იზაბელა ინგლისელი

იზაბელა ინგლისელი (ინგლ. Isabella of England, გერმ. Isabella von England, იტალ. Isabella d'Inghilterra; დ. 1214 — გ. 1 დეკემბერი, 1241) — პლანტაგენეტთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლოსა და დედოფალ იზაბელა ანჟულიმელის ქალიშვილი. საღვთო რომის იმპერატრიცა, სიცილიისა და გერმანიის დედოფალი 1235-1241 წლებში როგორც ფრიდრიხ II შტაუფენის მესამე მეუღლე.

იზაბელა ინგლისელი
საღვთო რომის იმპერატრიცა
მმართ. დასაწყისი: 15 ივლისი, 1235
მმართ. დასასრული: 1 დეკემბერი, 1241
წინამორბედი: იზაბელა II იერუსალიმელი
მემკვიდრე: მარგარიტა II ენოელი
სიცილიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 15 ივლისი, 1235
მმართ. დასასრული: 1 დეკემბერი, 1241
წინამორბედი: იზაბელა II იერუსალიმელი
მემკვიდრე: ელიზაბეთ ბავარიელი
გერმანიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 15 ივლისი, 1235
მმართ. დასასრული: მაისი, 1237
წინამორბედი: მარგარეტ ავსტრიელი
მემკვიდრე: ელიზაბეთ ბავარიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1214
დაბ. ადგილი: გლოცესტერი, ინგლისი
გარდ. თარიღი: 1 დეკემბერი, 1241, (26-27 წლის)
გარდ. ადგილი: ფოჯა, იტალია
დაკრძ. ადგილი: ანდრია, იტალია
მეუღლე: ფრიდრიხ II, საღვთო რომის იმპერატორი
შვილები: მარგარეტი
დინასტია: პლანტაგენეტები
მამა: ჯონი, ინგლისის მეფე
დედა: იზაბელა ანჟულიმელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

იზაბელა დაიბადა 1214 წელს გლოცესტერში. იგი იყო ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლოსა და მისი მეუღლის, დედოფალ იზაბელა ანჟულიმელის უმცროსი ქალიშვილი. მისი გაჩენიდან ორ წელიწადში მამამისი გარდაიცვალა და ტახტზე მისი ძმა, ჰენრი III ავიდა.

რიეტში მეგობრული შეხვედრისას, პაპმა გრიგოლ IX-მ საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ II-ს შესთავაზა, რომ სილამაზითა და გონიერებით ცნობილ ინგლისის მეფე ჰენრი III-ის დაზე, იზაბელაზე დაქორწინებულიყო. ფრიდრიხის მეორე ცოლი, დედოფალი იზაბელა იერუსალიმელი 1228 წელს გარდაიცვალა და იმპერატორი ახალ საცოლეს ეძებდა. თავიდან ფრიდრიხი ფრანგ ქალზე ქორწინებას გეგმავდა ალიანსის შესანარჩუნებლად, მაგრამ შემდეგ იფიქრა, რომ მისი ინგლისური ქორწინებით შესაძლო იქნებოდა ანგლო-ფრანგული ფეოდალური დაპირისპირების აღმოფხვრა და დასავლურ საქრისტიანოში მშვიდობის ჩამოგდება, რაც ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობის შანსს შექმნიდა, ამიტომაც იგი პაპის წინადადებას დათანხმდა. 1235 წლის თებერვალში, ლონდონში შედგა იზაბელასა და ფრიდრიხის ნიშნობა.

მისი ძმა, მეფე ჰენრი იზაბელასათვის მზითვში ტრადიციულად ორი ვერცხლით სავსე სკივრის გატანებას აპირებდა, მაგრამ ფრიდრიხის დაჟინებული მოთხოვნით იზაბელას მზითვში 30,000 ოქროს მონეტა გაატანეს. ფრიდრიხმა ეს თანხა ახალი ომების წამოსაწყებად გამოიყენა, რათა თავისი კონტროლი გაემყარებინა ჩრდილოეთ იტალიაზე.

