ახრა-კაპშის ნამოსახლარი
ახრა-კაპშის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი სოხუმის მუნიციპალიტეტში.
შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთით აქვს, გამოკვეთილია კირქვიან მასივში და აქვს სწორი იატაკი. მღვიმის ფართობი ჩამონაღვენთებით არის დაფარული. 1968 წელს აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის დ. გულიას სახელობის ინსტიტუტის ექსპედიციამ დაიწყო მღვიმის გათხრები. მღვიმეში 4 ფენა დაფიქსირდა, აქედან ადრებრინჯაოს მასალებს მე-4 ფენა შეიცავდა. იგი პირდაპირ მდინარეულ ქვიშნარ გრუნტზე მდებარეობდა. გაჯერებული იყო ნაცრით, ნახშირით და კულტურული ნაშთებით. კაჟისა და ქვის იარაღები ნაკლებმეტყველია, დამზადებულია მსხვილ ანატკეცებზე, რომელთა ერთი გვერდი სამუშაოდაა დათხელებული (საჭრისები, საფხეკები). აღსანიშნავია ქვიშაქვის ნამზადი სატეხისებრი იარაღისათვის. ძეგლის თარიღის განმსაზღვრელად კერამიკა გვევლინება. იგი კარგად გამომწვარია, ხელით ნაძერწი დანაყილი კალციტის მინარევით თიხის ცომში. ფორმათა უმეტესობა ქილებია, ბრტელძირიანი სწორი ან ოდნავ გადაშლილი პირით. ჭურჭლის უმრავლესობას მარყუჟისებრი ყურები აქვს, რომელიც სპეციალური შვერილით მაგრდება ჭურჭლის კედელში. ზოგ მათგანზე ყურის ნაცვლად სხვადასხვა ფორმის შვერილებია დაძერწილი. იშვიათია დიდი ზომის მუცელგამობერილი ჭურჭელი მასიური ყურებით. ჭურჭლის ზედაპირი მოსწორებულია სავარცხლისებრი იარაღით, რომელიც ზედა პარალელურ ხაზებს ტოვებს, ზოგჯერ ეს ხაზები იმდენად ღრმაა, რომ ღარული ორნამენტის შთაბეჭდილებას ქმნის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24489