ალექსანდრე კასიმოვიჩ კაზემბეკი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალექსანდრე კასიმოვიჩ კაზემბეკი (აზერ. Aleksandr Kazımbəy or Mirzə Kazım-bəy; დ. 1802 წლის 22 ივლისი, რეშთი, ირანი - გ. 1870 წლის 27 ნოემბერი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია) — აზერბაიჯანელი აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიკოსი და ფილოლოგი.[1] ის არის პოლიტიკური ჯგუფის Mladorossi დამაარსებლის ალექსანდრე კაზამბეკის ბაბუა.

ალექსანდრე კასიმოვიჩ კაზემბეკი
დაბადების თარიღი 22 ივნისი, 1802
რეშთი, ირანი
გარდაცვალების თარიღი 27 ნოემბერი, 1870 (68 წლის)
სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია
საქმიანობა აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიკოსი, ფილოლოგი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ალექსანდრე კაზემბეკის მამა, ჰაჯი ქასიმ კაზემ-ბეი, იყო ცნობილი აზერბაიჯანელი მუსლიმი, ქალაქ დერბენტის (მაშინდელი ყუბას ხანატის შემადგენელი, ყაჯარის სპარსეთი, მოგვიანებით რუსეთის ნაწილი) მკვიდრი და სასულიერო პირი, რომლის მამაც ნაზირ მუჰამედ ხანი (ალექსანდრე კაზემბეკის ბაბუა) დერბენტის სახანოს გენერალური ხაზინადარი იყო. მექაში რელიგიური პილიგრიმობიდან დაბრუნებისას ჰაჯი ქასიმ ქაზიმ-ბეი ეწვია რეშთს (დღევანდელი გილანის პროვინცია, ირანი) და შეხვდა მის მომავალ ცოლს შარაფნისას, რომელიც იყო ადგილობრივი გუბერნატორის ბაგერ-ხანის ქალიშვილი. ისინი დაქორწინდნენ და დასახლდნენ რეშთში, სადაც დაიბადა კაზამბეკი.

1811 წელს ოჯახი საცხოვრებლად დერბენტში გადავიდა. ის კარგად ფლობდა აზერბაიჯანულ, სპარსულ, რუსულ, თურქულ და არაბულ ენებს. 17 წლის ასაკში მან დაწერა თავისი პირველი წიგნი სახელწოდებით ,,თემები არაბული ენის გრამატიკაში" (თავდაპირველად არაბულ ენაზე). მამამისს სურდა ალექსანდრე მუსლიმი მეცნიერი გამხდარიყო, რის გამოც მის გაგზავნას აპირებდა სპარსეთსა და არაბეთში ისლამური სწავლების დასაუფლებლად. თუმცა, 1820 წელს ჯაშუშობაში წაუყენეს ბრალი, ჩამოართვეს რელიგიური წოდება და მეუღლესთან ერთად გადაასახლეს ასტრახანში.[2]

რელიგიური შეხედულებები

რედაქტირება

დერბენტში ყოფნისას, ახალგაზრდა კაზემბეკი ხშირად ხვდებოდა შოტლანდიელ პრესვიტერიანელ მისიონერებს. მისიონერებთან ხშირად ჰქონდა დისკუსიები. მაშინ ჭეშმარიტი მუსლიმი ოპონენტების მოტყუებასაც არ თაკილობდა. დისკუსიების დროს კაზემბეკი ხშირად გამოიკითხავდა ხოლმე ქრისტიანულ პრინციპებსა და ისტორიებს. მეტი ინფორმაციის მისაღებად ებრაული და ინგლისური ენების შესწავლაც დაიწყო.[3] 1821 წელს კაზემბეკი ეწვია მამას ასტრახანში, რათა მოეგვარებინა უცხოურ ისლამურ სკოლებში ჩარიცხვის საკითხი. აქ ის წააწყდა მისიონერებს და დიდი ფიქრის შემდეგ ქრისტიანობა მიიღო. ამ გადაწყვეტილებას მშობლები უარყოფითად შეხვდნენ, რის გამოც ოჯახური კონფლიქტი დაიწყო. მიუხედავად ამისა კაზემბეკს თავისი გადაწყვეტილება არ შეუცვლია. მოგვიანებით ის გახდა იმ მცირერიცხოვან მეცნიერთა ერთ-ერთი წევრი, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ მოსაზრებას, რომ ისლამი სოციალური განვითარების დამაბრკოლებელი იყო. ეს მოსაზრება XIX საუკუნეში საკმაოდ გავრცელებული იყო.

ისტორიკოსის კარიერა

რედაქტირება

კაზემბეკი რამდენიმე ისტორიული ნაშრომის ავტორი იყო. მან დაწერა Assab as-Sayyar (შვიდი პლანეტა) ყირიმის სახანოს ისტორიაზე (თურქულ ენაზე) და ,,უიღურის შესწავლა ძველ უიღურებზე" 1841 წელს. მან თარგმნა მუჰამედ ავაბის ,,დარბანდ-ნამე" (XVII ს-ის წიგნი დაღესტნის ისტორიის შესახებ) ინგლისურად და გამოაქვეყნა 1850 წელს. მისი ყველაზე დიდი ისტორიული ნაშრომი იყო: ,,რელიგიური და პოლიტიკური მღელვარება 1848-1852 წლების ირანში", რომელიც გამოაქვეყნა 1865 წელს. მისი სხვა ნაშრომები ძირითადად ორიენტირებული იყო ისლამურ კვლევებზე: ყურანის შეთანხმება (1859), მიურიდიზმი და შამილი (1859), ისლამის ისტორია (1860) და ა.შ.[4]

