მარგარიტა II ენოელი
მარგარიტა II ენოელი (ფრანგ. Marguerite II de Hainaut, გერმ. Margarethe II von Henegau; დ. 1311 — გ. 23 ივნისი, 1356) — ავესნისების დინასტიის წარმომადგენელი. ენოს, ფრიზიის, ზელანდიისა და ჰოლანდიის გრაფინია 1345-1356 წლებში როგორც გიიომ I-ის ასული. ინგლისის დედოფალ ფილიპა ენოელის უმცროსი და. გერმანიის დედოფალი და საღვთო რომის იმპერატრიცა როგორც ლუდვიგ IV ბავარიელის მეუღლე და მისი ათი შვილის დედა.
მარგარიტა II ენოელი | |
---|---|
საღვთო რომის იმპერატრიცა | |
მმართ. დასაწყისი: | 17 იანვარი, 1328 |
მმართ. დასასრული: | 11 ოქტომბერი, 1347 |
წინამორბედი: | იზაბელა ინგლისელი |
მემკვიდრე: | ანა შვაიდნიცელი |
გერმანიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 26 თებერვალი, 1324 |
მმართ. დასასრული: | 11 ოქტომბერი, 1347 |
წინამორბედი: | ისაბელ არაგონელი |
მემკვიდრე: | ბლანშ დე ვალუა |
ჰოლანდიის, ზელანდიისა და ენოს გრაფინია | |
მმართ. დასაწყისი: | 1345 |
მმართ. დასასრული: | 1356 |
წინამორბედი: | ვილჰელმ ცუდი |
მემკვიდრე: | ვილჰელმ შეშლილი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1311 |
გარდ. თარიღი: | 23 ივნისი, 1356, (47-48 წლის) |
მეუღლე: | ლუდვიგ IV, საღვთო რომის იმპერატორი |
შვილები: | ათი შვილი |
დინასტია: | ავესნისები |
მამა: | გიიომ I, ენოს გრაფი |
დედა: | ჟანა დე ვალუა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ადრეული წლები
რედაქტირებამარგარიტა დაიბადა 1311 წელს. იგი იყო ენოს, ფრიზიის, ზელანდიისა და ჰოლანდიის გრაფ გიიომ I-ისა და მისი ცოლის, ჟანა დე ვალუას ქალიშვილი. დედამისი იყო საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ის შვილიშვილი და მეფე ფილიპ VI-ის უმცროსი და. მისი მრავალი და-ძმიდან აღსანიშნავია ინგლისის დედოფალი ფილიპა ენოელი და ენოს გრაფი გიიომ II.
დედის წარმომავლობის გამო, მარგარიტამ მთელი ბავშვობა საფრანგეთის სამეფო კარზე გაატარა, თუმცა პერიოდულად ენოშიც ჩადიოდა ხოლმე.
1320 წლიდან მარგარიტა განიხილებოდა ინგლისის მეფე ედუარდ III-ის საცოლედ, თუმცა იგი საბოლოოდ 1324 წლის 26 თებერვალს, კიოლნში დააქორწინეს გერმანიის მეფე ლუდვიგ IV ბავარიელზე, ედუარდი კი მარგარიტას დაზე, ფილიპა ენოელზე დაქორწინდა. 1328 წლის 17 იანვარს მარგარიტა რომში ეკურთხა გერმანიის დედოფლად და საღვთო რომის იმპერატრიცად.
ქვემო მიწების მმართველობა
რედაქტირება1345 წელს მისი ძმის, გიიომ II-ის უძეოდ გარდაცვალების შემდეგ, მარგარიტა გახდა ჰოლანდიის, ფრიზიის, ზელანდიისა და ენოს გრაფინია. ყოველივე ეს მისი ქმრის, ლუდვიგ IV-ის დამსახურებაც იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ ზემოთ ხსენებული საგრაფოები მისი მეუღლის მემკვიდრეობა იყო. თავისმხრივ, ლუდვიგმა მარგარიტას მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ ეშინოდა მისი გარდაცვალების შემდეგ ეს საგრაფოები მის მტრებს არ ჩავარდნოდათ ხელში. მას განსაკუთრებით მოძლიერებული ლუქსემბურგელების ეშინოდა, რომელთაც თვალი ეჭირათ არა მხოლოდ ნიდერლანდურ საგრაფოებზე, არამედ გერმანიის ტახტზეც.
