ალბანეთში კომუნისტური რეჟიმის დამხობა

ალბანეთში კომუნისტური რეჟიმის დამხობა (ალბ. Rënia e komunizmit në Shqipëri) — ალბანეთის კომუნისტური პარტიის ერთპარტიული მმართველობის დემონტაჟის პროცესი 1990-1992 წლებში. დაიწყო 1990 წლის იანვარში მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციებით. დასრულდა 1992 წლის მარტში დემოკრატი-ანტიკომუნისტების გამარჯვებით საპარლამენტო არჩევნებში. პროცესს თან ახლდა ძალადობრივი შეტაკებები და საყოველთაო გაფიცვები. პროცესის შედეგი იყო ხელისუფლებიდან ალბანეთის შრომის პარტიის ჩამოშორება, ქვეყნის გადასვლა მრავალპარტიულ სისტემაზე და საბაზრო ეკონომიკაზე.

წინარე ისტორია

რედაქტირება

ალბანეთში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა 1944 წელს, უცხოური ქვეყნების ოკუპაციისაგან გათავისუფლების შემდეგ. ენვერ ხოჯას მმართველობა გამოირჩეოდა თანამიმდევრული სტალინიზმით — შრომის პარტიის ერთპარტიული დიქტატურა, ნაციონალიზებული ეკონომიკა, პიროვნების კულტი, ცენზურა, მასობრივი რეპრესიები, რელიგიის დევნა, რეგულარული პარტიული წმენდა, საიდუმლო პოლიტიკური პოლიციის, სიგურიმის ტოტალური კონტროლი და რაც მთავარია, გარე სამყაროსაგან სრული იზოლაცია.

შეიარაღებული წინააღმდეგობა — კელმენდის აჯანყება, კოპლიკუს აჯანყება, პოსტრიბის აჯანყება, ჟაპოკიკის აჯანყება, კიდევ სხვა ამბოხებები — და ოპოზიციის მიერ ორგანიზებული წინააღმდეგობები აღკვეთეს ჯერ კიდევ 1940-იანი წლების მეორე ნახევარში და 1950-იანი წლების პირველ ნახევარში. განსაკუთრებული როლი ითამაშა 1951 წლის ხოცვა-ჟლეტამ. შიდაპარტიული ოპოზიცია დაამხეს 1956 წლის პარტიულ კონფერენციაზე. მათი ლიდერები რეპრესიებს შეეწირნენ. ალბანელი ანტიკომუნისტები აქტიურად იბრძოდნენ ემიგრაციაში თავისუფალი ალბანეთის ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით. ქვეყანაში შესვლა მკაცრად კონტროლირებადი იყო, თუმცა 1982 წელს შევდეთ მუსტაფას ჯგუფის წევრებმა წარუმატებლად სცადეს ენვერ ხოჯას მკვლელობა[1]. სასტიკად ახშობდნენ პატიმრების აჯანყებასაც, რომელთაგანაც უმსხვილესიც იყო 1973 წლის სპაჩის ციხის აჯანყება.

საგარეო პოლიტიკის კუთხით ალბანეთის ხელისუფლება ორიენტირებული იყო სსრკ-ზე სკკპ-ზე. თუმცა სტალინის გარდაცვალებისა და კომპარტიის XX ყრილობის შემდეგ, რომელზეც დაამხეს სტალინის პიროვნების კულტი, ალბანეთის შრომის პარტიასა და სსრკ-ის კომპარტიას შორის წარმოიქმნა იდეოლოგიური კონფლიქტი. 1961 წელს მოხდა სსრკ-ალბანეთის განხეთქილება (ურთიერთობები აღდგა მხოლოდ 1991 წელს). ამ ფონზე ალბანეთის შრომის პარტია დაუახლოვდა მაოისტურ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. ალბანეთსა და ჩინეთს შორის ჩამოყალიბდა სახელმწიფოთაშორისი ალიანსი იდეოლოგიურ საფუძველზე, თუმცა მაო ძედუნის გარდაცვალებისა და ხელისუფლებაში რეფორმატორების (დენ სიაოპინის მეთაურობით) მოსვლის შემდეგ ალბანეთმა ამ პარტნიორზეც უარი თქვა. ჩინეთთან განხეთქილების შემდეგ ენვერ ხოჯა ტოტალური თვითიზოლაციის პოლიტიკაზე გადავიდა. მთავარ მტრად გამოაცხადეს იუგოსლავია და იოსიპ ბროზ ტიტო — სტალინისტი ენვერ ხოჯა კატეგორიულად უარყოფდა ბროზ ტიტოს მმართველობას და საბაზრო სოციალიზმს (გარდა ამისა მუდამ მოქმედებდა კოსოვოს საკითხიც).

