ახალი ხულგუმო
ახალი ხულგუმო[2] — სოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის დასავლეთ ნაპირას. დაარსებულია 1924 წელს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხულგუმოდან გადმოსული მოსახლეობის მიერ. სოფელი თავდაპირველად ტამბოვკის უბანი იყო, 2014 წლამდე კი დამოუკიდებელ სოფლის სახით შედიოდა ტამბოვკის თემში.
სოფელი | |
---|---|
ახალი ხულგუმო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
თემი | ტამბოვკა |
კოორდინატები | 41°29′00″ ჩ. გ. 43°48′59″ ა. გ. / 41.48333° ჩ. გ. 43.81639° ა. გ. |
დაარსდა | 1924 |
მოსახლეობა | 169[1] კაცი (2002) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ახალ ხულგუმოში მოქმედებს რუსულენოვანი საჯარო სკოლა, რომელსაც ის სოფელ ტამბოვკასთან იზიარებს. ამ უკანასკნელისაგან ახალ ხულგუმოს ყოფს მცირე ზომის მდინარე, რომელსაც ადგილობრივები ზოგჯერ „ჩაშკას“ უწოდებენ. ტამბოვკის მოსახლეობა ისტორიულად რუსული, დუხობორული იყო, თუმცა ХХ-საუკუნის ბოლოსთვის საქართველოდან დუხობორების უმეტესწილად რუსეთის დიდ ქალაქებში მასიური გადინების შედეგად ისინი დღეისათვის სოფელში აღარ ცხოვრობენ. ტამბოვკაში 1924 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან წამოსული იგივე მოსახლეობა ცხოვრობს. ეს მოსახლეობა ეთნიკურად სომეხი, აღმსარებლობით კი კათოლიკეა, კერძოდ კი სომხურ-კათოლიკური ეკლესიის მრევლი.
ახალი ხულგუმოს მოსახლეობა ჯავახეთის კათოლიკე სომეხთა გბო ჯგუფს განეკუთვნება, რომელშიაც მათ გარდა საკუთრივ ხულგუმოსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კიდევ ორი სოფლის, კარტიკამისა და ბავრას მოსახლეობა შედის. ეს ჯგუფი, რომლისთვისაც ტრადიციულად დამახასიათებელი იყო თურქული სალაპარაკო ენა, პავლე ინგოროყვას ცნობით არტაანის მაზრის სოფელი ველიდან არის 1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ გადმოსახლებული ჯავახეთში[3]. მისი აზრით, არტაანთან მდებარე სოფელი ველი თავის დროზე, ჯავახეთში გადმოსახლებამდე, ჯერ ენობრივად გათურქებულა, შემდეგ კი კათოლიკურ სარწმუნოებაზე გადასულა, რაც არც თუ ისე იშვიათი იყო გვიანფეოდალური ხანის ოსმალეთის ქრისტიანებისათვის.
2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 169 კაცი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2002 წლის აღწერის შედეგები
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.
- ↑ პავლე ინგოროყვა, საქართველოს ტერიტორიის საზღვრების შესახებ, კონსტანტინეპოლი, 1918, მარტო ერთი ნაწილი ქართველ კათოლიკეთა, ეგრეთ წოდებული "ველელი" კათოლიკე ქართველები, გადმოსახლებულნი არტაანის მხარიდან, — ლაპარაკობენ თურქულს. მათი რიცხვი აღწევს 5000-მდე; მოსახლეობენ ისინი სოფლებში: ხულგუმოს, კარტიკამს, ბავრას, ტურცხს და ნაწილად ვარევანს. (რაც შეეხება ქართულ დედა-ენაზე მოლაპარაკე ქართველ კათოლიკეებს — ესენი მოსახლეობენ: ქ. ახალციხეს, სოფლებში — უდეს, ვალეს, არალს, ბოლაჯურს, ბნელას, ხიზაბავრას და ვარგავს.