ბარბარა კრიუდენერი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბარონესა ბარბარა კრიუდენერი (გერმ. Beate Barbara Juliane von Krüdener, დ. 1764, ფიტინგოფი, რიგა — გ. 1824, კარასუბაზარი — ბელოგორსკი) — ფრანგულენოვანი მწერალი, სალიტერატურო სალონის მფლობელი და პოლიტიკოსი, მისტიკური ქრისტიანობის მქადაგებელი. მას წლების განმავლობაში უზარმაზარი გავლენა ჰქონდა იმპერატორ ალექსანდრე I-ზე.

ბარბარა კრიუდენერი
დაბადების თარიღი 22 ნოემბერი, 1764(1764-11-22)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი რიგა[1]
გარდაცვალების თარიღი 25 დეკემბერი, 1824(1824-12-25)[2] [5] (60 წლის) ან 13 დეკემბერი, 1824(1824-12-13)[1] (60 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბელოგორსკი, Feodosia Uyezd, Taurida Governorate, რუსეთის იმპერია[6]
საქმიანობა მწერალი[7] , სალიტერატურო სალონის მფლობელი და პოლიტიკოსი
ენა ფრანგული ენა და გერმანული ენა
მეუღლე Burckhard von Krüdener
შვილ(ებ)ი Juliette von Krüdener და Pavel Kridener

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბარბარა დაიბადა 1764 წელს (სხვადასხვა წყაროების მიხედვით — 11, 21 ან 22 ნოემბერს), რიგაში, ცნობილი თავისუფალი მასონისა და განმანათლებლის ი.ფ. ფიტინგოფის ოჯახში. ბარონესას დედის ბაბუა იყო ფელდმარშალი მინიჩი. ბარბარა კრიუდენერმა მიიღო საერო განათლება.

1782 წელს იგი დაქორწინდა რუსეთის ელჩზე, ბარონ ა.კ კრიუდენერზე (1744-1802), რომელიც მასზე ოცი წლით უფროსი იყო. წყვილი მალევე დაშორდა ერთმანეთს და მან ურთიერთობა გააბა ფრანგ გრაფ ფრეგევილთან. მოგვიანებით, იგი ხან ურიგდებოდა ქმარს, ხან ისევ შორდებოდა, მოგზაურობდა რა ევროპაში. პარიზში ის სტუმრობდა მადამ დე სტალის სალონს. ქალიშვილ ჯულიასთან ერთად დაესწრო საღამოს, სადაც შატობრიანმა წაიკითხა ნაწყვეტები მისი ახალი ნაწარმოებიდან „ქრისტიანობის გენიოსი“. 1800 წელს, ფრანგი საზოგადო მოღვაწის, ჰერცოგ ფრანსუა VI-ის "მაქსიმების" მიბაძვით, მან დაიწყო მოკლე გამონათქვამების იმპროვიზაცია, რომლებიც გამოქვეყნდა Mercure de France-ში და მოგვიანებით კი დაიბეჭდა სათაურით: „Pensées d'une Dame Etrangère“. შემდეგ მან დაწერა „ელიზა“, „ალექსი“, "La Cabane des Lataniers" (პასტორალები ბერნარდინ დე სენ-პიერის სტილში). 1803 წელს გამოსცა რომანი „Valérie“, რომელიც დაფუძნებული იყო კრიუდენერის პირად თავგადასავალზე, თუმცა ძლიერ შეცვლილი და სენტიმენტალური სულისკვეთებით.