ენვერ ხოჯა გარდაიცვალა 1985 წელს. მან ადრევე დანიშნა თავის მემკვიდრედ და შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნად რამიზ ალია, რომელიც ადრე იყო იდეოლოგიისა და პარტიული პროპაგანდის კურატორი, შემდეგ კი სახალხო კრების პრეზიდიუმის თავმჯდომარე — სახელმწიფოს ფორმალური მეთაური. რამიზ ალიას არანაირი რეფორმები არ გაუტარებია მმართველობის დასაწყისში, პარტიული დიქტატურა და პოლიციური კონტროლი შეინარჩუნა მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა ამავე დროს შეწყვიტა მასობრივი რეპრესიები, დაუშვეს დისკუსიები კულტურის საკითხებზე, რელიგიაზე, მცირე კერძო ბიზნესი არ დაიშვებოდა, მაგრამ შეწყდა სასტიკი დევნა. გაფართოვდა დიპლომატიური კავშირები დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან, განსაკუთრებით იტალიასთან, დაიწყო მოლაპარაკებები უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად (რაც აკრძალული იყო ენვერ ხოჯას დროს)[2]. სავაჭრო კავშირები დამყარდა აგრეთვე იუგოსლავიასთანაც, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის შეურიგებელი იდეოლოგიური წინააღმდეგობა იყო.

ასეთმა მცირე სასიკეთო ძვრებმა ალბანეთის შრომის პარტიის კონსერვატორ-ხოჯაისტებს შორის უკმაყოფილება გამოიწვია, ეშინოდათ გავლენის დაკარგვის. ამ დაჯგუფების ლიდერი იყო ენვერ ხოჯას ქვრივი ნეჯმიე ხოჯა და ცენტრალური კომიტეტის მდივანი ლენკა ჩუკო. ალბანეთის ხელისუფლებაში დიდი შეშფოთება გამოიწვია საბჭოთა პერესტროიკამ და 1989 წლის აღმოსავლეთ ევროპის რევოლუციებმა.

ეს შეშფოთება კარგად იყო დასაბუთებული. აქტიური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ჯერ კიდევ 1988 წლის გაზაფხულზე. მღელვარების ცენტრი გახდა კავაიის ოლქი. რამდენიმე მუშათა აქტივისტმა ქალაქ კავაიაში შექმნა არალეგალური პროფკავშირი და მოაწყო კერამიკისა და მინის ქარხნების მუშათა გაფიცვები. ქალაქის იატაკქვეშა დაჯგუფებამ და სოფლის ახალგაზრდობამ განახორციელა აქცია პირდაპირი მოქმედება — გაანადგურეს პარტიული ლოზუნგები და ენვერ ხოჯას პორტრეტები, გაავრცელეს ანტიკომუნისტური და ანტიხოჯაისტური ბროშურები.

1989 წლის დასასრულს ქალაქ ტირანაში და ვლორაში გამოჩნდა ბროშურები, სადაც მოსახლეობას მოუწოდებდნენ რომ გაჰყვებოდნენ რუმინულ მაგალითს, განსაკუთრებით კი მმართველების გასამართლების საკითხში.

პირველი საპროტესტო აქციები

რედაქტირება

მასობრივი მღელვარება დაიწყო შკოდერში 1990 წლის 14 იანვარს. დემონსტრანტებმა ჩამოაგდეს სტალინის ქანდაკება. ორი კვირის შემდეგ, ტირანაში დაიწყო სტუდენტური საპროტესტო აქციები. თავდაპირველად, სტუდენტები შემოიფარგლნენ ტირანის უნივერსიტეტის სახელიდან ენვერ ხოჯას სახელის ამოღების მოთხოვნით, თუმცა მალე მოითხოვეს რამიზ ალიას გადადგომაც.

1990 წლის 28 იანვარს ტირანაში, სკანდერბერგის მოედანზე მოხდა სტუდენტების შეტაკება პოლიციასთან და სიგურიმთან. დააპატიმრეს 14 ადამიანი. მათგან სამს ზაფხულში მიუსაჯეს პატიმრობა 9 თვიდან 2 წლამდე[3].

მარტში, ბერატის ბამბეულის ქარხნის მუშები გაიფიცნენ, მოითხოვდნენ უფრო მაღალ ხელფასს და უკეთეს პირობებს.

ეს გამოსვლები ჩაახშეს, მაგრამ მათ აშკარად მოახდინეს ძლიერი საპროტესტო პოტენციალის დემონსტრირება, მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსით მასების უკმაყოფილება, რამაც საბოლოოდ მოახდინა მათი დისკრედიტაცია საზოგადოების თვალში.

დემონსტრაციების ახალი ტალღა დაიწყო 1990 წლის ზაფხულში. 2 ივლისს დაახლოებით 5 000 ადამიანი შეიჭრა უცხო ქვეყნების საელჩოებში, განსაკუთრებით იტალიის საელჩოში. მთავრობამ თანხმობა გასცა მათ ემიგრაციაზე[4] (ენვერ ხოჯას დროს ქვეყნის დატოვება განსაკუთრებით საშიშ დანაშაულად ითვლებოდა).

სასტიკი მღელვარება მიმდინარეობდა მარტიდან კავაიაში[5]. დემონსტრანტები ითხოვდნენ პარტიული დიქტატურის შეწყვეტას, რელიგიის თავისუფლებას, შრომის პირობების გაუმჯობესებას, კოლმეურნეობების დაშლას. მდგომარეობა განსაკუთრებით გამწვავდა საფეხბურთო მატჩების დროს. 25-26 მარტს განსაკუთრებით გამწვავდა სიტუაცია ქალაქში, დემონსტრანტებმა ჩამოაგდეს შრომის პარტიის ადგილობრივი მდივანი აგრონ ტაფა, პოლიციას და სიგურიმის აგენტებს დაუშინეს ქვები. 12 ივლისს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, დაიღუპა ახალგაზრდა დემონსტრანტი იოსიფ ბუდა. ამის შემდეგ საპროტესტო აქციები მოედო მთელ ქალაქს. დემონსტრანტები სკანდირებდნენ: ენვერი — ჰიტლერი! ხეკურანისლობოდანი![6] (ხეკურანი ამ დროს იყო ალბანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, სლობოდან მილოშევიჩი კი სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდიუმის თავმჯდომარე, ისტორიული მიზეზების გამო, ასეთი შედარება ძალზე შეურაცხმყოფელი იყო).

კავაიაში ჩავიდნენ პოლიტბიუროს წევრები ლენკა ჩიკო და მუხო ასლანი. ისინი შეეცადნენ მასებზე გავლენის მოხდენას, მაგრამ გააძევეს ქალაქიდან. იოსიფ ბუდას დაკრძალვაზე 30 000 ადამიანი შეიკრიბა.

