ბეატრის შვაბიელი (გერმ. Beatrix von Schwaben, ესპ. Beatriz de Suabia; დ. მარტი/მაისი, 1205, ნიურნბერგი, გერმანია — გ. 5 ნოემბერი, 1235, სამორა, ესპანეთი) — ჰოენშტაუფენთა დინასტიის წარმომადგენელი. გერმანიის მეფე ფილიპე შვაბიელისა და დედოფალ ირენე ანგელინას ქალიშვილი. კასტილიისა და ლეონის დედოფალი 1219-1235 წლებში, როგორც მეფე ფერნანდო III-ის პირველი ცოლი. მეფე ალფონსო X-ის დედა.

ბეატრის შვაბიელი
კასტილიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 30 ნოემბერი, 1219
მმართ. დასასრული: 5 ნოემბერი, 1235
წინამორბედი: მაფალდა პორტუგალიელი
მემკვიდრე: ჟანა დე დამარტინი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: მარტი/მაისი, 1205
დაბ. ადგილი: ნიურნბერგი, გერმანია
გარდ. თარიღი: 5 ნოემბერი, 1235, (30 წლის)
გარდ. ადგილი: სამორა, ესპანეთი
დაკრძ. ადგილი: სევილიის კათედრალი, სევილია, ესპანეთი
მეუღლე: ფერნანდო III, კასტილიის მეფე
შვილები: ალფონსო X, კასტილიის მეფე
დინასტია: ჰოენშტაუფენები
მამა: ფილიპე, გერმანიის მეფე
დედა: ირენე ანგელინა
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბეატრისი დაიბადა 1205 წელს ნიურნბერგში. იგი იყო გერმანიის მეფე ფილიპე შვაბიელისა და მისი ცოლის, დედოფალ ირენე ანგელინას ქალიშვილი. მამის მხრიდან იგი საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ I ბარბაროსას, ხოლო დედის მხრიდან ბიზანტიის იმპერატორ ისააკ II ანგელოსის შვილიშვილი იყო.

1208 წლის 21 ივნისს ბეატრისის მამა მოკლეს, რამაც მათი ოჯახი საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო. იმავე წლის 27 აგვისტოს დედამისი მშობიარობას გადაჰყვა და ბავშვიც მკვდარი დაიბადა. ამის შემდეგ ბეატრისი და მისი სამი და მათმა ბიძაშვილმა, სიცილიის მეფემ შეიფარა თავისთან და ასე აარიდა მათ მოსალოდნელი საფრთხე. შემდეგში სწორედ სიცილიის მეფე როჯერმა მოაწყო მათი ერთობ სარფიანი ქორწინებები: სულ უფროსი და, ბეატრისი (მასაც ასე ერქვა), ცოლად საღვთო რომის იმპერატორ ოტო IV-ს შერთო, პრინცესა კუნიგუნდა ბოჰემიის მეფე ვენცელ I-ს მიათხოვა, ხოლო მარია ბრაბანტის ჰერცოგ ანრი II-ზე დააქორწინა. ცხადია, უფროსი დების შემდეგ ბეატრისის ჯერიც დადგა.

როჯერმა იგი 1219 წლის 30 ნოემბერს, ქალაქ ბურხოსში კასტილიისა და ლეონის მეფე ფერნანდო III-ზე დააქორწინა, რითაც ბეატრისი ორი სამეფოს დედოფალი გახდა. ცნობილია, რომ მისი დაბადების სახელი ელიზაბეთი იყო და ბეატრისი კასტილიელებმა შეარქვეს მისი უფროსი დის, იმპერატრიცა ბეატრისის პატივსაცემად, რომელიც 1212 წელს დაიღუპა.

ბეატრისი ერთობ ნაყოფიერი დედოფალი აღმოჩნდა და მეფეს ათი შვილი გაუჩინა, აქედან შვიდი ჯანმრთელი ვაჟი. ბოლო ბავშვზე მშობიარობამ საგრძნობლად შეარყია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და იგი 1235 წლის 5 ნოემბერს, 30 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედოფლის სხეული სევილიის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს, მეფე ენრიკე I-ის გვერდით. ამის შემდეგ მისი ქმარი მეორედ დაქორწინდა ჟანა დე დამარტინზე, რომელთანაც შვილები კიდევ შეეძინა.

  1. ალფონსო X (1221-1284), კასტილიისა და ლეონის მეფე. ცოლად შეირთო ვიოლანტე არაგონელი, რომელთანაც შეეძინა თერთმეტი შვილი, საყვარლებისაგან ჰყავდა კიდევ სამი უკანონო ბავშვი. პრეტენზია ჰქონდა გერმანიის ტახტზე, წარმატებული ომი აწარმოა პორტუგალიასთან, მაგრამ გრანადაში დამარცხდა;
  2. ფადრიკი (1223-1277), ცოლად შეირთო ეპირის დესპოტის ასული ეკატერინე კომნენა, თუმცა შვილები არ ჰყოლია. იგი სახელმწიფოს ღალატისათვის დასაჯეს სიკვდილით;
  3. ფერნანდო (1225-1248), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  4. ლეონორა (1226), გარდაიცვალა ჩვილი;
  5. ბერენგარია (1228-1279), აღიკვეცა მონაზვნად;
  6. ენრიკე (1230-1303), ცოლად შეირთო დონა ხუანა ნუნიეს დე ლარა, თუმცა მასთან შვილები არ ჰყოლია და ჰყავდა მხოლოდ ერთი უკანონო ვაჟი, ძმის წინააღმდეგ აჯანყების შემდეგ თავი ნახევარ-დას, ინგლისის დედოფალ ლეონორას შეაფარა. გარდაიცვალა ემიგრაციაში;
  7. ფილიპე (1231-1274), ვალდეკორნეხას სენიორი. პირველად დაქორწინდა პრინცესა კრისტინა ნორვეგიელზე, დაქვრივების შემდეგ ცოლად შეირთო ინეს როდრიგესი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა ლეონორ როდრიგეს დე კასტრო. მას შვილები არცერთ ცოლთან არ ჰყოლია, მაგრამ ჰყავდა სამი უკანონო შვილი;
  8. სანჩო (1233-1261), ტოლედოს არქიეპისკოპოსი;
  9. მანუელი (1234-1283), ვილენას სენიორი. პირველად იქორწინა ინფანტა კონსტანსია არაგონელზე, რომელთანაც ორი შვილი ეყოლა. დაქვრივების გამო მეორედ დაქორწინდა ბეატრიჩე სავოიელზე, რომელთანაც შეეძინა ვაჟი, დონ ხუან მანუელი. ამასთან, საყვარლებისაგან ჰყავდა კიდევ სამი შვილი;
  10. მარია (1235), გარდაიცვალა ჩვილი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Arch and Garay, Ricardo (1954). Jerónimo Zurita Institute. National Research Council .. ed. Graves of the royal house of Castile. Madrid.
  • Elorza, Juan C.; Lourdes Vaquero, Belen Castillo, Martha Black (1990). Castilla y Leon. Ministry of Culture and Social Welfare. ed. Pantheon Real de las Huelgas de Burgos. The tombs of the kings of León and Castile (2nd edition). Editorial Evergráficas SA. ISBN 84-241-9999-5 .
  • Gomez Moreno, Manuel . Diego Velazquez Institute. National Research Council .. ed.'s Pantheon Royal Huelgas de Burgos. Madrid.