ამ დროისათვის იზაბელა ლამაზი, 21 წლის ქალი იყო, ფრიდრიხი კი 40 წლის, ორჯერ დაქვრივებული მამაკაცი გახლდათ. კიოლნში ყოფნისას მან ადგილობრივი ქალბატონები აღაფრთოვანა, როდესაც მან თავსაბურავი ისე გაიკეთა, რომ მისი სახის დანახვა შესაძლებელი ყოფილიყო.

იზაბელასა და ფრიდრიხის ქორწინება 1235 წლის 15, ან 20 ივლისს შედგა ვორმსში. ქორწინების შედეგად იგი საღვთო რომის იმპერატრიცა, გერმანიისა და სიცილიის დედოფალი გახდა. საქორწინო საჩუქრის სახით, ფრიდრიხმა მას რომში მდებარე სანტ'ანჯელოს ციხესიმაგრე აჩუქა.

ქორწინებისთანავე იზაბელა იმპერატორის უზარმაზარი „ჰარემის“ ნაწილად იქცა, რომელშიც არაბი ქალებიც კი შედიოდნენ. ზემოთ ხსენებულ ჰარემს შავკანიანი საჭურისები იცავდნენ, რითაც ფრიდრიხის სამეფო კარი მუსულმანისას უფრო წააგავდა, ვიდრე ღრმადმორწმუნე კათოლიკე მონარქისას, როგორც ამას თავად ამბობდა. ეს წმინდა წყლის პოლიტიკური ქორწინება იყო, რომელშიც იზაბელა ბედნიერი არ ყოფილა. მას სამეფო კარზე მხოლოდ ორი ინგლისელი ქალის ყოლის უფლება დართეს, ერთი იყო მისი მედდა მარგარეტ ბისეტი, ხოლო მეორე მისი სეფექალი ქეთრინი.

იზაბელა ძირითადად მარტო ცხოვრობდა ნოვენტა-პადოვანაში, სადაც ფრიდრიხი მას რეგულარულად სტუმრობდა. როდესაც მისი ძმა, კორნუოლის ჰერცოგი რიჩარდი ჯვაროსნული ლაშქრობიდან უკან ბრუნდებოდა იზაბელას ესტუმრა, თუმცა იზაბელას არ ჰქონდა ოფიციალურ ვიზიტებზე დასწრების უფლება. მოგვიანებით იგი ქმართან ერთად გადასახლდა ფოჯას საიმპერატორო კარზე, სადაც იგი 1241 წლის 1 დეკემბერს მეოთხე მშობიარობას გადაჰყვა. იგი დაკრძალეს ანდრიაში, ფრიდრიხის მეორე ცოლის, დედოფალ იზაბელა იერუსალიმელის გვერდით. ამის შემდეგ ფრიდრიხმა მეოთხედ და უკანასკნელად იქორწინა თავის საყვარელ ბიანკა ლანჩიაზე.

  1. იორდანუსი (1236), გარდაიცვალა ჩვილი. მას სახელი დაარქვეს მდინარე იორდანეს პატივსაცემად, რომლიდან აღებული წყლითაც მონათლეს იგი;
  2. აგნესა (1237), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. ჰაინრიხი (1238-1254), სიცილიის გუბერნატორი და იერუსალიმის მეფობის კანდიდატი, იგი დანიშნული იყო პაპ ინოკენტი IV-ის დისწულებზე, მაგრამ არცერთზე არ უქორწინია;
  4. მარგარეტი (1241-1270), ცოლად გაჰყვა მაიზენის მარკგრაფ ალბრეხტ II „დეგენერატს“, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Alio, Jacqueline (2018). Queens of Sicily 1061-1266. New York: Trinacria. ISBN 9781943639144.
  • Goldstone, Nancy (2007). Four Queens: The Provençal Sisters who ruled Europe. New York: Viking Penguin. ISBN 9780670038435.
  • Tuchman, Barbara W. (1978), A Distant Mirror: the Calamitous 14th Century., Alfred A. Knopf, New York, 1984. ISBN 0-394-40026-7.
  • Weir, Alison (2002). Britain's Royal Family: A Complete Genealogy. The Bodley Head London, U.K. ISBN 0-7126-4286-2. pages 70 & 71