ხელისუფლების თანხმობამ ალბანელების საზღვარგარეთ გასვლასთან დაკავშირებით, დედაქალაქში სიტუაცია დაარეგულირა. გაზაფხულზე გამოცხადდა ახალი კანონები, რომლებიც აფართოებენ საწარმოთა უფლებებს. ნოემბრის დასაწყისში, შრომის პარტიის პლენუმზე გამოაცხადეს „პარტიასა და მთავრობას შორის უფლებამოსილების გამიჯვნის“ კურსის შესახებ, დაუშვეს ქვეყნიდან გასვლა შემოსვლის თავისუფლება, რელიგიის თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ ალია კვლავ ეწინააღმდეგებოდა მრავალპარტიული სისტემის დანერგვას, გამოაცხადა მზადყოფნა ახალი საარჩევნო კანონის მიღების შესახებ. ყველა ეს დათმობა მიღწეული იყო ქუჩის აქციების გავლენით და არ იყო ხელისუფლების დამსახურება[7].

სტუდენტებისა და მუშების აჯანყება

რედაქტირება

1990 წლის დეკემბერში ფრაგმენტული ანტიკომუნისტური საპროტესტო აქციები გადაიზარდა საერთო ეროვნულ აჯანყებაში. 1990 წლის 8 დეკემბერს გამოსვლები დაიწყო მოსწავლე ახალგაზრდობამ[8], რომელსაც ხელმძღვანელობდა ტირანის უნივერსიტეტის სტუდენტი არიან მანახასა[9]. 11 დეკემბერს 700-მა სტუდენტმა დაიწყო შიმშილობა[10]. საპროტესტო აქციების კოორდინირებისათვის შეიქმნა ორგანიზაცია დეკემბერი 90. მოძრაობას აქტიურად დაუჭირეს მხარი მუშებმა, ქარხნებში აქტიურად დაიწყო სტალინური და ხოჯაისტური სიმბოლოების განადგურება. სტუდენტები გამოდიოდნენ დემოკრატიული ლოზუნგებით, მუშები აპროტესტებდნენ შრომის მძიმე პირობებს, რომელზეც პასუხისმგებლები იყვნენ მმართველი კომუნისტები[11].

ალბანეთის შრომის პარტიის ხელმძღვანელობა დაბნეული იყო და ვერ გაბედა აქციების ძალით ჩახშობა. პარტიული პროპაგანდა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ რამიზ ალიას შეეძლო ქვეყნის წაყვანა დემოკრატიისაკენ. ალიამ მოირგო „ალბანეთის გორბაჩოვის“ პოზიცია. 1990 წლის 12 დეკემბერს შრომის პარტიის პლენუმი იძულებული გახდა დათანხმებოდა მრავალპარტიულ სისტემაზე გადასვლას. ხელისუფლება პირობა დადო, რომ მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდება უახლოეს თვეებში. ლენკა ჩუკო, მუხო ასლანი, ნეჯმიე ხოჯა, სიმონ სტეფანი, პროკოპ მურა და სხვა ორთოდოქსი ხოჯაისტები ჩამოაშორეს პარტიულ ხელმძღვანელობას.

1990 წლის 12 დეკემბერს შეიქმნა ალბანეთის დემოკრატიული პარტია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ექიმი-კარდიოლოგი სალი ბერიშა. მცირე ხანში ასევე შეიქმნა სხვა პოლიტიკური პარტიებიც. კერძოდ რესპუბლიკური (ხელმძღვანელი — მწერალი-დისიდენტი საბრი გოდო), ქრისტიან-დემოკრატიული (ხელმძღვანელი — მსახიობი ზეფ ბუშატი), სოციალ-დემოკრატიული (ხელმძღვანელი — მათემატიკოსი და ექს-მინისტრი სკენდერ გინუში). თუმცა უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიად მაინც დემოკრატები რჩებოდნენ.

ახალი პარტია ძალზედ პოპულარული გახდა დემოკრატიზაციის პროგრამითა და ანტიკომუნისტური ლოზუნგებით, მაგრამ მათი ლიდერები სალი ბერიშა და გრამოზ პაშკო მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულები მმართველ კომუნისტურ ელიტასთან. ბერიშა იყო პოლიტბიუროს ექიმი, ემსახურებოდა თავად ენვერ ხოჯას. პაშკოს მშობლები კი შედიოდნენ კომუნისტურ მთავრობაში. შრომის პარტია ცდილობდა საკუთარი ხალხი ჩაეყენებინა ოპოზიციური პარტიების სათავეში, რათა თავიდან აეცილებინათ რადიკალი ანტიკომუნისტების დაწინაურება.

