ბარბარა კარტლენდი

ინგლისელი მწერალი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მერი ბარბარა ჰამილტონ კარტლენდი (ინგლ. Mary Barbara Hamilton Cartland; დ. 9 ივლისი, 1901 — გ. 21 მაისი, 2000) — ინგლისელი რომანისტი, მსოფლიოს მასშტაბით XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გაყიდვადი და წარმატებული მწერალი, რომელიც ძირითადად სასიყვარულო ჟანრში მოღვაწეობდა. მის კალამს 723 წიგნი, მათ შორის 657 რომანი ეკუთვნის, რომლებიც მსოფლიოს 38 ენაზეა თარგმნილი. კარტლენდი გინესის რეკორდების წიგნშია შეყვანილი, როგორც ერთ წელიწადში გამოცემული ყველაზე მეტი რომანის ავტორი.

ბარბარა კარტლენდი
ინგლ. Mary Barbara Hamilton Cartland McCorquodale
დაბადების თარიღი 9 ივლისი, 1901
დაბადების ადგილი ეჯბასტონი, ბირმინგემი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 21 მაისი, 2000 (98 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჰერტფორდშირი, ინგლისი
დასაფლავებულია ჰერტფორდშირი
ფსევდონიმი ბარბარა კარტლენდი
ბარბარა მაკკორქოდელი
მარკუს ბელფრი
საქმიანობა რომანისტი
ენა ინგლისური ენა
ეროვნება ბრიტანელი
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი Malvern St James[1] და The Alice Ottley School
პერიოდი 1925–2000
ჟანრი სასიყვარულო რომანი
Magnum opus Le choix de l'amour
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ქალბატონი-კომანდორი[2]
მეუღლე ალექსანდრ მაკკორქოდელი[3] [2] და ჰიუ მაკკორქოდელი[3] [2]
შვილ(ებ)ი რეინ სპენსერი[2] [3] , იენ ჰამილტონ მაკკორქოდელი[4] [3] და გლენ მაკკორქოდელი[4] [3]
გავლენა მოახდინეს
საიტი barbaracartland.com

კარტლენდის ნაწარმოებებში მოქმედება ძირითათად XIX საუკუნის ვიქტორიანულ ეპოქაში ხდება. მწერლის ყველა რომანი დასურათებულია, მათი ილუსტრაციების უმრავლესობა ფრენსის მარშალს ეკუთვნის.[5] სასიყვარულო რომანების გარდა ბარბარა კარტლენდის შემოქმედება პიესებს, ლექსებს, საგაზეთო სტატიებსა და ოპერეტებს მოიცავს. მწერალი საქველმოქმედო საქმიანობითაცაა ცნობილი, იგი გამოჩენილი ფილანტროპი იყო.

ოფიციალური ცნობების თანახმად, კარტლენდის ნამუშევრების 750 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული, ხოლო სხვა წყაროების ცნობით, მწერლის წიგნების გაყიდვების რაოდენობა ორ მილიარდს აღემატება.[6]

როგორც კარტლენდის აქციების მფლობელი, მწერალი ლონდონური საზოგადოების ერთ-ერთი გამოჩენილი ფიგურა გახდა. მისი ექსტრავაგანტული გარეგნობის დამახასიათებელ დეტალებს ვარდისფერი შიფონის კაბა, ბუმბულიანი ქუდი, ქერა პარიკი და მკვეთრი მაკიაჟი შეადგენდა. კარტლენდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მედია პერსონა იყო.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ბარბარა კარტლენდი 1901 წელს ბირმინგემში, ეჯბასტონის რაიონში, დაიბადა. მისი მშობლები ბრიტანეთის არმიის მაიორი, ჯეიმზ ბერტრამ ფოლკნერ კარტლენდი[7] და მერი ჰემილტონ სკობელი იყვნენ. ბარბარა მათთვის უფროსი შვილი და ერთადერთი ქალიშვილი იყო. მწერალს ორი ძმა ჰყავდა: ჯეიმზ ენტონი და ჯონ რონალდი. ეს უკანასკნელი პარლამენტის წევრი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში ბრიტანეთის არმიის მაიორი იყო .

ბარბარას მამა 1918 წელს, პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა, რის შემდეგაც მისი ოჯახი ლონდონში გადავიდა. ბარბარას ძმები 1940 წელს, მეორე მსოფლიო ომში დაიღუპნენ.

კარტლენდმა განათლება გოგონათა კერძო სასწავლებლებში მიიღო. მან პოპულარობა 1922 წლის შემდეგ, როგორც ჟურნალისტმა და პროზაიკოსმა მოიპოვა. როგორც თავად აღნიშნა, მისი შთაგონების წყარო ედუარდული პერიოდის რომანტიკული პროზის ჟანრში მოღვაწე მწერლის, ელინორ გლინის, ადრეული ნამუშევრები იყო.

ქორწინება და ურთიერთობები

რედაქტირება
 
ბარბარა კარტლენდი 1925 წელს

კარტლენდი დაცვის ოფიცერზე იყო დანიშნული, თუმცა მას შემდეგ, რაც სექსუალური ურთიერთობის შესახებ ცნობები პირველად მიიღო, ნიშნობა გააუქმა. ეს ფაქტი გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდის მის 1920-იანი წლების ნამუშევრებთან, რომლებშიც სექსუალური საკითხები გვხვდება, რაც ფართო განხილვის საგნად იყო. როგორც თავად კარტლენდმა აღნიშნა, მან 49 მამაკაცს უთხრა ცოლობაზე უარი,[8] სანამ 1927 წელს ალექსანდრ ჯორჯ მაკკორქოდელზე დაქორწინდებოდა, რომელიც შოტლანდიელი ბრიტანეთის არმიის ოფიცერი იყო. 1929 წელს მათ ქალიშვილი, რეინ მაკკორქოდელი, შეეძინათ. წყვილი 1933 წელს განქორწინდა. ჯორჯ მაკკორქოდელი 1964 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა.

1936 წელს ბარბარა კარტლენდი ყოფილი მეუღლის ბიძაშვილზე, ჰიუ მაკკორქოდელზე, დაქორწინდა. წყვილს ორი ვაჟი შეეძინა, იენი და გლენი. ჰიუ მაკკორქოდელი 1963 წელს გარდაიცვალა.

კარტლენდი ახლო მეგობრობას ინარჩუნებდა ლორდ ლუის მაუნტბეტენთან, რომლის სიკვდილიც მისთვის „ცხოვრების უდიდესი სევდა“ იყო. მაუნტბეტენი მწერალს ხელს უწყობდა საქველმოქმედო საქმიანობაში, აგრეთვე ეხმარებოდა შემოქმედებით საკითხებშიც.

კარტლენდის რომანების დიდი თაყვანისმცემელი იყო ახალგაზრდა დაიან სპენსერი, რომელსაც მწერალი თავისი წიგნების პირველ ეგზემპლარებს უგზავნიდა.[9] კარტლენდი დაიანას ქორწინებას არ დასწრებია,[10][11] მოგვიანებით კი ღიად აკრიტიკებდა მის განქორწინებას. მწერალმა აღნიშნა: „ერთადერთი წიგნები, რომელსაც დაიანა კითხულობდა, ჩემი რომანები იყო, რომლებმაც მასზე არცთუ კარგი ზეგავლენა მოახდინა.“[11]

გაზეთში Daily Epxress ერთი წლის მანძილზე მესვეტედ მუშაობის შემდეგ, კარტლენმა 1923 წელს თავისი პირველი სოციალური თრილერის ჟანრის რომანი „ჯიგსოუ“ გამოაქვეყნა, რომელიც ბესტსელერი გახდა. მან პიესების წერაც დაიწყო, რომელთა შორის ერთ-ერთი, „სისხლიანი ფული“ (1926), ლორდი ჩამბერლეინის კაბინეტმა აკრძალა.

1920-იან და 1930-იან წლებში კარტლენდი ლონდონის საზოგდოებაში სილამაზით, ენერგიული ქარიზმატულობითა და წვეულებების გამართვით გახდა ცნობილი. იგი მოდურ ჩაცმულობას დიდ ყურადღებას აქცევდა და დიზაინერი ნორმან ჰარტნელის ერთ-ერთი პირველი კლიენტი იყო.

