„ამცახარა“ — დე-ფაქტო აფხაზეთის ყველაზე დიდი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია. პარტიის დამფუძნებლები არიან სერგეი დბარი, ვლადიმერ ნაჩაჩი, აკი არძინბა და გარიკ სამანბა. ამცახარა წარმოადგენს აფხაზეთში ყველაზე მრავალრიცხოვან პოლიტიკურ პარტიას, რომლის წევრიცაა 3000-ზე მეტი ადამიანი. ტერმინი „ამცახარა“ გამოიკვლია აფხაზმა მეცნიერმა შალვა ინალ-იფამ (1914–1995 წწ.), რომელიც დაკავებული იყო აფხაზი ეთნოსის ისტორიის, ეთნოგრაფიის, კულტურისა და ყოფის შესწავლით; მისი კვლევების თანახმად აფხაზურ ეთნოსში გვხვდება ტერმინი „ამცახარა“, რომელიც აღნიშნავდა მებრძოლთა რაზმს, ხოლო ქართულ ენაში ითარგმნება როგორც „წინაპართა ჩირაღდანი“.

აფხაზეთის ომში მონაწილე პირებმა, 1999 წლის მარტში, დააფუძნეს ომში მონაწილე აფხაზი ვეტერანების გაერთიანება. გაერთიანების მიზანი გახლდათ აფხაზი ვეტერანების უფლებების დაცვა, რათა ომის შემდეგ მათთვის ამოქმედებულიყო სოციალური უზრუნვეყოფისა და რეაბილიტაციის პროგრამები. ამცახარა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნა 2002 წელს და მას სათავეში ჩაუდგნენ ვლადიმირ ნაჩაჩი და მირაბ ქიშმარია.

პარტიის ლიდერები

რედაქტირება

თავდაპირველად, ვეტერანთა გაერთიანება ამცახარას სათავეში ჩაუდგა სერგეი დბარი. დბარი დაიბადა 1946 წლის 2 მარტს გუდაუთის რაონის სოფელ მგუძირხუაში. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1963 წელს, დბარმა სწავლა გააგრძელა სსრკ-ს ბაქოს უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში, რომელიც 1968 წელს დაასრულა. 1968 – 1989 წლების პერიოდში, დბარი სამხედრო სამსახურში გახლდათ აზერბაიჯანში, რუსეთში, გერმანიაში, უნგრეთსა და ეთიოპიაში. საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში უნაკლო სამსახურისათვის იგი არაერთხელ დაჯილდოვდა. 1992 წელს, როდესაც აფხაზეთში შეიქმნა სამხედრო მობილიზაციის შენაერთები - დბარი სათავეში ჩაუდგა ახალწვეულების მიღების სამსახურს. სერგეი დბარი გარდაიცვალა 2002 წელს და მისი სახელობისაა სოხუმის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა; ასევე, მის სახელს ატარებს გუდაუთაში მდებარე აფხაზეთის ომის მუზეუმი.

ვლადიმირ ნაჩაჩი დაიბადა 1940 წელს სოფელ ქვემო ეშერაში. მისი ოჯახი იყო სტალინური რეპრესიების მსხვერპლი, რის გამოც 1949 წელს გადაასახლეს ტომსკის ოლქში. ოჯახმა აფხაზეთში დაბრუნება მხოლოდ 1957 წელს შეძლო. სოხუმში სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესი განათლება მიიღო ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მოსკოვის იურიდიულ სასწავლებელში. აფხაზეთის ომის დროს ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ ბატალიონს, რომელიც მონაწილეობას იღებდა გუმისთის 3%90) ფრონტის მოვლენებში. ნაჩაჩის პოლიტიკური იდეალი გახლდათ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერი კონრად ადენაუერი. ნაჩაჩი გარდაიცვალა 2011 წელს.

მერაბ ქიშმარია დაიბადა ოჩამჩირის რაიონში 1961 წელს. უმაღლესი განათლება მიიღო ალმა-ატის სამხედრო სასწავლებელში, რომელიც დაასრულა 1984 წელს. 1987 – 1989 წლებში მსახურობდა საბჭოთა ძალებში ავღანეთში, რის გამოც დაჯილდოვდა წითელი ვარსკვლავის ორდენით. სსრკ-ს დაშლის შემდეგ საქმიანობა განაგრძო ოჩამჩირის რაიონში. 2007 წლიდან არის აფხაზეთის თავდაცვის მინისტრი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხელმძღვანელობდა კოდორის ხეობაში მიმდინარე ოპერაციას.

2013 წლის 27 ივნისს, ამცახარა გარდაიქმნა პოლიტიკურ პარტიად და მის თანათავმჯდომარეებად აირჩიეს გარიკ სამანბა და ოთარ ლომია. გარიკ სამანბა დაიბადა გუდაუთის რაიონის სოფელ ხიპსტაში 1957 წელს. 2002 – 2012 წლებში იყო აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრი. ოთარ ლომია დაიბადა 1951 წლის 18 მარტს. ორივე, სამანბაც და ლომიაც არიან აფხაზეთის ომის მონაწილეები. 2015 წლის 12 ოქტომბერს, პარტია ამცახარას მეექვსე ყრილობაზე, პარტიის ხელმძღვანელად დაინიშნა ალხაზ კვიცინია. კვიცინია 1969 წელს დაიბადა სოხუმში. 2019 წლის არჩევნებზე, მიღებული ხმების მიხედვით კვიცინია გავიდა მეორე ადგილზე, რაულ ხაჯიმბას შემდეგ; ხაჯიმბამ და კვიცინიამ მონაწილეობა მიიღეს არჩევნების მეორე ტურში.

პარტიის წევრობა

რედაქტირება

პარტიის ვებ-გვერდზე მითითებული დეტალური ინფორმაციის თანახმად, ამცახარას წევრობა შეუძლია აფხაზეთის მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და რომელიც აღიარებს პარტიის წესდებას და ჩართულია მის საქმიანობაში. ამცახარას წევრობა არ შეუძლია უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ან პირს რომელსაც არ აქვს მოქალაქეობა. ასევე, პარტიის წევრი ვერ გახდება პირი, რომელიც აფხაზეთის სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ. პარტიის კარი დახურულია აფხაზეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აფხაზეთის კანონმდებლობის თანახმად არ შეუძლიათ პოლიტიკური პარტიის წევრობა.

დაუშვებელია პარტიის წევრობის შეზღუდვა პროფესიული, რასის, ეროვნების ან რელიგიური კუთვნილებიდან გამომდინარე; ასევე, დაუშვებელია შეზღუდვა სქესის, წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ამცახარას წევრს ეკრძალება ერთდროულად სხვა პარტიის წევრობაც. გაწევრიანებისათვის აფხაზეთის მოქალაქემ წერილობით უნდა მიმართოს ამცახარას რეგიონულ წარმომადგენლობას მისი ბინადრობიდან გამომდინარე, ან ცალკეულ შემთხვევებში მიმართოს ამცახარას პოლიტ. საბჭოს.

პარტიის წესდება

რედაქტირება

ამცახარას წესდების თანახმად, პარტია საქმიანობას ასრულებს აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე. წესდებაშივეა გაწერილი პარტიის ლოგოს მნიშვნელობა: სამკუთხედის შიგნით, მწვანე ფონზე მოთავსებულია ანთებული ჩირაღდანი, რომლის თავზეც განლაგებულია შვიდი ვარსკვლავი. ლოგოს ქვეშ დართულია პარტიის სახელი „ამცახარა“.

პარტიის მიზნებია სამართლიანი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენება; ეროვნული ტრადიციების აღორძინებასა და განვითარებაში მონაწილეობის მიღება; მოქალაქეთა აზრის ფორმირება და მოქალაქეთა მოსაზრებების მიტანა ზემდგომ უწყებებში; საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი ორგანოების კანდიდატების წარდგენა და ამავე არჩევნებში მონაწილეობის მიღება; პოლიტიკურ-საგანმანათლებლო და სააგიტაციო-პროპაგანდისტულ საქმიანობის წარმართვა და სხვ.

