ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1793 წლის 8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს.

ლუვრი
ფრანგ. Musée du Louvre
48°51′40″ ჩ. გ. 2°20′09″ ა. გ. / 48.86111° ჩ. გ. 2.33583° ა. გ. / 48.86111; 2.33583
დაარსდა 10 აგვისტო, 1793[1] წ.
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
მდებარეობა სენ-ჟერმენ-ლ’ოქსერუა[2]
ოფიციალური საიტი https://www.louvre.fr/
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 600
ინგლ.რუს.ფრ.

აგებულია XIII საუკუნის დასაწყის — XIV საუკუნეში ციხე-დარბაზის ადგილას. 1546-1574 წლებში პ. ლესკომ ააშენა რენენსანსის სტილის სასახლე, სკულპტურული დეკორი შეასრულა ჟ. გუჟონმა. ლუვრი გააფართოვეს ჟ. ლემერსიემ (1624 წლიდან, დასავლეთი კორპუსი და ჩრდილოეთი კორპუსის ნაწილი), ლ. ლევომ (1661-1664 წლებში, ე. წ. „ოთხკუთხა ეზო“), კ. პერომ (1667-1674 წლებში, კლასიცისტური აღმოსავლეთი ფასადი სვეტებით) და სამხრეთის ფასადი. ინტერიერის გაფორმებაში მონაწილეობდა შ. ლებრენი (1661 წლიდან, აპოლონის გალერეა). ლუვრი პარიზის ისტორიული ცენტრის ხუროთმოძღვრული დომინანტია. მისი გადაკეთება დაასრულეს XIX საუკუნის 50-იან წლებში ლ. ვისკონტიმ და ე. ლეფიუელმა, რომელთაც ძირითად შენობას მიაშენეს ე. წ. ახალი ლუვრი (შემდგომში სურათებიანი გალერეა). XVII საუკუნის II ნახევარში ლუვრი გადაეცა ფერწერისა და ქანდაკების სამეფო აკადემიას. 1791 წელს რევოლუციური კონვენტის დეკრეტით ლუვრი ეროვნულ სამხატვრო მუზეუმად იქცა. საჯაროდ გაიხსნა 1793 წლის 8 ნოემბერს. მუზეუმში თავმოყრილია სამეფო, ეკლესია-მონასტრებისა და კერძო პირთა კოლექციები, შემდეგ შეივსო ნაპოლეონის ლაშქრობათა ნადავლით, მრავალრიცხოვანი საჩუქრითა და ნაყიდი კოლექციებით. 1960-იან წლებში ლუვრის ფერწერისა და ქანდაკების კატალოგში 20 000 ნომერი იყო აღნიშნული.

მუზეუმში 6 განყოფილებაა. განსაკუთრებით მდიდარია სურათებისა და ქანდაკებების გალერეა, სადაც დაცულია ხელოვნების საქვეყნოდ ცნობილი ნიმუშები: „ვენერა მილოსელი“, „ნიკე სამოთრაკიელი“, მიქელანჯელოს ქანდაკებები („მონები“), ლეონარდო და ვინჩის „ჯოკონდა“ და „მადონა მღვიმეში“, რაფაელის, ტიციანის, ჯორჯონეს, ვერონეზეს, ა. ვან დეიკის, პ. რუბენსის, რემბრანდტისა და სხვათა ნამუშევრები.

ლუვრს ექვემდებარება იმპრესიონიზმის მუზეუმი და სხვა გალერეები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა — 1537.
  2. 2.0 2.1 archINFORM — 1994.