ბატაგაიკის კრატერი

ბატაგაიკის კრატერი (რუს. Батагайский кратер) — თერმოკარსტული დეპრესია ჩერსკის მთაგრეხილზე, სახაში, რუსეთში. სიგრძე 1 კმ, სიგანე 800 მ, სიღრმე 100 მ-მდე.[1]

ბატაგაიკის კრატერი
სატელიტური გამოსახულება
სატელიტური გამოსახულება
კოორდინატები: 67°34′48″ ჩ. გ. 134°46′17″ ა. გ. / 67.58000° ჩ. გ. 134.77139° ა. გ. / 67.58000; 134.77139
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიგრძე კმ
სიგანე 0,8 კმ
ბატაგაიკის კრატერი — რუსეთი
ბატაგაიკის კრატერი

ბატაგაიკის კრატერი გაწოლილია დაბა ბატაგაიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კმ-ში, ესე-ხაიიადან 5 კმ-ში, ხოლო ქალაქ იაკუტსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 660 კმ-ში. სახელი ეწოდა სიახლოვეს მდებარე ამავე სახელწოდების მდინარის მიხედვით. დეპრესია გაჩნდა 1960-იან წლებში, მას შემდეგ, რაც დაბა ბატაგაიდან სამხრეთ-დასავლეთით 8 კმ-ში გაჩეხეს ტაიგის მონაკვეთი, რის შედეგადაც ჩაწვა ნიადაგი, რითაც გაშიშვლდა მრავალწლოვანი მზრალი ფენა.[1]

შემდეგ წლებში, მუდმივად მზარდი ტემპერატურის გამო, ყინულით გაჯერებულმა ქანებმა ლღობა დაიწყეს და ბატაგაიკის კრატერმა გააგრძელა გაფართოება. გაზაფხულის წყალმოვარდნები აჩქარებენ ეროზიას. კრატერი იზრდება დაახლოებით 15 მ-ით წელიწადში. არქეოლოგებმა კრატერის გვერდებში აღმოაჩინეს მყინვარული პერიოდის ნამარხი ნაშთები. კიდეები მეტად არამდგრადია, რის გამოც დეპრესიაში რეგულარულად წარმოიქმნება მეწყერი, ხოლო მრავალწლოვანი მზრალობა მუდმივად ლღვება, რაც აგრეთვე უწყობს ხელს ზომების გაფართოებას.[1]

მსგავსი ტიპის წარმონაქმნები ცნობილია კანადასა და გრენლანდიაში, თუმცა ციმბირის კრატერი მათზე 2-3-ჯერ უფრო ღრმაა, რის გამოც გეოკრიოლოგებისა და პალეონტოლოგების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ღრმულის ფერდობებზე ადვილად შეინიშნება სხვადასხვა გეოლოგიური ეპოქის ფენები. 2009 წელს აქ აღმოაჩინეს კარგად შენახული კვიცის ჩონჩხი (ასაკი 4400 წ.) და ბიზონის ნაშიერის ნარჩენები. მოპოვებულია აგრეთვე მამონტებისა და ირმების ძვლები.[2]

2011 წლიდან აქ კვლევას აწარმოებენ ჩრდილოეთის გამოყენებითი ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები. 2016 წლის მაისში მეცნიერთა ადგილობრივ ჯგუფს შეუერთდა სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი, გეოკრიოლოგი ჯულიან მერტონი. მსგავსი წარმონაქმნების მიზეზად, იამალზე დასახელებულია გლობალური დათბობა. პროფესორი მერტონი არ გამორიცხავს, რომ მომავალში ბატაგაიკის მიდამოებში შესაძლოა ახალი ღრმულებიც წარმოიქმნას. ადგილობრივ მოსახლეობაში ღრმული ცნობილია როგორც „ჯოჯოხეთის კარიბჭე“.[3]