ჩერმენი

(გადამისამართდა გვერდიდან ბაზორკინო)

ჩერმენი (ოს. Черменыхъæу, ინგშ. Мочкъий-Юрт), ყოფ. ბაზორკინო — სოფელი ჩრდილოეთ ოსეთის პრიგოროდნის რაიონში, რუსეთი.

სოფელი
ჩერმენი
ოს. Черменыхъæу
ინგშ. Мочкъий-Юрт
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ჩრდილოეთი ოსეთი
რაიონი პრიგოროდნის რაიონი (ჩრდილოეთი ოსეთი)
თემი ჩერმენის სასოფლო დასახლება
კოორდინატები 43°09′07″ ჩ. გ. 44°42′43″ ა. გ. / 43.15194° ჩ. გ. 44.71194° ა. გ. / 43.15194; 44.71194
დაარსდა 1844
ადრეული სახელები ბაზორკინო (1944 წლამდე)
ცენტრის სიმაღლე 572
ოფიციალური ენა ოსური ენა, რუსული ენა
მოსახლეობა 8 156 კაცი (2021)
ეროვნული შემადგენლობა ინგუშები, ოსები, რუსები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +7 86738
საფოსტო ინდექსი 363102
ჩერმენი — რუსეთი
ჩერმენი
ჩერმენი — ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია
ჩერმენი

გეოგრაფია რედაქტირება

მდებარეობს ქალაქ ვლადიკავკაზიდან ჩრდილოეთით 12 კმ-ზე, მდინარე კამბილეევკის მარჯვენა ნაპირზე. სოფლის ჩრდილოეთ ნაწილში გადის ფედერალური ავტოსტრადა „კავკასია“ და განთავსებულია ფედერალური პოსტი „ჩერმენი“.

ისტორია რედაქტირება

სოფელს საფუძველი ჩაუყარეს ინგუშებმა მოჩკო ბაზორკინის პატივსაცემად, რომელმაც 1844 წელს რამდენიმე ინგუშური დასახლება ერთ სოფლად გააერთიანა.[1] სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობდა გრაფ უვაროვის კარმიდამო, რომელსაც ინგუშებისათვის ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. აქ იმართებოდა ინგუში ხალხის თავყრილობები და გარკვეულ პერიოდში აქ განთავსებული იყო რევოლუციის შტაბი.[2]

1944 წლადე სოფელ ჩერმენს ერქვა ბაზორკინო და შედიოდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში. ბაზორკინო იყო ინგუშეთის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი. კერძოდ, აქ 1917 წელს პირველად ინგუშეთში გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება.[3]

სოფლის მაცხოვრებლები გამოირჩეოდნენ განათლებით. აქ გაიხსნა ინგუშეთის პირველი სკოლები. ამ სოფლიდან გამოვიდნენ გენერლები, მეცნიერები, მწერლები, პოეტები, სპორტსმენები. მაგალითად, მწერალი და მეცნიერი იდრის ბაზორკინი, პოეტი კ. ჩახკიევი, მეფის რუსეთის გენერალი ბ. ბაზორკინი და სხვები. დიდი სამამულო ომის წლებში ორი იმამი ბაზორკინოდან პარტიზანულ რაზმს მეთაურობდა.[4] ბაზორკინოში დაიბადა დიმიტრი ამილახვარი, საფრანგეთის არმიის ქართველი მოღვაწე, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკი, რომელიც დაბადების ადგილის მიხედვით ზედმეტსახელად „ბაზორკად“ იწოდებოდა.[5]

1944 წელს, ინგუშების შუა აზიაში დეპორტაციისა და ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ს გაუქმების შემდეგ, სოფელი ბაზორკინო გადაეცა ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ს და ეწოდა ჩერმენი. სოფელში დაიწყეს ჩასახლება ოსებმა თრუსოს ხეობიდან (საქართველოს სსრ ყაზბეგის რაიონი). ასევე, ოსებმა თირსიგომის ისტორიული საზოგადოებიდან (თემიდან). ესაა ხეობა ყაზბეგის მთის ძირში, საიდანაც სათავეს იღებს მდინარე თერგი.

1957 წლიდან ბაზორკინოში გადასახლებიდან დაბრუნდნენ ინგუშები. სოფელი საგრძნობლად გაიზარდა და ერთ-ერთ დიდ შერეულ სოფლად გადაიქცა. სოფელი დაზარალდა ოსი და ინგუში ეროვნების მოსახლეობას შორის გაჩაღებული შეიარაღებული დაპირისპირების (პრიგოროდნის კონფლიქტი) დროს.[6]

1992 წლის კონფლიქტის შემდეგ სოფელი სამ ნაწილად დაიყო: ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში ინგუშები ცხოვრობენ, ხოლო ცენტრში — ოსები.[7] ესაა ერთადერთი სოფელი რუსეთში, სადაც სკოლებში სასწავლო პროცესი ეროვნული ნიშნითაა დაყოფილი.[8]

მოსახლეობა რედაქტირება

ეროვნება რაოდენობა %
ინგუშები 5368 63,1 %
ოსები 2498 29,4 %
რუსები 427 5,0 %
სხვა 215 2,5 %
სულ 8508 100 %

სქოლიო რედაქტირება

  1. Аушев М. Мочкхо Базоркин — основатель села Базоркино // Сердало, № 56(3496), 2007.
  2. Непростая история усадьбы графа Уварова // Ингушетия, 17.04.2020.
  3. Яндиева М. Возвращение к истокам. М. 2004. С. 94.
  4. Ахмадуллин В. А.Государственно-мусульманские отношения в СССР в 1944—1965 гг.. ციტირების თარიღი: 2021-09-16.: дисс. … доктора ист. наук. — М., 2020. — С. 97.
  5. Prince Demetre Amilakhvari
  6. Сожженные дома в селе Чермен | Библиотека изображений «РИА Новости». ციტირების თარიღი: 2021-06-21.
  7. Время новостей: N°182, 03 октября 2005. ციტირების თარიღი: 2021-06-21.
  8. газета Северный Кавказ, № 2567