20 დეკემბერს ნეჯმიე ხოჯა გადააყენეს ალბანეთის დემოკრატიული ფრონტის ხელმძღვანელობიდან. 20-21 დეკემბრის ღამეს კი ტირანაში ჩამოაგდეს სტალინის 10-მეტრიანი ქანდაკება.

შემობრუნების მომენტი

რედაქტირება

1991 წლის თებერვალში ტირანის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პედაგოგების ჯგუფმა გამოაცხადეს შიმშილობა. მათი ძირითადი მოთხოვნა იყო უნივერსიტეტის სახელწოდებიდან ენვერ ხოჯას სახელის ამოღება, არმიისა და პოლიციის დეპოლიტიზირება.

პარალელურად აქტიურობდნენ კომუნისტი აქტივისტები. 12 თებერვალს ბერატში მათ ხიუსნი მილოშის მეთაურობით შექმნეს საკუთარი ალიანსი - ენვერ ხოჯას სახელობის კავშირი. იკვეთებოდა ძალადობრივი შეტაკებების კონტურები. რამიზ ალიამ დაიკავა მომლოდინე პოზიცია[12], მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა აშკარად მომიტინგეების მხარეს იყო.

ჯერ კიდევ 1990 წლის 26 დეკემბერს მუშათა აქტივისტებმა გეზიმ შიმას მეთაურობით შექმნეს თავისუფალი პროფკავშირეული გაერთიანება — ალბანეთის დამოუკიდებელი პროფკავშირი[13]. ინიციატივით გამოვიდნენ მეშახტეები, მათ შეუერთდნენ ტრანსპორტის, ბამბეულის და სხვა ქარხნების მუშები. 6 თებერვალს პროფკავშირს მხარი დაუჭირეს სტუდენტებმა. 15 თებერვალს, გეზიმ შიმამ რამიზ ალიას ულტიმატუმი წაუყენა: ან სტუდენტის მოთხოვნები 19 თებერვალს შუადღემდე შესრულდება, ან დაიწყებოდა საყოველთაო გაფიცვა. მუშების მხარდაჭერამ დიდი სტიმული მისცა სტუდენტებსა და ოპოზიციურ ინტელიგენციას. სტუდენტები პროფკავშირის აქტივისტებს საკუთარ მხსნელად თვლიდნენ[14].

1991 წლის 20 თებერვალს დემონსტრანტები შეიკრიბნენ ტირანაში სკანდერბერგის მოედანზე. პოლიციამ და ხოჯაისტებმა მოახერხეს და მოაწყვეს დაპირისპირების მცდელობა, რომლის დროსაც დაიჭრა პროფკავშირის ერთ-ერთ ლიდერი ფატმირ მერკოჩი. დემონსტრანტებმა ჩამოაგდეს ენვერ ხოჯას ძეგლი. აღნიშნული ფაქტი ალბანეთის ისტორიაში ითვლება შემობრუნების მომენტად, ამის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

ამ ამბების შემდეგ რამიზ ალიამ გაათავისუფლა ხოჯას პერიოდის პოლიტპატიმრები. 22 თებერვალს თანამდებობიდან გადააყენა პრემიერ-მინისტრი ადილ ჩარჩანი და იგი ჩაანაცვლა რეფორმატორ ფატოს ნანოს კანდიდატურით. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა ხეკურან ისაი და მის ნაცვლად დანიშნა გრამოზ რუჩი. მოხდა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფკავშირის ლეგალიზაცია.

თანამედროვე ალბანეთში 20 თებერვალი აღინიშნება როგორც კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე[15].

მმართველი პარტიის ქმედებები

რედაქტირება

თებერვლის მოვლენებმა ალბანეთის შრომის პარტიის ხელმძღვანელობაშ გარკვეული შიში გამოიწვია. რამიზ ალია ფიქრობდა რომ შურისძიების საფუძველზე დაიწყებდნენ ხოჯას თანამოაზრეების დახოცვას. მიმდინარე მოვლენებმა აიძულა ხელისუფლება მომდევნო პოლიტიკური ქმედებები განეხორციელებინა[16].

საპარლამენტო არჩევნები გაიმართა 1991 წლის 31 მარტს. არჩევნებში გამარჯვებულად მმართველი შრომის პარტია გამაოაცხადეს 56,2 %-ით. ოპოზიციური დემოკრატიული პარტია, რომელმაც ოფიციალური მონაცემებით 38,7 % ხმები მიიღო, ხელისუფლებას ადამნაშაულებდა ამომრჩევლებზე ზეწოლაში[17].

1991 წლის 2 აპრილს შკოდერში გაიმართა დემონსტრანტებისა და პოლიციის შეტაკება. ალბანეთის შრომის პარტიის კომიტეტის შენობიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა დემოკრატიული პარტიის ოთხი აქტივისტი[18].

1991 წლის 29 აპრილს პარლამენტის ახალმა შემადგენლობამ ცვლილება შეიტანა კონსტიტუციაში. ქვეყნის სახელწოდებიდან ამოიღეს სიტყვები „სახალხო დემოკრატიული“ და უწოდეს ალბანეთის რესპუბლიკა. გამოცხადდა სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლება. დაარსდა ალბანეთის პრეზიდენტის თანამდებობა და 30 აპრილს პრეზიდენტად აირჩიეს რამიზ ალია.

1991 წლის 12 ივნისს შრომის პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე პარტიამ სახელი შეიცვალა და ეწოდა ალბანეთის სოციალისტური პარტია, მიიღო დემოკრატიული სოციალიზმის პროგრამა და გაემიჯნა მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგიას. 19 ივნისს ალბანეთი ოფიციალურად გახდა ეუთოს წევრი, 16 სექტემბერს ოფიციალურად მიუერთდა ჰელსინკის შეთანხმებებს. ამრიგად, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები გავრცელდა ალბანეთში, რაზეც ენვერ ხოჯა კატეგორიულ უარს აცხადებდა. სიგურიმი ფორმალურად გაუქმდა, გადაკეთდა დეიდეოლოგიზაციის სპეცსამსახურად და გამოვიდა პარტიული დაქვემდებარებიდან.

დემოკრატიული პარტია ამ ყველაფერს ძალაუფლების შენარჩუნებისათვის ხელისუფლების თაღლითურ მანევრებს უწოდებდა. საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა. ოპოზიციას მხარს უჭერდა პროფკავშირი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა რეჟიმის საბოლოო დამხობაში.

საყოველთაო გაფიცვა და განმეორებითი არჩევნები

რედაქტირება

ალბანეთის პროფკავშირმა ჯერ კიდევ 9 აპრილს წაუყენა ულტიმატუმი ფატოს ნანოს მთავრობას: ხელფასების 50 %-ით გაზრდა, პროფკავშირის კონტროლი სამუშაო პირობებზე, შკოდერის ამბების დამაშავეების სასამართლოსათის გადაცემა. ულტიმატუმის შესრულების ბოლო ვადად 15 მაისი იყო. კომპრომისი პროფკავშირებმა გამორიცხეს.

16 მაისს დემოკრატიულმა პარტიამ და პროფკავშირებმა დაიწყეს საყოველთაო გაფიცვა, რომელშიც 220 ათასი მუშა ჩაერთო[19], ერთი კვირის შემდეგ მათი რაოდენობა 300 000-მდე გაიზარდა[20].