ამის გამო მარგარიტამ დატოვა გერმანია და ენოში ჩავიდა, სადაც 26 მარტს ოფიციალურად გამოცხადდა გრაფინიად. ამის შემდეგ იგი ჰოლანდიასა და ზელანდშიც ჩავიდა. თუკი ენოში მემკვიდრეობის მისაღებად მარგარიტას მისი სქესი ხელს არაფერს უშლიდა, ჰოლანდიასა და ზელანდიაში ასე არ იყო. აქ ხალხისა და დიდებულების უმეტესობა არ ემხრობოდა ქალის მმართველობას, რის გამოც მისი პოზიციების დაცვა გართულდა. თავისი პოზიციების გასამყარებლად და საკუთარი დების პრეტენზიების ჩასახშობად, მარგარიტამ ჰოლანდიისა და ზელანდიის არაერთ ქალაქს მიანიჭა გარკვეული ეკონომიკური პრივილეგიები.
1346 წლის 7 სექტემბერს, ფრანკფურტში გამოცემული პერგამენტიდან ირკვევა, რომ საღვთო რომის იმპერატორი ლუდვიგ IV ბავარიელი თავის მეუღლეს, მარგარიტა II-ს აბსოლუტურ თავისუფლებას ანიჭებდა საკუთარი საგრაფოების მმართველობაში და არასოდეს უცდია ავესნისების დინასტიის საკუთრების შევიწროვება. მართალია მისმა დამ, ინგლისის დედოფალმა ფილიპა ენოელმა თავისი მემკვიდრული პრეტენზიები ტახტზე თავიდანვე უარყო, მაგრამ ბრძოლას მისი დანარჩენი დები: აგნესა, იოჰანა და იზაბელა მაინც განაგრძობდნენ, მაგრამ უშედეგოდ.
ტახტზე ასვლის შემდეგი შვიდი თვის მანძილზე მარგარიტა ენოში დარჩა და თავისი საგრაფოების მართვას შეუდგა, მაგრამ შემდეგ გერმანიაში გაიწვიეს, რის გამოც თავისი სამფლობელოების დატოვება მოუწია. ამის გამო, მარგარიტამ საგრაფოთა მმართველად მისი არ ყოფნის პერიოდში თავისი ვაჟი, ვილჰელმი დანიშნა.
1347 წლის 11 ოქტომბერს ლუდვიგ IV გარდაიცვალა, რის შემდეგაც, დაქვრივებული მარგარიტა ტახტიდან გადადგა თავისი ვაჟის სასარგებლოდ და ყოველთვიური პენსიის სანაცვლოდ. 1349 წელს მისმა ვაჟებმა მისი ქონება გადაინაწილეს.
ჰუკისა და კოდის ომები
რედაქტირებაგადადგომიდან მალევე, მარგარიტასა და მის ვაჟს, ვილჰელმს შორის უთანხმოება ჩამოვარდა. დედა-შვილს შორის უთანხმოების მიზეზი ის გახდა, რომ ვილჰელმმა უარი თქვა გადადგომის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის მარგარიტასთვის გადაცემაზე. ამის საპასუხოდ მარგარიტამ თავისი ტახტის დაბრუნება მოისურვა და 1350 წელს ამ მიზნით იგი ენოში ჩავიდა. აქ 1350 წლის 23 ივნისს, ვილჰელმის მხარდამჭერებმა კოდის ლიგა ჩამოაყალიბეს, რასაც 5 სექტემბერს მარგარიტას მხარდამჭერი ჰუკის ლიგის შექმნა მოჰყვა. ამ ფრაქციებს შორის ბრძოლა მალე შეიარაღებულ დაპირისპირებასა და სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ეს სამოქალაქო ომი ისტორიაში ცნობილია როგორც ჰუკისა და კოდის ომები.
აღსანიშნავია, რომ მარგარიტას ჰოლანდიის ტახტისთვის ბრძოლა არც დაუწყია, რადგან ჰოლანდიელები მხოლოდ მამაკაც მმართველს აღიარებდნენ. ამის გამო, დედასა და ვაჟს შორის სამოქალაქო ომი მხოლოდ ენოს ტახტისათვის მიმდინარეობდა.
1351 წელს ვილჰელმის ჯარებმა გადაწვეს მარგარიტას რამდენიმე ციხესიმაგრე და მიწასთან გაასწორეს მისი ჯარები. სწორედ ამ დროს, ენოში მარგარიტასთან ჩავიდა მისი დის, დედოფალ ფილიპა ენოელისა და ინგლისის მეფე ედუარდ III-ის დამხმარე ჯარები. რამდენიმე კვირაში ვილჰელმმა დაამარცხა ჰუკის ლიგისა და ინგლისელთა გაერთიანებული ჯარები, რამაც მარგარიტა სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა. მარცხის შემდეგ ედუარდ III-მ მალევე შეიცვალა მხარე. 1354 წელს, მარგარიტა იძულებული გახდა თავისი ვაჟი საბოლოოდ ეცნო ჰოლანდიისა და ზელანდიის გრაფად, თუმცა ენოს საგრაფო სიცოცხლის ბოლომდე რჩებოდა მარგარიტას მფლობელობაში.
1354 წელს დასრულდა სამოქალაქო ომი, რის შემდეგაც მარგარიტამ მხოლოდ ორი წელიღა იცხოვრა ენოში. იგი გარდაიცვალა 1356 წლის 23 ივნისს ტუბერკულოზით, ლე-კისნოის სასახლეში, რის შემდეგაც ენოს საგრაფო ვილჰელმს დარჩა. იგი დაკრძალეს ვალენსიენესის სააბატოში, ენოში.
შვილები
რედაქტირება- მარგარიტა (1325-1374), პირველად იქორწინა უნგრეთის მეფე კარლ რობერტის ვაჟზე, სლავონიის ჰერცოგ იშტვანზე, რომელთანაც შეეძინა შვილები, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ცოლად გერლახ ფონ ჰოენლოჰს გაჰყვა, თუმცა მასთან შვილები არ ჰყოლია;
- ანა (1326-1361), ცოლად გაჰყვა ქვემო ბავარიის ჰერცოგ იოჰან I-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- ლუდვიგ VI (1328-1365), ზემო ბავარიის ჰერცოგი და ბრანდენბურგის კურფიურსტი, ცოლად შეირთო ინგებორგ მეკლენბურგ-შვერინელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
- ელიზაბეთი (1329-1402), პირველად იქორწინა ვერონას მთავარ კანგრანდე II დე ლა სკალაზე. მისი უშვილოდ დაღუპვის შემდეგ ცოლად ვიურტემბერგის გრაფ ულრიხს გაჰყვა, მაგრამ შვილები არც მასთან ჰყოლია;
- ვილჰელმ V (1330-1389), ბავარიის ჰერცოგი, ასევე ენოს, ჰოლანდიის, ზელანდიისა და ფრიზიის გრაფი, ცოლად შეირთო მატილდა ლანკასტერი, რომელთანაც ერთი ქალიშვილი გაუჩნდა, თუმცა მას ასევე ჰყავდა ორი უკანონო შვილი;
- აგნესა (1335-1352), აღიკვეცა მონაზვნად;
- ალბრეხტ I (1336-1404), ქვემო ბავარიის ჰერცოგი, ასევე ენოს, ჰოლანდიის, ზელანდიისა და ფრიზიის გრაფი, პირველად იქორწინა მარგარიტა ფონ ბრიეგზე, მისი დაღუპვის შემდეგ ცოლად მარგარეტ კლეველი შეირთო, რომლის გარდაცვალების შემდეგაც იქორწინა ალეიდა ვან პოელგესტზე. სამივე ცოლთან სულ შვიდი შვილი გაუჩნდა, მათ შორის იყვნენ ბოჰემიის დედოფალი იოჰანა, ბურგუნდიის ჰერცოგინია მარგარეტი და ავსტრიის ერცჰერცოგინია იოჰანა სოფია, ასევე მომავალი ჰერცოგი ვილჰელმ VI;
- ოტო V (1340-1379), ზემო ბავარიის ჰერცოგი და ბრანდენბურგის კურფიურსტი, ცოლად შეირთო კატარინა ბოჰემიელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
- ბეატრიქსი (1344-1359), ცოლად გაჰყვა შვედეთის მეფე ერიკ XII-ს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
- ლუდვიგი (1347-1348), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;