8e Arrt.
Avenue des CHAMPS ÉLYSÉES
ოლქი VIII
უბანი შანზ-ელიზე. რულის გარეუბანი.
იწყება კონკორდის მოედანი
მთავრდება შარლ დე გოლის მოედანი
სიგრძე 1910 მ
სიგანე 70 მ
შეიქმნა 1670
დაერქვა 2 მარტი, 1864
შანზ-ელიზე
შობის პერიოდში

შანზ-ელიზე, (ელისეს მინდვრები, les Champs-Élysées) — პარიზის ყველაზე დიდი და ცნობილი გამზირი. სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიიდან, რომლის მიხედვით საიქიოში მდებარეობს ელისეს მინდვრები, სადაც სათნო სულები ბინადრობენ.

ელისეს მინდვრები მდებარეობს პარიზის მე-8 ოლქში, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. იგი იწყება კონკორდის მოედნიდან, სადაც აღმართულია ობელისკი, და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 1915 მეტრზე იშლება. ამ მანძილის პირველი ნახევარი დაბლობია, შემდეგ კი, შარლ დე გოლის მოედნამდე (ძველი ვარსკვლავის მოედანი, შაიოს გორაკზე) აღმართია და ბოლოვდება ვარსკვლავის ტრიუმფალური თაღით. გამზირის სიგანე 70 მეტრს აღწევს.

ელისეს მინდვრები სწორხაზოვან პერსპექტივას იძლევა, სადაც ერთმანეთს ენაცვლება ლუვრის მუზეუმი, ლუი XIV-ის ქანდაკება, კარუსელის ტრიუმფალური თაღი, ტუილერის ბაღი, ობელისკი და ვარსკვლავის ტრიუმფალური თაღი. ეს არის პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. დაბლობ ნაწილში ელისეს მინდვრები შემოსაზღვრულია მარინის სკვერით და რამდენიმე ნაგებობით, როგორიცაა მარინის თეატრი, პეტი პალე, გრან პალე და პალე დე ლა დეკუვერტი). მაღლობ ნაწილში კი მაღაზიები, ბუტიკები, კინოთეატრები, კაფეები და რესტორნებია.

XVII საუკუნეში შანზ-ელიზე უბრალო მინდორი იყო დაუსახლებელ ზონაში. 1640 წელს ლე ნოტრი, ვერსალის სასახლის პეიზაჟისტი, პირველად აქცევს ყურადღებას ამ ადგილს და მინდვრების გასწვრივ, ლუვრიდან ტუილერამდე რგავს ხეებს.

1828 წლიდან გამზირზე ზრუნვას პარიზის მმართველობა იღებს თავის თავზე და პირველი ტროტუარებიც ჩნდება.

1838 წელს შანზ-ელიზე მოწყობილ იქნება არქიტექტორ ჟაკ იტორფის მიერ. მოგვიანებით კი, ნაპოლეონ III-ის პერიოდში, ბაღების დიზაინზე მუშაობს ჟან-შარლ ალფანი.

1994 წელს ელისეს მინდვრების განახლებაზე 250 მილიონი ფრანკი იხარჯება. მასზე მუშაობენ ურბანისტი ბერნარ უე, ჟან მიშელ ვილმოტი და დიზაინერი ნორმან ფორესტიე.

ეკონომიკა

რედაქტირება
 
ისტორიული ღერძი, დასავლეთის ხედი

1950-იან წლებამდე გამზირი ძირითადად ძვირფას ბუტიკებს მოიცავდა, მაგრამ თანდათან მათ სოციალურ დაწესებულებებს დაუთმეს ადგილი. მეტროპოლიტენის ამოქმედების შემდეგ შანზ-ელიზემდე მისვლა გაადვილდა. გამრავლდა დაბალფასიანი მაღაზიები. 1994 წელს პარიზის იმდროინდელ მერი, ჟაკ შირაკი ბულვარის განახლებას იწყებს და ელისეის მინდვრებს ახალი სახე ეძლევა. დღეისთვის შანზ-ელიზეზე თავს იყრის ყველა სოციალური წრისა თუ ეროვნების ხალხი. ბულვარს ორი ტროტუარი აქვს: სამხრეთის ტროტუარით განსაკუთრებით ბევრი ხალხი სარგებლობს, რადგან იგი მეტროს სადგურიდან გამოსასვლელი გზაა. მასზე კვირაში 500 000 ადამიანი მოძრაობს, რაც მეორესთან შედარებით 30-40 %-ით მეტია. ბულვარის კომერციულ წარმატებას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ მაღაზიათა უმრავლესობა შუაღამემდე ღიაა. აქვე განლაგებულია დიდი საავტომობილო მარკების გამოფენები, რომლებსაც ხშირად საკუთარი ბარი ან რესტორანიც აქვთ. გამზირის პოპულარობას ხელს უწყობს კინოთეატრებისა და რესტორნების არსებობაც.

 
შანზ-ელიზეს გამზირი

შანზ-ელიზეზე 29 კინოდარბაზია, რომელთა პროგრამის ძირითადი ნაწილი ორიგინალურ ვერსიებზე და პრემიერებზეა გათვლილი.

ბულვარის კომერსანტები გაერთიანებული არიან ასოციაციაში, შანზ-ელიზეს კომიტეტი, რომელიც 1860 წელს შეიქმნა. თავდაპირველად მას შანზ-ელიზეს დაცვისა და საინიციატივო სინდიკატი ერქვა, დღევანდელი სახელწოდება კი 1980 წელს მიიღო. ასოციაციის მიზანია ბულვარის პრესტიჟული იმიჯის შენარჩუნება. ამისთვის კომიტეტი ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს. ეს უკანასკნელი ეხმარება ასოციაციას ბულვარის გასალამაზებლად საჭირო ღონისძიებებისა (განათება, დეკორაცია) და სავაჭრო საქმიანობების (მაგალითად, ამ ადგილზე მაღაზიები გაცილებით გვიან იკეტება ვიდრე პარიზის სხვა რაიონებში) დაგეგმვაში. ამავე კომიტეტთან უნდა მოხდეს შეთანხმება ბულვარზე ახალი ორგანიზაციებისა თუ მაღაზიების გაჩენის შემთხვევაში.

ყოველივე აქედან გამომდინარე, შანზ-ელიზე საკმაოდ ძვირი გამზირია. სახლების ფასი იმხელაა, რომ ამ ადგილას ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს. გამზირზე არსებული შენობების ზედა სართულები ძირითადად ოფისებს უჭირავს. თუმცა ფასები ერთგვაროვანი არაა. ჩრდილოეთის მხარე გაცილებით ძვირია, რადგან უკეთაა მზით განათებული და მეტი ხალხი მოძრაობს. სამხრეთი ნაწილი კი ჩრდილიანია. უძრავი ქონების ფასების მიხედვით შანზ-ელიზეს გამზირი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ადგილია.

მოვლენები

რედაქტირება

შანზ-ელიზე საფრანგეთის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენების მომსწრე ადგილია. მათ შორისაა 1944 წელს გამართული თავისუფლების დეფილე და პარიზელთა შეკრება ფეხბურთში მსოფლიო თასის მოპოვების აღსანიშნავად.

ყოველ წელს, 14 ივლისს, ეროვნულ დღესასწაულზე აქ იმართება სამხედრო აღლუმი. ელისეის მინდვრები არის ტრადიციულად ტურ დე ფრანსის ბოლო ეტაპი. ყოველი წლის 31 დეკემბერს პარიზელები შანზ-ელიზეზე ხვდებიან ახალ წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: