ბალადა

(გადამისამართდა გვერდიდან ბალადები)

ბალადა (ფრანგ. ballade, პროვანსული balada < გვიანდელი ლათ. ballo — ვცეკვავ) — პოეზიისა და მუსიკის ჟანრი. ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში სრულყოფილი სახით ბალადა XIX საუკუნემდე თითქმის არ გვხვდება. ქართული ხალხური ბალადა კი გაცილებით ადრე უნდა იყოს ჩამოყალიბებული. ამას ააშკარავებს სვანური, რაჭული, ხევსურული და საქართველოს ბარის ზოგიერთ კუთხეში შემონახული ბალადების ნიმუშთა რიტმული სტრუქტურა და გამომსახველობითი ხერხები. ბალადის ცნება ყველას ერთნაირად არ ესმის: ქართულ ფოლკლორისტიკაში ბოლო წლებში დამკვიდრებული შეხედულებით, ბალადა ლირიკულ-ეპიკური ფორმის სიუჟეტიანი ლექსია, რომელშიც გმირის ცხოვრების რაიმე არაჩვეულებრივი ეპიზოდია გადმოცემული. ბალადა შეიძლება შეიცავდეს დიალოგს („ია მთაზედა“), მონოლოგს („შემომეყარა ყივჩაღი“) ან ეპიკურ თხრობას („თავფარავნელი ჭაბუკი“). მისი სიუჟეტი ყოველთვის დრამატულია. გვხვდება საწესჩვეულებო, სამონადირეო, საგმირო, სატრფიალო და საყოფაცხოვრებო ბალადის ნიმუშები. მათგან ზოგი ძველი თქმულებებისა და გადმოცემებს ეფუძნება, ნაწილი კი ორიგინალური პოეტური გარდასახვის ნაყოფია. ლექსი უმთავრესად 16-მარცვლიანი შაირით არის გაწყობილი, გვხვდება ურითმო „ფისტიკაურის“ რამდენიმე ნიმუშიც. ხალხური ბალადის მოტივებისაგრძნობია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას და სხვების პოეზიაში.

ქართულ ხალხურ სასიმღერო შემოქმედებაში ბალადის ჟანრი უძველესი დროიდან გვხვდება საწესჩვეულებო, საგმირო, სატრფიალო და სხვა ხასიათის მძაფრსიუჟეტიანი სიმღერების სახით („ხოგაის მინდია“, „თავფარავნელი ჭაბუკი“, „ბეთქილი“, „დალი კლდეში მშობიარობს“, „ავთანდილ გადინადირა“). ხალხური ვოკალური ბალადის იშვიათი ნიმუშია „სიმღერა ვეფხისა და მოყმისა“.

ბალადის ჟანრი გვხვდება თანამედროვე ქართულ პროფესიულ მუსიკაშიც გმირულ-ეპიკური ხასიათის ვოკალური და საკრავიერი ნაწარმოებების სახით (ანდრია ბალანჩივაძე, ალექსი მაჭავარიანი, არჩილ ჩიმაკაძე).

ლიტერატურა

რედაქტირება