1950 წელს კარტლენდი მწერალმა ჯორჯეტ ჰეიერმა პლაგიატიზმში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც მკითხველებმა კარტლენდის ადრეულ ისტორიულ რომანებში აღმოაჩინეს მსგავსება ჰეიერის რომანების პერსონაჟთა სახელებს, ხასიათებს, დიალოგებსა და სიუჟეტურ ხაზებს შორის. კერძოდ, კარტლენდის რომანში „A Hazard of Hearts“ (1949) ჰეიერის რომანების, „Friday's Child“ (1944) და „The Knave of Hearts“ (1950), პერსონაჟებს ვხვდებით. ჰეიერმა განაცხადა: „მთავარი პერსონაჟები და მოვლენათა უმრავლესობა აღებულია უშუალოდ ჩემი რომანიდან „These Old Shades“, რომელიც პირველად 1926 წელს გამოქვეყნდა, ხოლო სხვა პერსონაჟები და მოვლენები ჩემი ოთხი სხვადასხვა რომანიდანაა აღებული.“ ჰეიერმა კარტლენდის ადვოკატებს პლაგიატიზმის შესახებ დეტალური ანალიზი წარუდგინა, თუმცა ამ დავას სასამართლომდე არ მიუღწევია.[12]

1950-იან წლებში კარტლენდმა დაქორწინებული ცხოვრების სახელმძღვანელო დაწერა, რომელიც ირლანდიაში აიკრძალა.[13]

 
ბარბარა კარტლენდი ჟურნალისტ რენდი ბიგემთან ერთად 2000 წელს

1976 წელს კარტლენდმა 23 რომანი დაწერა, რითაც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.[14]

1990-იან წლებში, როცა კარტლენდის წიგნების მილიარდზე მეტი ეგზემპლარი იყო გაყიდული, ჟურნალმა ვოგი მას „რომანტიკის ჭეშმარიტი დედოფალი“ უწოდა. კარტლენდი ცნობილი სახე გახდა ბრიტანულ მედიაში, სადაც იგი განიხილავდა სიყვარულის, ქორწინების, პოლიტიკის, რელიგიის, ჯანმრთელობისა და მოდის საკითხებს. მისი გარეგნობის დამახასიათებელი დეტალები ვარდისფერი კაბა და ბუმბულიანი ქუდი იყო.

კარტლენდის კალამს არაერთი ცნობილი ადამიანის ბიოგრაფია ეკუთვნის, მათ შორის არიან შვედეთის დედოფალი კრისტინა, რუმინეთის მეფე კაროლ II, ინგლისისა და შოტლანდიის მეფე ჩარლზ II, ელისაბედ ბავარიელი, ჟოზეფინ ბოარნე და დიანა დე პუატიე.

საპატიო ჯილდოები

რედაქტირება

1991 წელს დედოფალმა ელისაბედ II-მ ბარბარა კარტლენდს 70-წლიანი ლიტერატურული, პოლიტიკური და სოციალური მოღვაწეობისთვის ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიანიჭა.[15]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 183.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Kindred Britain
  4. 4.0 4.1 Lundy D. R. The Peerage
  5. „Today's Inspiration - Francis Marshall“.
  6. „Final Curtain Calls“. CBS News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-13. ციტირების თარიღი: 2021-02-15.
  7. ჯეიმზ ბერტრამ ფოლკნერ კარტლენდი. Commonwealth War Graves Commission.
  8. Barbara Cartland — How I Want to Be Remembered.
  9. Gormley, Beatrice (2005). Diana, Princess of Wales: Young Royalty. 
  10. Sex, lies and cream teas: The colourful life of Barbara Cartland is.
  11. 11.0 11.1 Dame Barbara Cartland and The Royal Family.
  12. Kloester, Jennifer (2012). Georgette Heyer: Biography of a Bestseller. London: William Heinemann. ISBN 978-0-434-02071-3. pp. 275–79.
  13. Rescue from indecency for Cartland and Old Moore (1995).
  14. Barbara Cartland: One of the Most Prolific Writers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-04. ციტირების თარიღი: 2021-03-14.
  15. The London Gazette.