ფილოლოგის კარიერა

რედაქტირება

კაზემბეკმა ენათმეცნიერის კარიერა ქრისტიანული წიგნების აღმოსავლურ ენებზე თარგმნით დაიწყო. დამატებით შეისწავლა ფრანგული და გერმანული ენები. 1825 წელს მიიღო მიწვევა ლონდონში ბაკალავრის ხარისხის დასასრულებლად. თუმცა რუსეთის მთავრობამ უარი თქვა ქვეყნიდან გაშვებაზე, იმის შიშით, რომ კაზემბეკი სწავლის დამთავრების შემდეგ ინგლისში დარჩენას და მუშაობას გადაწყვეტდა. საიმპერატორო ბრძანებულებით ის დაინიშნა ომსკში აზერბაიჯანული ენის მასწავლებლად, რითაც ლონდონში სწავლების შესაძლებლობა აღარ მიეცა. ომსკში მას არასდროს უმუშავია, რადგან ავადმყოფობის დროს ყაზანში კაზემბეკი შეხვდა ისტორიკოს კარლ ფუქსს და მიიწვია აკადემიური გამოცდის ჩასაბარებლად, რათა დაედგინა კაზემბეკის შესაძლებლობები, ჰქონდა თუ არა მას უნარი ყაზანის უნივერსიტეტში ესწავლებინა არაბული და სპარსული ენები. გამოცდა ჩააბარა და ფუქსმა კაზემბეკი უფროს მასწავლებლად აიყვანა. 1828 წელს კაზამბეკი აირჩიეს სამეფო აზიური საზოგადოების წევრად და გახდა ყაზანის უნივერსიტეტის ახლად დაარსებული თურქული ენების ფაკულტეტის ხელმძღვანელი.

1831 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი მას შემდეგ, რაც დაწერა აკადემიური ესე სახელწოდებით ,,შეხედულებები არაბული ენის ისტორიისა და ლექსიკის შესახებ" (სპარსულ ენაზე). 1835 წელს მიიღეს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. 1837 წელს მან მიიღო დოქტორის ხარისხი ყაზანის უნივერსიტეტში. 1839 წელს დაწერა დეტალური ნაშრომი, სახელწოდებით ,,თურქულ-თათრული ენის გრამატიკა" (იმ დროს თურქული ენების უმეტესობა განიხილებოდა, როგორც ერთი ენის ერთეული დიალექტები, რომლებსაც ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც ,,თათრულ" ან ,,თურქო-თათრულ" ენებად). ნაშრომში შეადარა ოსმალური, თურქული, აზერბაიჯანული და თათრული ენების სხვადასხვა დიალექტები მათი ფონოლოგიით, მორფოლოგიით და სინტაქსით, რისთვისაც დემიდოვის პრემია მიიღო. წიგნის მეორე გამოცემა გამოიცა 1846 წელს, რომელშიც წარმოდგენილი იყო ავტორის უახლესი კვლევები ამავე საკითხის გარშემო. წიგნი პოპულარული გახდა დასავლეთ ევროპაში, ვინაიდან გამოიყენებოდა უნივერსიტეტებში პირველად საცნობარო მასალად, იქამდე სანამ 1921 წელს ჟან დენიმ არ გამოაქვეყნა ,,თურქული ენის გრამატიკა (ოსმალური დიალექტი).

1849 წელს კაზემბეკი გადაიყვანეს პეტერბურგის უნივერსიტეტში, რომელიც მისივე ინიციატივით გადაკეთდა აღმოსავლური ენების შემსწავლელ რუსულ უმაღლეს დაწესებულებად. 1855 წელს გახდა ახლადშექმნილი ფაკულტეტის დეკანი. 1863 წელს ორგანიზება გაუწია აღმოსავლეთის ისტორიის განყოფილების დაარსებას. მოაწყო სტაჟირება სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ აღმოსავლური კულტურების საველე კვლევებით. 1854 წელს მან გამოაქვეყნა კიდევ ერთი ენობრივი ნაშრომი სახელწოდებით ,,სასწავლო სახელმძღვანელო თურქული ენის კურსებისთვის", რომელიც მოიცავდა რამდენიმე საკითხავ მასალას სხვადასხვა დამწერლობაზე და რუსულ-თურქულ 6700 სიტყვიან (იმ დროისთვის ყველაზე მდიდარი) ლექსიკონს. იმავე წელს გამოაქვეყნა აღმოსავლური ენების მსგავსი რუსული სიტყვების ახსნა განმარტებები. 1868 წელს კაზემბეკმა წამოიწყო აკადემიური მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა თურქესტანში ლინგვისტიკის, ეთნოგრაფიის, ნუმიზმატიკისა და ეპიგრაფიკის შესწავლას. სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების შემდეგ ეს იდეა დავიწყებას მიეცა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Robert P. Geraci. Window on the East: National and Imperial Identities in Late Tsarist Russia. (Cornell University Press, 2001), 310. ISBN 0-8014-3422-X, 9780801434228
  2. Alexander Kazembek: Light from the East დაარქივებული 2019-04-01 საიტზე Wayback Machine. by Alexei Pylev. 13 April 2003. Retrieved 9 October 2006
  3. Mirza Alexander Kazembek, First Dean of the Oriental Languages Program at the Saint Petersburg Imperial University დაარქივებული 2015-04-02 საიტზე Wayback Machine. . Dagestanskaya Pravda, #331-333. 1 November 2012. Retrieved 17 March 2015.
  4. Brockhaus and Efron Encyclopedic Dictionary. "Kazembek, Alexander Kasimovich".[მკვდარი ბმული] St. Petersburg, Russia, 1890-1907. Retrieved 9 October 2006