აღაიანის სამაროვანი და ნაქალაქარი
აღაიანის სამაროვანი და ნაქალაქარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის ჩრდილო-დასავლეთით, ე. წ. რიყიანების ველზე. თარიღდება გვიანდლი ელინისტური, გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანით. სამაროვანი პირველად 1975 წელს გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ნასტაკისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ა. ბოხოჩაძე). სამარხთა უმეტესი ნაწილი გაითხარა 1977-1978 წლებში. გამოვლენილია თიხის სარკოფაგი, ორმოსამარხები (19) და ქვევრსამარხი (2).
სამაროვანი
რედაქტირებათიხის სარკოფაგი აღმოჩნდა მიწის ზედაპირიდან 0,6 მეტრ სიღრმეზე. გამოვლენილი ინვენტარის მიხედვით, იგი თარიღდება ძვ. წ. I საუკუნის II ნახევრით. წაგრძელებული სწორკუთხა ფორმის (1,4x0,46 მეტრი) სარკოფაგი ზემოთკენ თანდათან ფართოვდება. კედლების სისქე 0,25 მეტრია. კუთხეები დანითაა ჩათლილი. სახურავი ბრტყელია, ოდნავ ამოზნექილი. დამზადებულია მსხვილმარცვლოვანი მოვარდისფროდ გამომწვარი თიხისაგან. მიცვალებული ესვენა მარჯვენა გვერდზე, ძლიერ ხელფეხმოხრილი. პირში ედო ოქროს მონეტა — ლიზიმაქეს სტატერის ტიპის მონეტის მინაბაძი. ხელში ეჭირა პართიის მეფის ოროდ II-ის ვერცხლის დრაქმა (ძვ. წ. 58-57; 38-37). გულზე ედო ვერცხლის თასი, მარჯვენა ხელის მაჯაზე ეკეთა ვერცხლის ბოლოებგადახვეული სამაჯური, რომლის მოძრავად დამაგრებულ თვალბუდეს მინის ინტალიო ამკობდა. ფეხებთან ედგა წითლად ანგობირებული თიხის ხელადა. სამარხში აღმოჩნდა კიდევ ოთხი ვერცხლის მონეტა: სინათრუკის დრაქმა (ძვ. წ. 77-70 წლები) და რომის რესპუბლიკის დენარები (ძვ. წ. 87, 60 და 29 წლები). ორმოსამარხები სამაროვანზე უმრავლესობას შეადგენს. აქ მოპოვებული დიდძალი მასალის მიხედვით, თარიღდება ძვ. წ. l საუკუნის შუა ხანითა და ახ. წ. l საუკუნის დასასრულით. ორმოსამარხებს წაგრძელებული ფორმა აქვთ, ყველა მიწაყრილიანია და დამხრობილია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ. მიცვალებულები დაკრძალულია მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, ძლიერ ხელფეხმოხრილი. აქ აღმოჩნდა მაღალმხატვრული ადგილობრივი კერამიკა: წითლად და შავად გამომწვარი, წითლად ანგობირებული, წითლად მოხატული ხელადები, ჯამები და კოჭობები, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები (სამაჯურები, ბეჭდები, საყურე რგოლები და საკიდები), ვერცხლის ჭურჭელი (თასები და კოვზები), ვერცხლისავე მოთვალული ღილები და სხვა; ბრინჯაოს ნაწარმი — ჭურჭელი (იტალიური სურა და ჩამჩა) და სამკაულები (ბეჭდები, საკიდები, ზარაკები აბზინდები და სხვა); მრავალფეროვანი რკინის ნაწარმი (სამფეხა შანდალი, რომაული ცალუღელა სასწორი, სხვადასხვა ფორმის დანები, წალდი და სხვა). შედარებით იშვიათი იყო მინის ჭურჭელი (ხუთიდან ოთხი სირიის სახელოსნოების პროდუქცია). გლიპტიკა წარმოდგენილი იყო მინისა და სარდიონის გემებით (ყველა ინტალიო). ჭარბობდა ღვთაებათა (ჰერმესი, ათენა, ისიდა და სერაპისი) გამოსახულებები. შედარებით იშვიათი იყო ადამიანის, ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებები. სამაროვანზე გამოვლინდა დიდძალი ნუმიზმატიკური მასალა, ოქროსა და ვერცხლის 120-მდე მონეტა: რომის, პართიის, პონტოს, კაპადოკიისა და სომხეთის ვერცხლის მონეტები, კოლხეთისა და იბერიის ოქროს მონეტები (ლიზიმაქესა და ალექსანდრე მაკედონელის სტატერის ტიპის მონეტების მინაბაძები) მრავალფეროვნებით გამოირჩევა სხვადასხვა მასალიდან დამზადებული ადგილობრივი თუ იმპორტული მძივები და საკიდები. ქვევრსამარხი აღმოჩნდა მიწიდან 1,3 მეტრ სიღრმეზე. თარიღდება ახ. წ. l საუკუნით. სადაზედაპირიანი, მოვარდისფროდგამომწვარი ქვევრი დამზადებულია მცირემინარევებიანი თიხისაგან. მას განიერი ცილინდრული ყელი, კვერცხისებრი ტანი და ვიწრო, ბრტყელი ძირი აქვს. ქვევრი ჩადგმული იყო თითქმის ჰორიზონტალურად. მიცვალებული ესვენა მარჯვენა გვერდზე, ძლიერ ხელფეხმოხრილი. სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს ყურძნის მტევნის გამოსახულება-საკიდი და ბრინჯაოს თხელი ფირფიტისგან დამზადებული ცილინდრული მძივი.
