დიმიტრი ამილახვარი
დიმიტრი გიორგის ძე ამილახვარი (დ. 1906, ბაზორკინო (ახლანდ. ჩერმენი), თერგის ოლქი — გ. 24 ოქტომბერი, 1942, ელ-ალამეინი, ჩრდ. ეგვიპტე) — საფრანგეთის არმიის ქართველი მოღვაწე, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკი. დაბადების ადგილის მიხედვით „ბაზორკად“ იწოდებოდა. მისი მამა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ასევე სამხედრო მოღვაწე. შემდეგ პოლკოვნიკი გიორგი ამილახვარი ოჯახით ემიგრაციაში წავიდა 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიისთანავე. 1926 წელს ამილახვარმა დაამთავრა სან-სირის სამხედრო სასწავლებელი. იმავე წელს დაიწყო მისი სამხედრო კარიერა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. მონაწილეობდა მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებში ჩრდილოეთ აფრიკაში.
დიმიტრი ამილახვარი | |
---|---|
დიმიტრი ამილახვარი | |
მეტსახელი | ბაზორკა |
დაბადების თარიღი | 31 ოქტომბერი, 1906[1] |
დაბადების ადგილი | ბაზორკინო (ახლანდ. ჩერმენი), თერგის ოლქი |
გარდაცვალების თარიღი | 24 ოქტომბერი, 1942[1] |
გარდაცვალების ადგილი | ელ-ალამეინი, ჩრდ. ეგვიპტე |
კუთვნილება | საფრანგეთი, საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობა |
ჯარის სახეობა | სახმელეთო სამხედრო ძალები |
სამხედრო სამსახურის წლები | 1926—1942 |
წოდება | ვიცე-პოლკოვნიკი |
ნაწილი | საფრანგეთის უცხოური ლეგიონი |
მეთაურობდა | 13th Demi-Brigade of Foreign Legion |
ბრძოლები/ომები |
ბირ-ჰაკეიმის ბრძოლა ელ-ალამეინის ბრძოლა |
ჯილდოები |
საპატიო ლეგიონი გათავისუფლების ჯვარი |
გერმანელთა მიერ საფრანგეთის ოკუპაციისთანავე უცხოური ლეგიონის მაიორი დიმიტრი ამილახვარი ლონდონში ჩავიდა და შეუერთდა გენერალ შარლ დე გოლის „თავისუფალი საფრანგეთის“ არმიას. აქ მსახურისას ის მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში ერიტრეასა და სირიაში. ამის შედეგად მას პოლკოვნიკის ჩინი მიენიჭა. 1942 წელს ბირ-ჰაკეიმის ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ის „გათავისუფლების ჯვრით“ დაჯილდოვდა.
საბოლოოდ ამილახვარი დაიღუპა 1942 წლის 24 სექტემბერს, ელ-ალამეინის ბრძოლის დროს. იგი დიდი პატივით იქნა დაკრძალული ლიბიის უდაბნოში. სიკვდილის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის, გენერალ დე გოლის ბრძანებით პოლკოვნიკი დიმიტრი ამილახვარი დაჯილდოვდა „საპატიო ლეგიონის“ უმაღლესი ორდენით.
განათლება
რედაქტირება1921 წლამდე დიმიტრი ამილახვარი სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში. აღსანიშნავია, რომ 1921 წლის თებერვალ-მარტის ავადსახსენებელი მოვლენების შემდეგ საქართველოში გაბატონებულმა საბჭოთა რეჟიმმა განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინა ამილახვართა დიდებული საგვარეულოს მიმართ: საგვარეულოს წარმომადგენელთა უდიდესი ნაწილი განადგურებულ იქნა. 1922 წლიდან მისი ოჯახი დასახლდა პარიზში, სადაც 1926 წელს ამილახვარმა წარჩინებით დაამთავრა სან-სირის ცნობილი სამხედრო სასწავლებელი, რომელიც ითვლება საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სამხედრო სკოლად. იმავე წელს დაიწყო მისი არც თუ ხანგრძლივი (16-წლიანი), მაგრამ სახელოვანი სამხედრო კარიერა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში.
მხედრული მოღვაწეობა 1926-1940 წლებში
რედაქტირებასენ-სირის სამხედრო სასწავლებლის დასრულებისთანავე ლეიტენანტი დიმიტრი ამილახვარი განამწესეს უცხოური ლეგიონის იმ ბრიგადაში, რომელიც განლაგებული იყო ჩრდილოეთ აფრიკაში. აქ მან მოიხვეჭა უცხოური ლეგიონის ერთ-ერთი საუკეთესო ოფიცრის სახელი. მონაწილეობდა არაერთ მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციაში. აქ მსახურობდა ამილახვარი მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე. ომის დაწყებისთანავე იგი ჩაირიცხა სიდი-ბელ-აბესში (ალჟირი) შექმნილ მე-13 ნახევარბრიგადაში.
1934 წელს ლეიტენანტი ამილახვარი დაინიშნა აგადირის ზემდეგთა პროფესიული მომზადების სკოლის უფროსად. ამის შესახებ ცნობა გამოქვეყნდა ფრანგულ პრესაში. ამ დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია, აგრეთვე, ქართულ ემიგრანტულ პრესაშიც (იხ. გაზ. „თეთრი გიორგი“, პარიზი, #74-75, 1934).
1940 წლის მაის-ივნისში ამილახვარი იყო ნარვიკის ცნობილი ბრძოლის აქტიური მონაწილე, რისთვისაც სარდლობამ საბრძოლო ჯვრით დააჯილდოვა.
გერმანელთა მიერ საფრანგეთის ოკუპაციისთანავე უცხოური ლეგიონის მაიორი დიმიტრი ამილახვარი ლონდონში ჩავიდა და შეუერთდა გენერალ შარლ დე გოლის „თავისუფალი საფრანგეთის“ არმიას.
1940-1942
რედაქტირება„თავისუფალი საფრანგეთის“ არმიის ჩამოყალიბებისთანავე ამილახვარი განამწესეს ერიტრეაში. აქ მან თავი ისახელა ქ. მასაუს აღებისას (1941 წლის 7 აპრილი). აქ მან და მისმა შენაერთმა ხელთ იგდეს იტალიის რამდენიმე საესკადრო ნაღმოსანი და რამდენიმე ათეული ტყვე. ამისთვის მან კიდევ ერთხელ დაიმსახურა მაღალი სამხედრო ჯილდო.
ამის შემდეგ ამილახვარმა აქტიური მონაწილეობა მიიღო სირიის კამპანიაში და ხელმძღვანელობდა ქ. დამასკოს აღებას. ამისათვის საფრანგეთის პროფაშისტურმა ხელისუფლებამ მას დაუსწრებლად მიუსაჯა სიკვდილით დასჯა. 1941 წლის მაისის დამლევს ქართველ ოფიცერს მიენიჭა უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკის (კოლონელის) სამხედრო წოდება. იმავდროულად იგი დაინიშნა ნახევარბრიგადის მეთაურად.
ამილახვრის ნახევარბრიგადამ გადამწყვეტი როლი შეასრულა გერმანელი გენერლის ე. რომელის არმიის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში. კერძოდ, მან უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია რომელის არმიას ბირ-ჰაკეიმის 15-დღიან ბრძოლაში, რომელიც სამხედრო ხელოვნების ისტორიაში ,,უდაბნოს ვერდენად,, არის სახელდებული (1942 წლის 26 მაისი - 10 ივნისი). ამისთვის გენერალმა დე გოლმა ამილახვარი მხედრული წარჩინების უმაღლესი ნიშნით, - „გათავისუფლების ჯვრით“ დააჯილდოვა.
ამილახვარი გმირულად დაიღუპა 1942 წლის 24 სექტემბერს, ელ-ალამეინის ბრძოლის დროს. იგი დიდი პატივით იქნა დაკრძალული ლიბიის უდაბნოში.
სიკვდილის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის, გენერალ დე გოლის ბრძანებით პოლკოვნიკი დიმიტრი ამილახვარი დაჯილდოვდა „საპატიო ლეგიონის“ უმაღლესი ორდენით. გარდა ამისა, მისი სახელი მიენიჭა სან-სირის სამხედრო აკადემიის 1954-1956 წლების გამოშვებას. საფრანგეთის მთავრობამ ცნობილი სამხედრო სასწავლებლის,- სან-სირის 1954-56 წლის გამოშვებას დაარქვა დ. (ბაზორკა) ამილახვრის სახელობის გამოშვება. ცნობილია, რომ ასეთი პატივი ენიჭებათ მხოლოდ უაღრესად დამსახურებულ და სახელმოხვეჭილ მხედრებს. ამ ბრწყინვალე ოფიცრის უკანასკნელი ბრძოლა აღწერილი იყო ჟურნალ „The Voice of Free Georgia“-ს მეხუთე ნომერში ალექსი ჩხენკელის (საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკი, "საპატიო ლეგიონი"-ს ორდენის კავალერი - რედ.) მიერ. საფრანგეთის სამხედრო შტაბისა და მთავრობის აქტი ადასტურებს ჩვენ ცნობას დ. ამილახვრის დიდი დამსახურების შესახებ. ჩვენ დიდ სიხარულს გამოვთქვამთ ჩვენი თანამემამულის ასე ღირსეულად დაფასების გამო... ,,-აღნიშნულია ნიუ-იორკში გამომავალი ქართული ემიგრანტული გაზეთის "ქართული აზრი" პირველ ნომერში (1955). 2005 წელს საფრანგეთში ფართოდ აღინიშნა დიმიტრი ამილახვრის დაბადებიდან მე-100 წლისთავი: პარიზის ერთ-ერთ ქუჩას და სან-სირის სამხედრო აკადემიის აღნიშნული წლის გამოშვებას ეწოდა ჩვენი სახელოვანი თანამემამულის სახელი.
ხსოვნა
რედაქტირება2010 წლის 27 დეკემბრის თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაბა წყნეთში არსებულ სტალინის ქუჩას დიმიტრი ამილახვარის ქუჩა ეწოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Reyer G., L’homme qui a étonné la légion. «Paris Match», 1956 18 fevr., № 358, p. 77-82;
- Табагуа И., Менабде Э., Он сражался за свободу, «Молодёжь Грузии», 1970, 10 марта.
- ტარიელ ზოზრაშვილი — დიდი ქართველები — ცხოვრების ქრონიკები, თბილისი, 2009, გვ.312-314 ISBN 978-99940-42-45-6
სქოლიო
რედაქტირება