ჟანა დე დამარტინი (ფრანგ. Jeanne de Dammartin, ესპ. Juana de Dammartin; დ. 1220, საფრანგეთი — გ. 16 მარტი, 1279, აბვილი, საფრანგეთი) — ფრანგი არისტოკრატი, პონტიესა და ომალის გრაფინია. კასტილიისა და ლეონის დედოფალი 1237-1252 წლებში როგორც მეფე ფერნანდო III-ის მეორე ცოლი. ინგლისის დედოფალ ლეონორ კასტილიელის დედა.

ჟანა დე დამარტინი
კასტილიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: ოქტომბერი, 1237
მმართ. დასასრული: 30 მაისი, 1252
წინამორბედი: ბეატრის შვაბიელი
მემკვიდრე: ვიოლანტე არაგონელი
სხვა წოდებები: პონტიესა და ომალის გრაფინია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1220
გარდ. თარიღი: 16 მარტი, 1279, (58-59 წლის)
გარდ. ადგილი: აბვილი, საფრანგეთი
მეუღლე: ფერნანდო III, კასტილიის მეფე
(ქ. 1237 - გარდ. 1252)
ჟანი, ფავლის სენიორი
(ქ.1261)
შვილები: ლეონორა, ინგლისის დედოფალი
დინასტია: დამარტინები
მამა: სიმონი, ომალის გრაფი
დედა: მარი, პონტიეს გრაფინია
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჟანა დაიბადა 1220 წელს საფრანგეთში. იგი იყო ომალის გრაფ სიმონ დე დამარტინისა და მისი ცოლის, პონტიეს გრაფინია მარი დე მონტროლის უფროსი ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ ჟანა დედის ხაზით საფრანგეთის მეფე ლუი VII-ისა და დედოფალ კონსტანსია კასტილიელის შვილთაშვილი იყო.

1234 წელს დაიწყო მოლაპარაკებები ჟანასა და ინგლისის მეფე ჰენრი III-ის ქორწინებასთან დაკავშირებით, თუმცა მან ცოლად საფრანგეთის მეფის ცოლის და, ელეანორ პროვანსელი შეირთო. ამის სანაცვლოდ, 1235 წლის ნოემბერში საფრანგეთის დედა-დედოფალმა ბლანკა კასტილიელმა ჟანას მშობლებს შესთავაზა მისი თავის დისწულზე, კასტილიისა და ლეონის მეფე ფერნანდო III-ზე დაქორწინება. მეფე ფერნანდოს პირველი ცოლი, დედოფალი ბეატრის შვაბიელი სწორედ იმ წელს გარდაიცვალა გართულებული მშობიარობით.

 
ჟანას გერბი დედოფლობისას

საბოლოოდ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და 1237 წლის ოქტომბერში, ქალაქ ბურხოსში ჟანა და ფერნანდო III დაქორწინდნენ, რითაც იგი დედოფალი გახდა. ამ დროს ის მხოლოდ 17 წლისა იყო. ახალმა დედოფალმა ფერნანდოს კიდევ ხუთი შვილი გაუჩინა, რომელთაგან მხოლოდ ერთი იყო გოგონა.

1252 წელს ფერნანდო III გარდაიცვალა და ტახტი მისმა უფროსმა ძემ, ალფონსო X-მ დაიკავა, რომელთანაც ჟანას არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ახალმა მეფემ თავის დედინაცვალს ჩამოართვა მთელი მიწები და პენსიაც შეუმცირა, რის გამოც ჟანა თავისი დანარჩენი გერების მხარეს გადავიდა და ალფონსოს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობას ცდილობდა. 1254 წელს მათი გეგმა ჩავარდა, რის გამოც ჟანა კასტილიიდან გააძევეს და იძულებული გახდა საფრანგეთში დაბრუნებულიყო, მისი ერთ-ერთი გერი ძმამ სიკვდილით დასაჯა, დანარჩენებმა კი საზღვარგარეთ გაქცევით უშველეს თავებს.

ჟანამ თავისი ქალიშვილის, ლეონორასა და ინგლისის მეფე ედუარდის ქორწინებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, თავის უფროს ვაჟ ფერდინანდთან ერთად დატოვა კასტილია და მშობლიურ საფრანგეთს დაუბრუნდა. აქ იგი 1261 წელს მეორედ დაქორწინდა ფავლისა და ერელის სენიორ ჟან დე ნესლიზე. ზოგიერთი წყაროს მტკიცებით ჟანამ მისგან ქალიშვილი, სახელად ბეატრისი გააჩინა, თუმცა მეორე მხარე ამტკიცებს, რომ ჟანს იგი პირველი ცოლისაგან ჰყავდა.

დარჩენილი ცხოვრება მან არც თუ ისე მშვიდად განვლო, რამეთუ უწევდა თავისი მემკვიდრეობის დაცვა პონტიესა და ომალის საგრაფოებზე, რომლებზეც მას საფრანგეთის მეფე ედავებოდა. მას შემდეგ, რაც 1265 წელს მისი ძე გარდაიცვალა, დავა განახლდა, თუმცა ჟანამ მემკვიდრეობის შენარჩუნება მოახერხა.

ცნობილია, რომ უკანასკნელ წლებში იგი თავისი ასულის, დედოფალ ლეონორას ქალიშვილ ჯოანაზე ზრუნავდა. იგი გარდაიცვალა 1279 წლის 16 მარტს აბვილში, ჩრდილოეთ საფრანგეთში, 58-59 წლის ასაკში.

ჟანას შვილები მხოლოდ პირველი ქმრისაგან ჰყავდა:

  1. ფერდინანდ II (1239-1265), ომალის გრაფი, ცოლად შეირთო ესპრემონის სენიორა ლაურა დე მონფორი, რომელთანაც შეეძინა შვილებიც;
  2. ლეონორა (1241-1290), ცოლად გაჰყვა ინგლისის მეფე ედუარდ I-ს, რომელთანაც შეეძინა თექვსმეტი შვილი, მათ შორის მომავალი მეფე ედუარდ II;
  3. ლუისი (1243-1275), ცოლად შეირთო გატონის სენიორა ხუანა დე მანსანედო, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  4. სიმონი (1244), გარდაიცვალა ჩვილი;
  5. ხუანი (1246), გარდაიცვალა ჩვილი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Johnstone, Hilda (1914). "The County of Ponthieu, 1279-1307". The English Historical Review. Oxford University Press. 29 (115).
  • Parsons, John Carmi (1984). Brown, Virginia (ed.). "The Year of Eleanor of Castile's Birth and Her Children by Edward I". Mediaeval Studies. Pontifical Institute of Mediaeval Studies. XLVI: 245-265.
  • Parsons, John Carmi (1995). Eleanor of Castile, Queen and Society in Thirteenth-Century England. Palgrave Macmillan.
  • Prestwich, Michael (1988). Edward I. University of California Press.
  • Richardson, Douglas (2011). Everingham, Kimball G. (ed.). Plantagenet Ancestry: A Study in Colonial and Medieval Families.