მარია დე მოლინა
მარია დე მოლინა (ესპ. María de Molina; დ. 1265 — გ. 1 ივლისი, 1321, ვალიადოლიდი) — ივრეის დინასტიის კასტილიური შტოს წარმომადგენელი. კასტილიის მეფე ალფონსო IX-ის შვილიშვილი. კასტილიის დედოფალი 1284-1295 წლებში როგორც სანჩო IV-ის მეუღლე. იგი ორჯერ იყო კასტილიის რეგენტი: ჯერ თავისი ვაჟის, ფერდინანდ IV-ის, 1295-1301 წლებში, ხოლო შემდეგ თავისი შვილიშვილის, მეფე ალფონსო XI-ისა, 1312-1321 წლებში.
მარია დე მოლინა | |
---|---|
კასტილიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 4 აპრილი, 1284 |
მმართ. დასასრული: | 25 აპრილი, 1295 |
წინამორბედი: | ვიოლანტე არაგონელი |
მემკვიდრე: | კონსტანცა პორტუგალიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1265 |
გარდ. თარიღი: | 1 ივლისი, 1321 |
მეუღლე: | სანჩო IV, კასტილიის მეფე |
შვილები: |
ისაბელი, არაგონის დედოფალი ფერდინანდ IV, კასტილიის მეფე ბეატრისი, პორტუგალიის დედოფალი |
დინასტია: | ივრეა |
მამა: | ალფონსო, მოლინას სენიორი |
დედა: | ალფონსინა დე მენესესი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბავშვობა
რედაქტირებამარია დაიბადა 1265 წელს კასტილიაში. იგი იყო მოლინასა და მესას სენიორ ალფონსო კასტილიელისა და მისი ცოლის, ალფონსინა დე მენესესის ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ მამამისი იყო თავად ლეონის მეფე ალფონსო IX-ისა და კასტილიის დედოფალ ბერენგარიას უმცროსი ვაჟი. მისი მშობლები მეტად ამბიციურები იყვნენ, ამიტომაც ისინი მარიას თავიდანვე ამზადებდნენ დედოფლობისათვის.
1282 წელს იგი ცოლად შერთეს მისსავე ბიძაშვილ სანჩოს, მეფე ალფონსო X-ისა და დედოფალ ვიოლანტე არაგონელის უფროს ვაჟს.
დედოფლობა
რედაქტირება1284 წლის 4 აპრილს, ალფონსო X-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტს სანჩო IV იკავებს, რითაც მარია გახდა კასტილიისა და ლეონის ახალი დედოფალი. იგი პირნათლად ასრულებდა თავის, როგორც დედოფლის ყველა მოვალეობას და ყოველთვის თან ახლდა მეფეს ოფიციალური ვიზიტებისას.
მიუხედავად შეხმატკბილებული ცოლ-ქმრობისა, ისინი ღვიძლი ბიძაშვილები იყვნენ, რის გამოც რომის პაპმა რამდენჯერმე სცადა მათი განქორწინება. მათი ქორწინების ანულირებას ემხობოდა უამრავი კასტილიელი და ევროპელი დიდებული თუ მონარქი, რომელთაც სურდათ, რომ თავიანთი ქალიშვილები დაესვათ სადედოფლო ტახტზე. მიუხედავად მათი დიდი მცდელობისა, სანჩო და მარია არ განქორწინებულან.
რეგენტობა
რედაქტირება1295 წლის 25 აპრილს სანჩო IV გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი მათმა ათი წლის ვაჟმა, ფერდინანდ IV-მ დაიკავა, რომლის რეგენტიც დედოფალი მარია გახდა. ქალის ერთპიროვნულ რეგენტობას ბევრი შეხვდა მტრულად, რის გამოც სანჩოს ბიძა, ენრიკე სენატორი მარიასგან თანა-რეგენტობის გადაცემას მოითხოვდა. თანდათანობით რეგენტობის სხვა მრავალი მსურველი გამოჩნდა, როგორებიც იყვნენ: პორტუგალიის მეფე დინიში, არაგონის მეფე ხაიმე II, ინფანტი ხუანი და ინფანტი ფერნანდო დე ლა სერდა.
