ელეანორ პროვანსელი
ელეანორ პროვანსელი (ფრანგ. Éléanore de Provence, ინგლ. Eleanor of Provence; დ. 1223 — გ. 26 ივნისი, 1291) — ინგლისის დედოფალი 1236-1272 წლებში როგორც მეფე ჰენრი III-ის მეუღლე. თავისი მეუღლის რეგენტი 1253 წელს. ინგლისის მეფე ედუარდ I-ის დედა.
ელეანორ პროვანსელი | |
---|---|
ინგლისის დედოფალი | |
კორონაცია: | 20 იანვარი, 1236 |
მმართ. დასაწყისი: | 14 იანვარი, 1236 |
მმართ. დასასრული: | 16 ნოემბერი, 1272 |
წინამორბედი: | იზაბელა ანჟულიმელი |
მემკვიდრე: | ლეონორ კასტილიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1223 |
დაბ. ადგილი: | ექს-ან-პროვანსი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 26 ივნისი, 1291, (68 წლის) |
გარდ. ადგილი: | უაილტშირი, ინგლისი |
მეუღლე: | ჰენრი III, ინგლისის მეფე |
შვილები: |
ედუარდ I, ინგლისის მეფე მარგარეტი, შოტლანდიის დედოფალი ბეატრისი, რიჩმონდის გრაფინია ედმუნდი, ლანკასტერის ერლი კათრინი |
დინასტია: | ბარსელონელები |
მამა: | რამონ ბერენგარ IV, პროვანსის გრაფი |
დედა: | ბეატრიჩე სავოიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაელეანორი დაიბადა 1223 წელს ექს-ან-პროვანსში. იგი იყო პროვანსის გრაფ რამონ ბერენგარ IV-ისა და მისი მეუღლის, ბეატრიჩე სავოიელის ქალიშვილი. მართალია მის მშობლებს ვაჟი არ ჰყოლიათ, თუმცა ელეანორის გარდა კიდევ სამი ქალიშვილი ჰყავდათ, რომელთა სარფიანი ქორწინებებითაც მთელს ევროპაში გახდნენ ცნობილი. თავიანთი უფროსი ასული, მარგარიტა პროვანსელი საფრანგეთის მეფე ლუი IX-ს შერთეს ცოლად, სანჩია პროვანსელი გერმანიის მეფე რიხარდ I-ზე დააქორწინეს, ხოლო ბეატრის პროვანსელი სიცილიის მეფე კარლო I-ს მიათხოვეს. ამგვარ პირობებში, ბიძამისის, გულიელმო სავოიელის ხელშეწყობით დაიწყო ელეანორის საქორწინო მოლაპარაკებებიც. იგი თავიდანვე განიხილებოდა ინგლისის მეფე ჰენრი III-ის საცოლედ, რასაც ეთანხმებოდა ჰენრის და, იზაბელა ინგლისელიც, რომელიც საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ II-ის მეუღლე იყო.
მსგავსად დედის, ბებიისა და დებისა, ელეანორიც სილამაზით იყო დაჯილდოვებული. იგი ხასიათდებოდა ქათქათა კანით, მრგვალი ფორმებით, მეტად შავი თმითა და ლამაზი თვალებით. 1235 წლის 22 ივნისს ელეანორი ჰენრი III-ზე დაინიშნა. ამის შემდეგ, მომავალი დედოფალი ინგლისისაკენ დაიძრა, რათა მეფეზე დაქორწინებულიყო.