წესდება ასევე განსაზღვრავს იმ პირებს, რომლებსაც არ შეუძლიათ პარტიის მიმართ შემოწირულობის გაღება; ასეთ მხარეებად მოიაზრებიან: უცხო ქვეყნები და უცხოური იურიდიული პირები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები. პარტიას უფლება აქვს, საკუთარი შეხედულებების, მიზნების, ამოცანების და მიღწეული შედეგების პროპაგანდისტული მიზნებისათვის გამოყენებისათვის აწარმოოს საინფორმაციო, სარეკლამო, საგამომცემლო და პოლიგრაფიული საქმიანობა. პოლიტიკური საქმიანობა 2019 წლამდე.

2004 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ამცახარამ საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა სერგეი ბაგაფში. ამცახარამ ბაგაფშს მხარი ხელმეორედაც დაუჭირა 2009 წლის საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას. ამასთანავე, 2011 წლის რიგგარეშე არჩევნების წინ, ამცახარა დადგა ალექსანდრე ანქვაბის მხარეს. ამცახარას პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნის შემდეგ გამართულ რიგით მეხუთე ყრილობაზე, პარტიის თანათავმჯდომარემ გარიკ სამანბამ განაცხადა, რომ მოცემული მომენტისათვის ამცახარა წარმოადგენდა ერთადერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას აფხაზეთში. 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ამცახარამ ვერ შეძლო ვერცერთი მანდატის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ მას წარდგენილი ჰყავდა შვიდი კანდიდატი.

2016 წელს, პარტიამ გაავრცელა ოფიციალური განცხადება ეთნიკურ ქართველებთან დაკავშირებით, რომლებიც აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად დარჩნენ აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში. პარტიის აზრით - „აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება სახიფათოა. ამისათვის საჭიროა სპეციალური კანონის მიღება, რომელიც ეხება გალის რაიონში დაბრუნებული დევნილების უფლებრივ მდგომარეობას და მათ აფხაზურ საზოგადოებაში ინტეგრაციის სამართლებრიც მექანიზმს, რაც გამოიწვევს მათ ეტაპობრივ ინტეგრაციას სახელისუფლებო ორგანოებსა და აფხაზურ საზოგადოებაში. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია შემუშავდეს და დამტკიცდეს კანონი დაბრუნებულ დევნილებთან დაკავშირებით; ასევე, პარლამენტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი იურისტების, ეკონომისტების, ეთნოგრაფების და ისტორიკოსების მონაწილეობით, რათა შემუშავდეს გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონებში დაბრუნებული დევნილების ინტეგრაციის პროგრამა“.

2017 წლის 14 სექტემბერს, პარტია ამცახარას რეგიონული ოფისი გაიხსნა გალის რაიონში. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს პარტიის პოლიტ. საბჭოს წევრებმა, სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა და პარლამენტის წევრებმა. პარტიის თავმჯდომარემ, ალხაზ კვიცინიამ გალის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელად დანიშნა სურამ ჯინჯოლია. ცერემონიის დროს, ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ იგი უმოკლეს ვადებში წარუდგენდა პარტიის პოლიტ. საბჭოს იმ საკითხების ჩამონათვალს, რომელთა მოგვარებაც ვერ მოხერხდა გალის რაიონში. ჯინჯოლიას აზრით, მთავარ პრობლემებს შორის არის გალის რაიონში აფხაზური გვარების დაბრუნების პროცედურის გამარტივება და პასპორტების გაცემა. „ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, უნდა გადავჭრათ ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივების საკითხი, რათა ადამიანებს წლები არ სჭირდებოდეთ დოკუმენტების შესაგროვებლად. თუ ლავრენტი ბერიას დროს, ზუხბას შეეძლო 24 საათში გამხდარიყო ზუხბაია, მაშინ, ნუთუ შეუძლებელია საკუთარ ქვეყანაში და ერთი თვის განმავლობაში ვერ მოვახერხოთ „ია“ მოვიცილოთ?“ - განაცხადა ჯინჯოლიამ.

2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

რედაქტირება

აფხაზეთის 2019 წლის 25 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებდა არაერთი კანდიდატი, მათ შორის ალხაზ კვიცინია, ოპოზიციური პარტია ამცახარას თავმჯდომარე. პირველი ტურის შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე გავიდა რაულ ხაჯიმბა (47,38 %), ხოლო მეორე ადგილზე კი ალხაზ კვიცინია (46,19 %).