თავისი სუსტი მმართველობის გამყარებას დედოფალი მარია ყველანაირად ცდილობდა დინასტიური ქორწინებებით. ამ მიზნით მან თავისი ერთი ქალიშვილი პორტუგალიაში გაათხოვა, ხოლო მეორე — არაგონში. ამით გარკვეულწილად მოგვარდა არსებული პოლიტიკური კრიზისი, მაგრამ კასტილიელი კორტესები, აროსა და ლარას ძლევამოსილი ოჯახები და სხვა მრავალი დიდებული, მაინც ახერხებდა სამეფო ძალაუფლების შემცირებას. სულ მალე ეს ყველაფერი კასტილიის სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რომელიც რამდენიმე წელს გაიწელა.
1300 წელს დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან შეიკრიბნენ, რისი მიზეზიც სამეფო არმიის მიერ ხუან დე ლარას დატყვევება იყო. პორტუგალიამ დედოფალ მარიას თანადგომა აღუთქვა და ამ კავშირის კიდევ უფრო განსამტკიცებლად მეფე ფერდინანდი პრინცესა კონსტანცა პორტუგალიელზე დააქორწინეს. მარიას ტრიუმფალური გამარჯვება 1301 წელს გამოცემულმა პაპის ბულამ დაადასტურა, რომელმაც იგი ერთპიროვნულ რეგენტად სცნო და ასევე აღიარა ფერდინანდისა და კონსტანცას ქორწინება. ეს დიდ ხანს არ გაგრძელდა, რამეთუ იმავე წელს ფერდინანდი სრულწლოვანი გახდა და დამოუკიდებლად დაიწყო მართვა. სულ მალე შერიგდა სამეფო ოჯახი სერდას ოჯახს, რაც ინფანტი ფილიპესა და მარგარიტა დე ლა სერდას ქორწინებაში გამოიხატა.
1312 წელს მარიას ვაჟი, მეფე ფერდინანდი გარდაიცვალა და ტახტი მისმა მცირეწლოვანმა ვაჟმა, ალფონსო XI-მ დაიკავა. ამ ამბიდან სულ რამდენიმე თვეში დაიღუპა მარიას რძალი, დედოფალი კონსტანცაც, რის გამოც იგი მეორედ გახდა კასტილიის მეფის რეგენტი. მისი მეორე რეგენტობა მშვიდობიანი და ნაყოფიერი აღმოჩნდა, რის გამოც ეს სტატუსი მან სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. იგი გარდაიცვალა ვალიადოლიდში, 1321 წლის 1 ივლისს.
შვილები
რედაქტირება- ისაბელი (1283-1328), ცოლად გაჰყვა არაგონის მეფე ხაიმე II-ს, რომელსაც მალევე გაეყარა და დაქორწინდა ბრეტანის ჰერცოგ ჟან III-ზე;
- ფერდინანდ IV (1285-1312), კასტილიის მეფე 1295-1312 წლებში. ცოლად შეირთო კონსტანცა პორტუგალიელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე ალფონსო XI;
- ალფონსო (1286-1291), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ენრიკე (1288-1299), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- პედრო (1290-1319), კამეროს სენიორი. ცოლად შეირთო ხაიმე II-ის ქალიშვილი მარია არაგონელი, რომელთანაც შეეძინა ერთი გოგონა;
- ფილიპე (1292-1327), კაბრერასა და რიბერას სენიორი. ცოლად შეირთო მარგარიტა დე ლა სერდა, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
- ბეატრისი (1293-1359), ცოლად გაჰყვა პორტუგალიის მეფე აფონსუ IV-ს, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი, მათ შორის მომავალი მეფე პედრუ I და კასტილიის დედოფალი მარია პორტუგალიელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Carmona Ruiz, María (2005). María de Molina. Barcelona: Random House Mondadori.
- Rosell, Cayetano (1875). Crónicas de los reyes de Castilla: Desde don Alfonso el Sabio, hasta los católicos don Fernando y doña Isabel. Madrid: Cárlos Bailly-Baillier.
- De Loaysa, Jofré (1982). Crónica de los reyes de Castilla: Fernando III, Alfonso X, y Fernando IV (1248-1305). Murcia: Edición de la Academia Alfonso X el Sabio.
- del Valle Curieses, Rafael (2000). María de Molina: El soberano ejercicio de la concordia. Madrid: Aldebarán Ediciones.