ამირან კახიძე
ამირან კახიძე (დ. 8 ივნისი, 1935, სოფ. ქვედა ჩხუტუნეთი, ახლანდ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი — გ. 11 ნოემბერი, 2023) — ქართველი არქეოლოგი, პედაგოგი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1981), ემერიტუსი. მისი სამეცნიერო კვლევის ობიექტს წარმოადგენს ფიჭვნარის ნაქალაქევი, სადაც 1963 წლიდან მოღვაწეობს. ფიჭვნარის მასალის შესწავლითა და გამოქვეყნებით იგი მსოფლიოში ცნობილ ანტიკოსად იქცა. ბოლო წლებში დაინტერესდა მეტალურგიით. აღსანიშნავია მის მიერ აღმოჩენილი ფერადი ლითონების მიღების უძველესი ტექნოლოგია, ჰიდრომეტალურგია, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის სიახლეა. [წყარო არ არის მითითებული 460 დღე]
ამირან კახიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 8 ივნისი, 1935 |
დაბ. ადგილი | ქვედა ჩხუტუნეთი, ახლანდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
გარდ. თარიღი | 11 ნოემბერი, 2023 (88 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
საქმიანობა | არქეოლოგი, მეცნიერი, ლექტორი |
მუშაობის ადგილი | ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი |
სამეცნიერო წოდება | ემერიტუსი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი, აბუსერისძე ტბელის სახელობის პრემია |
ბიოგრაფია
რედაქტირებაამირან კახიძე დაიბადა სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში, რომელიც ამჟამად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქ. ბათუმში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მიმართულებით. პარალელურად მუშაობდა სოფ. ჩხუტუნეთის საშუალო სკოლის მასწავლებლად. შემდგომ, 1961-64 წლებში, სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, ანტიკური ხანის არქეოლოგიის განოფილებაში, სადაც მას ხელმძღვანელობას უწევდა ქართული არქეოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, აკადემიკოსი ანდრია აფაქიძე. 1966-2006 წლებში დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, სადაც მრავალ არქეოლოგიურ ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა, როგორიცაა ლეღვა-ჯიხანჯური, ბათუმის ციხე, ხიხაძირი, თხილვანა, ვანაძეები, ჩაქვისწლის ხეობა, პეტრა-ციხისძირი, კვაშტა, გონიო-აფსაროსი, სხალთის ეკლესია და სხვა. 1994 წელს დაიკავა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის პოსტი; პარალელურად კითხულობს ლექციებს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სამეცნიერო მოღვაწეობა
რედაქტირება1998–2011 წლებში ამირან კახიძე ხელმძღვანელობდა საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივ საერთაშორისო ექსპედიციას. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწერა და გამოიცა მონოგრაფიები VII ნაწილად: „ფიჭვნარი I — კოლხები და ბერძნები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში“ (2004 წ. თანაავტ. მ. ვიკერსი), „ფიჭვნარი II — ანტიკური სამყარო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში“ (2007 წ. თანაავტ. მ. ვიკერსი), „ფიჭვნარი IV“ (2009 წ. თანაავტ. თ. შალიკაძე), „ფიჭვნარი III“ (2010 წ. თანაავტ. ნ. ვაშაკიძე), „ფიჭვნარი V“ (2014 წ. თანაავტ. ე. კახიძე), „ფიჭვნარი VI“ (2014 წ. თანაავტ. მ. ვიკერსი), „ფიჭვნარი VII“ (2015 წ.) პარალელურად, კერძოდ 1999 წლიდან გონიო-აფსაროსის მუდმივმომქმედ არექოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა.[1][2]
არაერთხელ იყო მიწვეული ოქსფორდის უნივერსიტეტში, ზაარბრიუკენში, საბერძნეთში, თურქეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და პოლონეთში, სადაც მონაწილებას იღებდა კონფერენციებსა და საერთაშორისო სიმპოზიუმებში.
ამირან კახიძის ინიციატივით 1994 წელს დაარსდა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი. 2007 წელს მუზეუმში დაემატა მუდმივმოქმედი გამოფენა.
ამჟამად, ამირან კახიძე აკადემიურ საქმიანობას ეწევა შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსტეტში, სადაც მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს უკითხავს ლექციებს არქეოლოგიის საფუძვლებისა და ანტიკური არექოლოგიის მიმართულებით. ამავე უნივერსტეტის გადაწყვეტილებით, 2010 წელს მიენიჭა ემერიტუსის წოდება არქეოლოგიაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის.
ჯილდოები
რედაქტირება- ღირსების ორდენი (1998)
- აბუსერისძე ტაბელის სახელობის პრემია
სამეცნიერო შრომები
რედაქტირება- აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთის ანტიკური ძეგლები : ბიჭვინთის ბერძნული სამაროვანი (ავტორი). - ბათუმი, საბჭ. აჭარა, 1975. - 99გვ
- ჭოროხის აუზი კოლხური კულტურის უძველესი კერა (თანაავტორი). - ბათუმი , აჭარა, 2000. - 128გვ. . - ISBN: 99928-44-47-7
- აჭარისწყლის ხეობის უძველესი არქეოლოგიური ძეგლები (თანაავტორი). - ბათუმი, აჭარის ჟურნ.-გაზეთ. გამ-ბა, 1993. - 86გვ
- Восточное Причерноморье в античную эпоху : Колхские могильники (ავტორი). - Батуми, Сабчота Аджара, 1981. - -76с.
- ფიჭვნარი = Pichvnari // ტ.1 საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები (1998-2002წწ.). - თბილისი, საგამომც.-პოლიგრ. ცენტრი "კოლხები", 2004. - 458გვ.
- ფიჭვნარი = Pichvnari (თანაავტორი) // ტ.2 ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობის შედეგები (1967-1987 წწ.). - თბილისი, საგამომც.-პოლიგრ. ცენტრი "კოლხები", 2004. - 408გვ.. - ISBN: 978-99940-0-218-4
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 602.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ფიჭვნარში არქეოლოგიური გათხრები დროს მოკირწყლული ეზოს ფრაგმენტები აღმოაჩინეს
- ↑ ფიჭვნარის არქეოლოგიური გათხრები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-05. ციტირების თარიღი: 2021-10-05.