რომანის ბრწყინვალე წარმატება კრიუდენერმა დიდწილად თავად შექმნა: ფულს უხდიდა პოეტებს, რომლებიც მის პატივსაცემად წერდნენ ლექსებს, უკვეთავდნენ ქუდებს, ყვავილებს, ლენტებს а’la Valérie და ა.შ. თუმცა, არა მხოლოდ მოსყიდული კრიტიკოსები, არამედ ისეთი ცნობილი ადამიანებიც კი, როგორებიც იყვნენ შატობრიანი და მადამ სტალი, მის რომანს დადებითად ეხმიანებოდნენ. ამის შემდეგ მოხდა კრიუდენერის "გარდაქმნა". მას ადრეც მიუმართავს უფლისთვის, მხოლოდ ეგოისტური თვალსაზრისით, სთხოვდა მოეგვარებინა მისი პირადი და ქმრის სამსახურებრივი საქმეები. უკვე თავის რომანში „Valérie“ ის ცდილობდა მკითხველის დამოძღვრას. 1804 წელს, ლივონიაში მოგზაურობის შემდეგ, ის საბოლოოდ დაადგა ახალ გზას. ამას ხელი შეუწყო ასაკმა, სოფლის მოწყენილობამ, დაღლილობამ და ეფექტის მოხდენის წყურვილმა. მის თვალწინ ახლობლის სიკვდილმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა კრიუდენერზე და ის რელიგიური ამაღლების გზას დაადგა. რიგაში ჩეხური საძმოს და კარლსრუეში იუნგ-სტილინგის გაცნობამ, დაარწმუნა თავისი არჩეული გზის სისწორეში. ის ასევე ხვდება ობერლინს, ბიბლიური საზოგადოების გულმოდგინე მიმდევარს და შარლატან — პასტორ ფონტეინს, რომელიც მარია კუმრინის წინასწარმეტყველებით სახდენდა საზოგადოების მანიპულირებას. ამ უკანასკნელმა კრიუდენერს მიუთითა მოციქულის როლზე, რომელიც ღმერთმა აირჩია ხალხის ჭეშმარიტ გზაზე მოსაქცევად. კრიუიდენერმა თავისი წინასწარმეტყველური მოღვაწეობა დაიწყო ბადენში, ასევე ქადაგებდა ბევრ სხვა ადგილას. მისი პოპულარობა უფრო და უფრო იზრდებოდა. მან იწინასწარმეტყველა 1816 წლის მოსალოდნელი დიდი მოვლენები და რევოლუციები. ეს წინასწარმეტყველებები იყო ბნელი, ბუნდოვანი, ადვილად ექვემდებარებოდა ყველა სახის ინტერპრეტაციას, მაგრამ მათ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინეს მსმენელზე. ზოგიერთმა მათგანმა თავისი ქონება გაყიდა და გაემგზავრა არარატის ძირში ახალი ადგილების მოსაძებნად, სადაც შესაძლებელი გახდებოდა დედამიწაზე ქრისტეს სამეფოს დამკვიდრება.

1815 წლის 4 ივნისს, ალექსანდრე I ბრუნდებოდა ვენიდან, კონგრესიდან დაღლილი, ნაპოლეონის ელბადან გაქცევით შეწუხებული და ჰაილბრონში გაჩერდა. მან გაიხსენა კრიუდენერის წინასწარმეტყველებები, რომლებიც მისთვის ცნობილი იყო, გრაფინია როქსანა ედლინგისგან და სწორედ იმ მომენტში მას აცნობეს ბარონესას ჩასვლის შესახებ. ამ ფაქტების დამთხვევამ იმპერატორზე ძლიერი გავლენა მოახდინა. სწორედ აქ შედგა ბარბარა კრიუდენერისა და ალექსანდრე I-ის შეხვედრა. ეს უკანასკნელი ალექსანდრემ I-მა პარიზში მიიწვია. ისინი ხშირად საუბრობდნენ, ბარბარას დიდი გავლენა ჰქონდა იმპერატორზე და ითვალისწინებდა მის რჩევებს. ვარაუდობენ, რომ „წმინდა ალიანსის“ იდეა არა მას, არამედ მთლიანად ალექსანდრე I ეკუთვნის.[8]

