არჩილ ჩიმაკაძე
არჩილ ჩიმაკაძე (დ. 5 მარტი, 1919, ჭიათურა — გ. 3 სექტემბერი, 1991) — ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1973). საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის (1945 წლიდან) და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის (1953 წლიდან) წევრი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1946 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
1951–1961 წლებში თბილისის II სამუსიკო სასწავლებელში მუსიკის თეორიის საგნებს ასწავლიდა. 1960–1963 წლებში იყო თბილისის I სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი, 1963–1967 წლებში — ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი. 1968 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგია, 1978 წლიდან — საკომპოზიციო კათედრის დოცენტი, 1979 წლიდან კი — პროფესორი. 1972–1976 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს მუსიკალური გადაცემების სამხატვრო ხელმძღვანელი. დაწერილი აქვს: ოთხნაწილიანი კანტატა „ქართლის გული“ (1952, ტექსტი ა. აბულაძის, ამ ჟანრის საუკეთესო ნიმუში ქართულ მუსიკაში), ერთნაწილიანი კანტატები – „ფიცი მშვიდობას“ (1954), „ლენინს“ (1970), „დიდება შენ“ (1971); მუსიკალურ–დრამატული კომპოზიცია „ვეფხისტყაოსანი“ (1962–1966წწ), საგუნდო ნაწარმოებები, სიმღერები (მათ შორის პოპულარულია „ფიროსმანის სიმღერა“), რომანსები; სიმფონიური პოემა „დევლეთი“ (1946), ჰეროიკული მუსიკალური კომედია „მაია წყნეთელი“ (1980, ვ. კანდელაკის პიესის მიხედვით), მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის – შ. რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი („ყვარყვარე თუთაბერი“ - 1958, „ჰამლეტი“ - 1959, „ბახტრიონი“ - 1960, „ფიროსმანი“ - 1961,), კ. მარჯანიშვილი სახელობის დრამატული თეატრი ( „რაიკომის მდივანი“ - 1957, „მედეა“ - 1962, „ორი პოემა“ – „ალუდა ქეთელაური“ და „სტუმარ–მასპინძელი“, 1970, ვაჟა–ფშაველა). პოლიფონიის სახელმძღვანელოს ავტორი (1983).
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1958, 1966 — საპატიო ნიშნის ორდენი
- 1961 — საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1973 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი[1]