დედოფლობა
რედაქტირებაპირველი წლები
რედაქტირება1236 წლის 14 იანვარს ელეანორ პროვანსელი და მეფე ჰენრი III დაქორწინდნენ. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ საქორწინო ცერემონიამდე მათ ერთმანეთის ნახვის ნება არ დართეს. მათი პომპეზური ქორწილი კენტერბერის კათედრალში შედგა, ცერემონიას კი კენტერბერის ეპისკოპოსი ედმუნდ რიჩი უძღვებოდა. პატარძალი ოქროსფერ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც წელსა და ფეხებზე მეტად ვიწროდ ჰქონდა შემოკრული. ქორწინების დღეს, მეფე და მისი ახალი დედოფალი ლონდონში დიდი ზეიმით შევიდნენ და სასახლემდე ფეხით გაისეირნეს. 20 იანვარს, ელეანორი უესტმინსტერის სააბატოში ოფიციალურად ეკურთხა ინგლისის დედოფლად. მის კორონაციას მოჰყვა დიდი ბანკეტი, რომელსაც ინგლისის ნაღები საზოგადოება დაესწრო. აღსანიშნავია, რომ მეფე-დედოფალს ქორწინებისთანავე შეუყვარდათ ერთმანეთი, რაც ყოველწლიურად სულ უფრო ძლიერდებოდა.
არაპოპულარობა
რედაქტირებაელეანორი ჰენრის ერთგული და მოსიყვარულე მეუღლე იყო, რაც მას უამრავ პრივილეგიასა და დიდ გავლენას ანიჭებდა. სწორედ ამიტომ, ახალმა დედოფალმა ინგლისში ჩაიყვანა და საკმაოდ მაღალ პოზიციაზე დანიშნა თავისი ბიძა და ბიძაშვილები, უფრო სწორად, როგორც მათ ინგლისელები უწოდებდნენ „სავოიელები“. სავოიელთა გავლენა იმდენად დიდი იყო მეფეზე, რომ ადგილობრივ ბარონებს შესძულდათ მათი მფარველი დედოფალი. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ სავოიელებმა მრავალი ინგლისელი დიდებული ჩაანაცვლეს პოსტზე.
მიუხედავად იმისა, რომ ელეანორი და ჰენრი დროდადრო სხვადასხვა შეხედულებებს ავლენდნენ ხოლმე, მეფის არ ყოფნისას, 1253 წელს დედოფალი ქვეყანას მართავდა რეგენტის სტატუსით. ამ პერიოდში ჰენრი გასკონიაში იმყოფებოდა მდგომარეობის გამწვავების გამო.
1263 წლის 13 ივლისს, დედოფალი თავის მხევლებთან ერთად მდინარე ტემზაზე ნავით სეირნობდა, როდესაც მათ ლონდონის მოქალაქეები თავს დაესხნენ. ელეანორის ბრძანებით, უმკაცრესად დასაჯეს თავდასხმაში მონაწილეები, რამაც ინგლისელების მისდამი სიძულვილი მხოლოდ გაზარდა. მათზე შურისძიების მიზნით, დედოფლის მოთხოვნით ლონდონელებს გადასახადები გაეზარდათ, ხოლო ის, ვინც უარს იტყოდა მის გადახდაზე ჯარიმის სახით გადასახადის ათი პროცენტი დაერიცხებოდა. ამის გამო, მისი ლონდონში გამოსვლისას, ხალხმა დედოფალს არაერთხელ დაუშინა ტალახი, კვერცხი და დამპალი ბოსტნეული. სწორედ ამის გამო, დედოფალს თავისი დაცვის გარეშე ქალაქში გადაადგილება აეკრძალა.
დედა-დედოფალი
რედაქტირება1272 წელს ჰენრი III გარდაიცვალა და ტახტზე მათი 33 წლის ვაჟი, ედუარდ I ავიდა. ელეანორი ინგლისში დარჩა და დარჩენილი ცხოვრება თავისი შვილიშვილების აღზრდას შეალია. 1274 წელს, მისი მეთვალყურეობის ქვეშ გარდაიცვალა მისი შვილიშვილი ჰენრი, რამაც საშინლად იმოქმედა ელეანორზე. მან ბრძანა, რომ მცირეწლოვანი ჰენრის გული მის მერ დაარსებულ გილფორდის სააბატოში დაეკრძალათ. 1275 წელს, დედოფალმა ელეანორმა თავის რძალთან, დედოფალ ლეონორ კასტილიელთან ერთად მთელი ინგლისიდან გააძევა ებრაელები. ამ მასობრივ ეთნიკურ წმენდას ათასობით ებრაელის სიცოცხლე შეეწირა, დანარჩენებმა კი თავი უცხო ქვეყნებს შეაფარეს, სადაც ასევე სასტიკად იდევნებოდნენ. 1275 წელი მეტად ტრაგიკული აღმოჩნდა ელეანორისათვის, რადგანაც ამ წლის 26 თებერვალს გარდაიცვალა მისი უფროსი ქალიშვილი მარგარეტი, ხოლო 24 მარტს ბეატრისიც.