2019 წლის 8 სექტემბერს გაიმართა არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ხაჯიმბა და კვიცინია. მეორე ტურის შედეგად კვიცინიამ მიიღო ხმების 46,17 %, ხოლო ხაჯიმბამ კი 47,39 %, შესაბამისად, ხაჯიმბა გამოცხადდა პრეზიდენტად. ამასთანავე, 9 პოლიტიკურმა პარტიამ და საზოგადოებრივმა მოძრაობამ არ აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა, რადგან მათი მტკიცებით ხაჯიმბას უნდა მიეღო ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა. ჯერ კიდევ 2020 წლის დადგომამდე, აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესი სასამართლო განიხილავდა კვიცინიას სარჩელს არჩევნების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით. 2020 წლის 10 იანვარს, აფხაზეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, უზენაესმა სასამართლომ გააუქმა შედეგები და დანიშნა ახალი არჩევნები 22 მარტს.

არჩევნების გამართვამდე, ოპოზიციური პარტია ამცახარა გეგმავდა საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან ბჟანიას კანდიდატურის დაყენებას, თუმცა მას შემდეგ რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მას გერმანიაში მოუწია სამკურნალოდ წასვლა - ამცახარამ წამოაყენა ალხაზ კვიცინიას კანდიდატურა. ასლან ბჟანია არის აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელსაც ამცახარას სახელით უნდა მიეღო მონაწილეობა 2019 წლის 25 აგვისტოს აფხაზეთის არჩევნებში, თუმცა 2019 18 აპრილს იგი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამავე წლის 19 მაისს, გერმანიიდან მიღებული ანალიზების შედეგად გამოცხადდა, რომ ბჟანიას ჯანმრთელობაზე ხელოვნურად მოხდა ზემოქმედება მისი ფიზიკური განადგურების მიზნით. ამავდროულად, მოქმედმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე მოსკოვთან ერთად შეისწავლიდა ოპოზიციის ლიდერი ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობას. ხაჯიმბამ ასევე დაადასტურა, რომ გერმანიიდან მიღებული დასკვნის შედეგად ბჟანიას ორგანიზმში აღმოჩნდა მძიმე მეტალები, თუმცა მისივე თქმით არსად არის მითითებულის ის, რომ აღნიშნული მეტალები სიცოცხლისათვის წარმოადგენენ საფრთხეს.

ასლან ბჟანიას ავადმყოფობის შემდეგ, 2019 წლის 10 ივლისს, ამცახარას ყრილობაზე, ბჟანიამ ყრილობის მონაწილეებს საკუთარი მიმართვის ტექსტი მიაწოდა - „ამცახარას ძვირფასო ხელმძღვანელებო, ჩემო თანამოაზრენო და თანამებრძოლნო! ყრილობის დელეგატებო! დღეს იმართება მნიშვნელოვანი ღონისძიება - პარტიის ყრილობა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ვუსურვებ ყრილობას წარმატებულ მუშაობას, ერთობას და ეროვნულ მხარდაჭერას. მე თქვენს გვერდით ვარ“. საკუთარ გამოსვლაში, ამცახარას ახალმა კანდიდატმა ალხაზ კვიცინიამ განაცხადა, რომ პარტია გააგრძელებს იმ კურსს, რომელიც დაისახა ასლან ბჟანიამ.

იმ პერიოდში, როდესაც კვიცინიას სარჩელი განიხილებოდა აფხაზეთის უზენაეს სასამართლოში, კვიცინიას მხარდამჭერებმა შეკრება დაიწყეს ამცახარას ოფისთან, ხოლო ხაჯიმბას მხარდამჭერებმა კი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. იმ მიზნით, რომ მომხდარიყო დაძაბულობის განმუხტვა - 2019 წლის 17 სექტემბრის შეხვედრაზე, ხაჯიმბამ კვიცინიას შესთავაზა ვიცე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა, რაზეც კვიცინიამ უარი განაცხადა. ამასთანავე, კვიცინიამ ვიცე პრემიერის თანამდებობაზე შესთავაზა ასლან ბჟანიას დანიშვნა, რომელმაც საკუთარ განცხადებაში აღნიშნულ სცენარზე უარი თქვა და ხაჯიმბას ბრალი დასდო ძალაუფლების უკანონოდ მიტაცებაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება