ვიოლანტე არაგონელი
ვიოლანტე არაგონელი (ესპ. Violante de Aragón; დ. 8 ივნისი, 1236, სარაგოსა, არაგონის სამეფო — გ. 1301, რონკესვალესი, ნავარის სამეფო) — ბარსელონას დინასტიის წარმომადგენელი. არაგონის მეფე ხაიმე I-ისა და დედოფალ იოლანდა უნგრელის ასული. კასტილიისა და ლეონის დედოფალი 1252-1284 წლებში როგორც ალფონსო X-ის ცოლი. მეფე სანჩო IV-ის დედა.
ვიოლანტე არაგონელი | |
---|---|
კასტილიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 30 მაისი, 1252 |
მმართ. დასასრული: | 4 აპრილი, 1284 |
წინამორბედი: | ჟანა დე დამარტინი |
მემკვიდრე: | მარია დე მოლინა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 8 ივნისი, 1236 |
დაბ. ადგილი: | სარაგოსა, არაგონის სამეფო |
გარდ. თარიღი: | 1301, (64-65 წლის) |
გარდ. ადგილი: | რონკესვალესი, ნავარის სამეფო |
მეუღლე: |
ალფონსო X, კასტილიის მეფე (ქ. 1249 - გარდ. 1284) |
შვილები: | სანჩო IV, კასტილიის მეფე |
დინასტია: | ბარსელონელები |
მამა: | ხაიმე I, არაგონის მეფე |
დედა: | იოლანდა უნგრელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებავიოლანტე დაიბადა 1236 წლის 8 ივნისს სარაგოსაში. იგი იყო არაგონის მეფე ხაიმე I დამპყრობლისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ იოლანდა უნგრელის ქალიშვილი. დედის მხრიდან მისი პაპა-ბებია უნგრეთის მეფე ანდრაშ II და დედოფალი იოლანდა დე კურტენე იყვნენ.
1249 წლის იანვარში, ქალაქ ბურხოსში იგი ცოლად შერთეს კასტილიის მეფე ფერნანდო III-ისა და განსვენებული დედოფლის, ბეატრის შვაბიელის უფროს ვაჟს, პრინც ალფონსოს. ცნობილია, რომ გათხოვებამდე მას რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა გულიენ დე გუსმანთან, რის შედეგადაც ვიოლანტემ მას უკანონო გოგონაც გაუჩინა, სახელად ბეატრისი.
მისი ასაკის გამო, ახალგაზრდა ვიოლანტე ქორწინებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ ფეხმძიმდებოდა. ამის გამო ალფონსომ იფიქრა, რომ მისი ცოლი უნაყოფო იყო და რომის პაპს განქორწინების თხოვნით მიმართა. ამასობაში, 1252 წელს იგი ტახტზე ავიდა ალფონსო X-ის სახელით და ვიოლანტეც დედოფალი გახდა. ვინაიდან განქორწინება მეტად ხანგრძლივი პროცესი იყო, ამ დროში დედოფალი დაორსულდა და 1253 წელს პირველი ბავშვიც გააჩინა, რასაც კიდევ ათი მოჰყვა, აქედან ხუთი ვაჟი იყო.
ლეგენდის თანახმად, უნაყოფობით გატანჯულ დედოფალ ვიოლანტეს ექიმმა დასვენება და განტვირთვა ურჩია. ამის გამო ქმარმა იგი ალიკანტეში წაიყვანა, საიდან დაბრუნების დროსაც გზად დაუღამდათ და ერთ-ერთ ფერმაში მოუხდათ ღამის გათევა, სადაც დაორსულდა დედოფალი. ამის გამო მეფემ ამ ადგილს პლა-დე-ბონ-რეპოსი (ითარგმნება, როგორც „კარგი ძილის ველი“) უწოდა. დღეისათვის ეს ისტორიული ტერიტორია ქალაქ ალიკანტეს გარეუბანს წარმოადგენს.
1275 წელს ვიოლანტეს უფროსი ძე, ტახტის მემკვიდრე ფერდინანდ დე ლა სერდა გარდაიცვალა, თუმცა ცოლისაგან ვაჟები, ანუ კანონიერი მემკვიდრეები დარჩა. ალფონსო X-მ მის ძეებს მემკვიდრეობა ჩამოართვა და თავის მემკვიდრედ საკუთარი მეორე ვაჟი, სანჩო გამოაცხადა, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. საპასუხოდ ფერდინანდ დე ლა სერდას ქვრივი, ბლანკა თავის ძმასთან, საფრანგეთის მეფე ფილიპ III-სთან ჩავიდა პარიზში და თავისი შვილების უფლებების დასაცავად ომის წამოწყება მოსთხოვა. ფილიპმა დისწულების მემკვიდრეობის დაცვა განიზრახა და კასტილიას ომი გამოუცხადა, რაშიც ფრანგებს არაგონელებიც მიემხრნენ, რამეთუ ფილიპის ცოლი, დედოფალი იზაბელა, არაგონის მეფის ასული იყო და ისინი მოკავშირეები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ომში თავად დედოფალი ვიოლანტეც თავის შვილიშვილ ალფონსო დე ლა სერდას უჭერდა მხარს, მაგრამ ალფონსო X-მ ომში გაიმარჯვა და მემკვიდრეობა სანჩოს ერგო, რომელიც ამ ამბავმა დედისადმი მტრულად განაწყო.
1276 წელს დედოფალმა ვიოლანტემ ვალიადოლიდში სან-პაბლოს მონასტერი დააარსა წმინდა პავლეს უნგრული ორდენის პატივსაცემად. ეს იყო იმ უნგრული პოლიტიკისა და გავლენის მხოლოდ პატარა გამოხატულება, რომელსაც იგი კასტილიაში დედის გავლენით ატარებდა.
1284 წელს ალფონსო X გარდაიცვალა და ტახტი სანჩო IV-მ დაიკავა. ვიოლანტემ გადამტერებულ ძესთან შერიგება ვერ მოახერხა, ამიტომაც იძულებული გახდა კასტილიის სამეფო კარი დაეტოვებინა და არაგონში დაბრუნებულიყო. 1300 წელს იგი რომში ჩავიდა სიწმინდეების მოსალოცად და პაპთან შეხვედრისათვის. იგი 1301 წელს რონკესვალესში, ნავარაში, უკანა გზაზე გარდაიცვალა, 64-65 წლის ასაკში.
შვილები
რედაქტირება- ბერენგარია (1253-1284), დანიშნული იყო საფრანგეთის მეფე ლუი IX-ის უფროს ვაჟზე, თუმცა სასიძოს დაღუპვის შემდეგ იგი აღარ გათხოვილა;
- ბეატრისი (1254-1280), ცოლად გაჰყვა მონფერატის მარკიზ გულიელმო VII-ს, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი, მათ შორის მომავალი მარკიზი და აგრეთვე, ბიზანტიის დედოფალი იოლანდა (შემდეგში ირინე) მონფერატელი;
- ფერდინანდი (1255-1275), ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე ლუი IX-ის ასული ბლანკა, რომელთანაც შეეძინა ვაჟები, რომელთაც დააარსეს დე ლა სერდათა არისტოკრატიული საგვარეულო;
- ლეონორა (1257-1275), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
- სანჩო IV (1258-1295), კასტილიისა და ლეონის მეფე, ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი მარია დე მოლინა, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი, მათ შორის მომავალი მეფე ფერდინანდ IV და პორტუგალიის დედოფალი ბეატრისი, აგრეთვე ჰყავდა სამი უკანონო შვილი;
- კონსტანსია (1258-1280), აღიკვეცა მონაზვნად;
- პედრო (1260-1283), ლედესმას სენიორი, ცოლად შეირთო მარგარიტა დე ლარა, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი;
- ხუანი (1262-1319), ვალენსიის სენიორი, პირველად იქორწინა მარგერიტა მონფერატელზე, რომელთანაც გაუჩნდა ერთი ვაჟი, დაქვრივების გამო კი ცოლად შეირთო მარია დიას დე არო, რომელმაც კიდევ სამი შვილი გაუჩინა;
- ისაბელი, გარდაიცვალა ჩვილი;
- ვიოლანტე (1265-1296), ცოლად გაჰყვა ბისკაის სენიორ გიეგო ლოპეს დე აროს, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;
- ხაიმე (1266-1284), კამეროსის სენიორი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
ლიტერატურა
რედაქტირება- Elena Woodacre, Queenship in the Mediterranean: Negotiating the Role of the Queen in the Medieval and Early Modern Eras, (Palgrave Macmillan, 2013), 52.
- Reassessing the Roles of Women as 'Makers' of Medieval Art and Architecture, ed. Theresa Martin, (Brill, 2012), 1089.