ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი — უნივერსიტეტი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ ბათუმში. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრი. აერთიანებს 9 ფაკულტეტს: განათლების, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ტექნოლოგიურ, ტურიზმის, ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებს. დღეისათვის, უნივერსიტეტში უმაღლესი პროფესიული, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე 6000-მდე სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტს აქვს ბიბლიოთეკა, გამომცემლობა და გაზეთი.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი | |
---|---|
დაფუძნდა | 1935 წელს |
ატარებს სახელს | შოთა რუსთაველი |
ტიპი | საჯარო |
რექტორი | მერაბ ხალვაში |
სტუდენტი | 5,500 |
მისამართი | ბათუმი, ნინოშვილის ქ. 35, 6010 |
ქალაქი | ბათუმი |
ქვეყანა | საქართველო |
ტელეფონი | +995(422) 27–17–80 |
კავშირები | ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[1] |
www.bsu.ge |
ისტორია
რედაქტირება1893 წელს ბათუმში ვაჟთა გიმნაზიის გახსნის საკითხი დაისვა. 1895 წლის 26-27 ივნისს ქალაქის თვითმმართველობამ ვაჟთა გიმნაზიის შენობისათვის ზღვის სანაპიროსთან გამოყო 2 623, 95 კვ. საჟენი მიწის ფართი. 1897 წლის ივლისში ვაჟთა გიმნაზიამ ფუნქციონირება დაიწყო. 1900 წლის 26 სექტემბერს შესაძლებელი გახდა ქალთა გიმნაზიის გახსნაც. მოგვიანებით, 1923 წლისათვის, ქალთა გიმნაზიის ყოფილ შენობაში (ამჟამად №2 საშუალო სკოლა) დაფუძნდა პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც შემდეგ პედაგოგიურ ტექნიკუმად გადაკეთდა.
ვაჟთა გიმნაზიის შენობაში 1935 წელს გაიხსნა ორწლიანი სამასწავლებლო ინსტიტუტი 4 ფაკულტეტით: ქართული ენისა და ლიტერატურის, ფიზიკა-მათემატიკის, ისტორიისა და საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის, რომლებსაც 1936 წელს დაემატა ფიზკულტურის, ხოლო 1938 წელს — რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტებიც. ინსტიტუტს შოთა რუსთაველის სახელი 1938 წელს მიენიჭა. 1945 წლის ივნისში ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტის ბაზაზე ჩამოყალიბდა პედაგოგიური ინსტიტუტი. 1974 წლისთვის ინსტიტუტში მოქმედებდა 7 ფაკულტეტი.
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1990 წლის 3 სექტემბრის №453 დადგენილებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე დაარსდა სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 სექტემბრის №176 დადგენილებით უნივერსიტეტს შეურთდა სსიპ ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ხოლო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ივლისის N 185 დადგენილების საფუძველზე ნიკო ბერძენიშვილისა და ფიტოპათოლოგიის სამეცნიერო ინსტიტუტები. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის N100 დადგენილების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეეცვალა სახელი და ეწოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
რექტორთა სია
რედაქტირებაბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთა სია 1935 წლიდან დღემდე.[2]
- ხუსეინ ნაკაიძე (1935-1937)
- ნური ნიჟარაძე (1938-1941)
- მიხეილ სტამბოლიშვილი (1941-1943)
- ვლადიმერ ქემხაძე (1943-1947)
- ვახტანგ პარკაძე (1947-1948)
- ნადიმ ნიჟარაძე (1949-1954)
- რევაზ კომახიძე (1954-1955)
- ვლადიმერ ქემხაძე (1955-1962)
- კარლო დოლიძე (1962-1969)
- ოთარ ბაკურაძე (1970-1978)
- დურსუნ ბალაძე (1978-1990)
- აზიზ ახვლედიანი (1991-1996)
- ნური ვერძაძე (1997-2004)
- ამირან კახიძე (2004-2005)
- ნუგზარ მგელაძე (2005-2006)
- ვლადიმერ ბალაძე (2006-2007)
- ალექსანდრე ლაშხი (2007-2008)
- ალიოშა ბაკურიძე (2008-2015)
- მერაბ ხალვაში (2015-დღემდე)
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 151.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ოფიციალური საიტი
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7488
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://web.archive.org/web/20221123144401/https://www.auf.org/les_membres/nos-membres/
- ↑ უნივერსიტეტის რექტორები. ციტირების თარიღი: 2024-09-11.