ამის შემდეგ დედოფალი ელეანორა პენსიაზე გავიდა და მონასტერში გადავიდა საცხოვრებლად. მიუხედავად ამისა, იგი თავის ვაჟ ედუარდთან ურთიერთობას არ წყვეტდა. პარალელურად, მთელი ცხოვრების განმავლობაში ელეანორს მიმოწერა ჰქონდა თავის საყვარელ დასთან, საფრანგეთის დედოფალ მარგარიტა პროვანსელთან, რომელიც ყოველთვის მის საუკეთესო მეგობრად ითვლებოდა.
დედოფალი ელეანორი გარდაიცვალა 1291 წლის 26 ივნისს, 68 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს ამესბურის სააბატოში, ლონდონიდან ექვს მილში, რადგან თავად ლონდონში, უესტმინსტერში, ქმრის გვერდით დაკრძალვა ვერ მოხერხდა, რადგან ლონდონელები მისი ცხედრის მდინარეში გადაგდებით დაიმუქრნენ. რამდენიმე წლის შემდეგ, მოახერხეს მისი გულის ლონდონში გადატანა და იქ ჩუმად დაკრძალვა.
შვილები
რედაქტირებაელეანორასა და ჰენრი III-ს სულ ცხრა საერთო შვილი ჰყავდათ:
- ედუარდ I (1239-1307), ინგლისის მეფე, პირველად იქორწინა ლეონორ კასტილიელზე, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე ედუარდ II, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ცოლად მარგარიტა ფრანგი შეირთო;
- მარგარეტი (1240-1275), ცოლად გაჰყვა შოტლანდიის მეფე ალექსანდრე III-ს, რომელთანაც შეეძინა ნორვეგიის დედოფალი მარგარეტ შოტლანდიელი;
- ბეატრისი (1242-1275), ცოლად გაჰყვა ბრეტანის ჰერცოგ ჟან II-ს, რომელთანაც შეეძინა მომავალი ჰერცოგი არტურ II;
- ედმუნდი (1245-1296), ლანკასტერისა და ლეიცესტერის ერლი, პირველად იქორწინა ეველინ დე ფორცზე, რომლის ნაადრევად დაღუპვის შემდეგაც ცოლად ბლანშ არტუელი შეირთო, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;
- რიჩარდი (1247-1256), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ჯონი (1250-1256), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- უილიამი (1251-1256), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- კათრინი (1253-1257), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ჰენრი (1256-1257), გარდაიცვალა ჩვილი;
ლიტერატურა
რედაქტირება- Costain, Thomas B. (1959). The Magnificent Century. Garden City, New York: Doubleday and Company.
- Cox, Eugene L. (1974). The Eagles of Savoy. Princeton: Princeton University Press. ISBN 0691052166.
- Howell, Margaret (1997). Eleanor of Provence: Queenship in Thirteenth-century England.
- Howell, Margaret (2004), "Eleanor (Eleanor of Provence) (c.1223–1291), queen of England", Oxford Dictionary of National Biography, Oxford: Oxford University Press, retrieved 14 December 2010
- Sadler, John (2008). The Second Barons' War: Simon de Montfort and the Battles of Lewes and Evesham. Casemate Publishers. ISBN 978-1-84415-831-7.