კრიუდენერის ფილანტროპულმა საქმიანობა 1816-1817 წლების შიმშილობის დროს, იგი უკიდურესად პოპულარული გახადა სამხრეთ გერმანიაში, მაგრამ მთავრობები მის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილნი და ერთი ოლქიდან მეორეში აძევებდნენ. მისი ქადაგება, სავსე რელიგიური მხატვრული ლიტერატურით, არსებითად შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ქრისტიანები უნდა გაერთიანდნენ ერთ ოჯახად იესო ქრისტეს სახელით. ჭეშმარიტი ეკლესია მხოლოდ III საუკუნემდე არსებობდა. ჩეხი ხალხის ნაციონალური გმირი,იან ჰუსი, ცდილობდა მის აღდგენას. ის ამბობდა: „პროტესტანტიზმი — არის „სატანის მზაკვრული საქმე“, რომელმაც ბრმა რწმენისა და დამცირების ნაცვლად ადამიანებს თავდაჯერებულობა და სიამაყე შემატა. ჩვენს დროში ჭეშმარიტი რწმენის დაკარგვამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია. აუცილებლად უნდა მოხდეს ბრძოლა მორწმუნეებსა და ურწმუნოებს შორის. ყველაფერი ამაზე მეტყველებს და ამას თანამედროვეები მაინც ნახავენ; საფრანგეთის რევოლუცია მისი პროლოგია“.

1818 წელს კრიუდენერი რუსეთში ჩამოვიდა და დიდხანს ცხოვრობდა ლივონიაში. ის მხოლოდ მის ნაცნობთა წრეში ქადაგებდა. როგორც კი მან დაარღვია ის, რაც ნებადართული იყო რუსული ცხოვრების წესებით, მას ამის შესახებ მსუბუქდ შეახსენეს. 1821 წელს კრიუდენერი პეტერბურგში ჩავიდა, ტროპარის ყრილობაზე მყოფი იმპერატორის ნებართვით. აქ დაუმეგობრდა პრინცესა ანა გოლიცინას და რუსი მისტიკოსების წრეს.

ბერძნების აჯანყების დროს კრიუდენერმა დაიწყო ომის ქადაგება ბერძნების განთავისუფლებისთვის. იმპერატორმა, რომელმაც დაკარგა ინტერესი კრიუდენერის მიმართ, მიწერა წერილი და დელიკატურად შეაჩერა მისი ქადაგება. განაწყენებული კრიუდენერი 1821 წლის ბოლოს დაბრუნდა ლივლანდის სამკვიდროში და დაიწყო ასკეტური ექსპერიმენტების ჩატარება, რამაც მნიშვნელოვნად შეარყია მისი ჯანმრთელობა. 1824 წლის გაზაფხულზე იგი პრინცესა გოლიცინასთან ერთად გაემგზავრა ყირიმში, კორეიზში, თავის მამულში, სადაც გარდაიცვალა იმავე წლის ბოლოს.

ბარონესა დაკრძალულია საგვარეულო საძვალეში, სადაც მანამ დაკრძალული იყო მისი ნათესავი, გენერალი A. O. Shits.[9][10] მისი ქალიშვილი, ბარონესა სოფია-ჯულია (ანა) დე ბერკეიმი (1782-1865) და ზოგიერთი მიმდევარი დარჩა ა. ს. გოლიცინასთან ერთად ყირიმში სიცოცხლის ბოლომდე.

  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #119160145 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. SNAC — 2010.
  4. Collective Biographies of Women
  5. 5.0 5.1 Czech National Authority Database
  6. Babelio — 2007.
  7. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  8. Barbara Juliane, baroness von Krudener | biography — Russian mystic | Encyclopedia Britannica. ციტირების თარიღი: 2011-06-24
  9. Крым — Край Русский: Незабытые воины забытой войны. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-23. ციტირების თარიღი: 2013-09-21
  10. Незабытые воины забытой войны. ციტირების თარიღი: 2013-09-21