გაფიცვებმა პრაქტიკულად სახელმწიფოს პარალიზება გამოიწვია. პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მიმართეს გაფიცვის ორგანიზატორებს, რომ შეეწყვიტათ გაფიცვა და დაბრუნებოდნენ შრომის ადგილებს, მაგრამ უშედეგოდ. პოლიციამ უარი თქვა გაფიცულების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე. 29 მაისს პარლამენტმა საგანგებო სესიია გამართა. ამავე დღეს ტირანაში მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა პროფკავშირების ორგანიზებით, პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ხელკეტები, ქვები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

1 ივნისს მთავრობამ მომიტინგეებს შესთავაზა ახალი მთავრობის შექმნა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ახალ კაბინეტს სათავეში ჩაუდგა იული ბუფი. ვიცე-პრემიერად და ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი გრამოზ პაშკო[21]. ახალი არჩევნები დაინიშნა მომავალი წლის მარტში. 10 დეკემბერს მთავრობის მეთაური გახდა ვილსონ ახმეტი. ახლაი კაბინეტის დავალება იყო არჩევნების მომზადება.

1992 წლის 22 მარტს გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა დემოკრატიულმა პარტიამ, მან მიიღო ხმების 57,3 %, ხოლო სოციალისტებმა 23,7 %. ახალი მთავრობის მეთაური გახდა დემოკრატიული პარტიის აქტივისტი ალექსანდერ მეკსი. 3 აპრილს თანამდებობიდან გადადგა რამიზ ალია. 9 აპრილს კი ახალ პრეზიდენტად აირჩიეს დემოკრატიული პარტიის ლიდერი სალი ბერიშა.

ალბანეთში კომუნისტური რეჟიმი დაემხო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Подвиг Шевдета
  2. Remzi Lani. (1999-12-16) ALBANIA: NINE YEARS AFTER en. AIM TIRANA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-18. ციტირების თარიღი: 2015-03-25.
  3. 28 janar 1990/ Demonstrata e heshtur e Tiranës, emrat e 14 të arrestuarve dhe akuzat e Sigurimit
  4. Ramiz Alia, INTERVISTE — ‘Si u hapën ambasadat…’. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-12. ციტირების თარიღი: 2020-04-22.
  5. Si nisi rebelimi në Kavajë, përleshja në stadium me sigurimsa dhe rrahja e të dërguarit të Ramiz Alisë e Hekuran Isait në mars të ‘90. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-13. ციტირების თარიღი: 2020-04-22.
  6. Kavaje 1990, Ngjarjet E Korrikut
  7. Смена общественного строя в Албании (1989—1992 гг.). Агония «пролетарской диктатуры»
  8. Shqipëria, 20 vjet pas rënies së komunizmit
  9. Ardian Klosi fali kursimet për Lëvizjen Studentore. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-22. ციტირების თარიღი: 2016-08-31.
  10. Elez Biberaj. Albania in Transition: The Rocky Road to Democracy. Boulder, CO.: Westview Press. 1998.
  11. At Last, Albanians Feel Winds Of Change. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-10. ციტირების თარიღი: 2020-04-22.
  12. 20 shkurti 1991: kur PD-ja nuk përgëzoi rrëzimin e shtatores së Enverit
  13. Greva e përgjithshme, ja si u rrëzua qeveria e fundit komuniste. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-22. ციტირების თარიღი: 2016-08-31.
  14. Sindikatat, me 17 kërkesa rrëzuam Qeverinë «Nano». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-22. ციტირების თარიღი: 2016-08-31.
  15. 24 vjet nga rrëzimi i bustit të Enver Hoxhës
  16. Gjyqi i Nexhmije Hoxhës/ Dëshmitë e Ramiz Alisë, Hekuran Isait dhe Manush Myftiut. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-18. ციტირების თარიღი: 2020-04-23.
  17. Robert Bideleux & Ian Jeffries. The Balkans: A Post-Communist History. New York: Routledge. 2007.
  18. Në Shkodër përkujtohet Demonstrata Antikomuniste e 2 prillit 1991
  19. General strike in Albania claimed as major success
  20. Albanian workers force shift toward democracy, 1991
  21. Albania Appoints a Non-Communist Cabinet