ნაქალაქარი
რედაქტირებანაქალაქარი მდებარეობს სამაროვნის აღმოსავლეთით, სამასიოდე მეტრზე. ჯერჯერობით გათხრილი ნაწილი თარიღდება გვიანდელი ელინისტური და გვიანდელი ანტიკური ხანით (ძვ. წ. I და ახ. წ. IV საუკუნეები). რიყიანების ველის ზედა ფენა (სისქე 0,6-0,7 მეტრი) მრავალჯერაა გადახნული და ამიტომ არეულია. მის ქვეშ არსებულ კულტურულ ფენაში იპოვება კრამიტის, ბათქაშის, თიხის ჭურჭლისა და წყალგაყვანილობის თიხის მილის ფრაგმენტები. 1,3 მეტრ სიღრმეზე აღმოჩნდა ერთი პირი რიყის ქვით მოგებული საძირკვლის ნაწილი, რომელზეც 0,1-0,15 მეტრზე შემორჩენილი იყო ალიზის აგურის ნაშთები. ინტენსიური მშენებლობის კვალი შეიმჩნეოდა საკმაოდ მოზრდილ ნაკვეთზე, ამიტომ გასათხრელმა ტერიტორიამ 7000 კვადრატულ მეტრს მიაღწია. სხვადასხვა სიღრმეზე გამოვლინდა კრამიტყრილები, რომლის აკრეფის შემდეგ დაფიქსირდა ანტიკური ხანის ხუთი სამშენებლო დონე. ანტიკური ხანის ნაგებობათა საძირკვლები ერთი პირი რიყის ქვისაა. მათზე ალიზის აგურით ამოყვანილია კედლები, რომლებიც კარგად ყოფილა შელესილი და შეღებილი, ზოგჯერ — მოხატულიც. გათხრებისას აღმოჩნდა მუქი წითელი საღებავით შესრულებული მოხატულობის რამდენიმე ათეული ფრაგმენტი. ყველა ნაგებობა გადახურული იყო წითლად შეღებილი კრამიტით (უმრავლესობას ეტყობა კუთხეების ჩათლა-ჩასწორების კვალი, ხშირია ხელოსანთა ნიშნებიც). დიდი რაოდენობით იყო აგურები (0,29x0,29x0,04 მეტრი) და ნახევარაგურები (0,29x0,14x0,04 მეტრი), თიხის მილების, კალორიფერების და აბანოს მოსაპირკეთებელი ფილების ნატეხები. ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილი კერამიკა, გამონაკლისის გარეშე, დამზადებულია კარგად განლექილი თიხისაგან და გამომწვარია თანაბრად. აქ დიდი რაოდენობით იპოვება სარკმლის მინისა და მინის ჭურჭლის ნატეხები, რკინის ლურსმნები. მეორე სამშენებლო ფენის სვეტებიანი სათავსოს იატაკზე აღმოჩნდა ვერცხლის რკალშეზნექილი სამაჯურის ფრაგმენტები და ავგუსტუსის დენარი (ძვ. წ. 2-ახ. წ. 4 წლები). ნაქალაქარზე გამოვლენილი მასალის მრავალფეროვნება, ნაგებობათა არქიტექტურა, დიდძალი იმპორტული თუ ადგილობრივი მაღალმხატვრული ნაწარმი, დიდი რაოდენობის მონეტები მიგვანიშნებს, რომ ქალაქის ეს უბანი ძირითადად ვაჭარ-ხელოსანთა ფენით უნდა ყოფილიყო დასახლებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- მირიანაშვილი ნ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 138-139.