აკაკი წერეთელი (მღვიმე)
აკაკი წერეთელი — კარსტული მღვიმე საქართველოში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის ტერიტორიაზე. მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. მღვიმეში შესასვლელი არის კლდოვანი ფარდულით, დაღმავალფსკერიანი და კარსტული გვირაბებისგან შედგება. შემდეგ ეშვება ჩრდილო-დასავლეთით პალეო მდინარის მიმართულებით. მღვიმის შესასვლელის სიმაღლე ზღვის დონიდან 455 მეტრია, ხოლო შეფარდებითი კი მდინარე ყვირილის დონიდან 75 მეტრი. მღვიმის სიღრმე 12 მეტრია, ჯამური სიგრძე 45 მეტრი, სიგანე – მინიმალური 1 მ, მაქსიმალური 2,5 მ, სიმაღლე მინიმალური 0,5 მ, მაქსიმალური კი 5 მ. მღვიმე ოთხსართულიან სიღრუეს წარმოადგენს.
აკაკი წერეთელი | |
---|---|
აკაკი წერეთლის მღვიმე | |
კოორდინატები: 42°20′27″ ჩ. გ. 43°21′49″ ა. გ. / 42.34083° ჩ. გ. 43.36361° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 455 მ |
სიგრძე | 45 მ |
სიღრმე | 12 მ |
ტიპი | კარსტული |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ფაუნა | ობობები რგოლოვანი ჭიები მრავალფეხიანები |
მღვიმეში ჰაერის ტემპერატურა 14 გრადუსია. გაედინება პატარა ნაკადული, გვირაბის გაფართოებაში დიდ როლს თამაშობს დროებითი ღვარების ჭარბი ნაკადები. ქიმიური ნალექებიდან გვხდება სტალაქტიტები, სტალაგმიტები, კალციტის მოფარდაგებანი, მექანიკურიდან – ნგრევის ადგილობრივი მასალა, გამოფიტვის პროდუქტები, დროებითი ნაკადების მიერ შემოტანილია ალუვიონი, აგრეთვე მღვიმეში გვხდება მდინარეული რიყნარი მასალა. ბინადრობენ ობობები, მცირეჯაგრიანი რგოლოვანი ჭიები, მრავალფეხიანები და სხვა ცოცხალი ორგანიზმები.
ჭიათურა-საჩხერის გზატკეცილიდან მღვიმისკენ მიმავალი გზა მიემართება სოფელ სარეკის მიმართულებით. სასოფლო გზიდან მღვიმისკენ 150 მეტრის მანძილზე გრუნტის გზა მიუყვება სოფელ სარეკის მაცხოვრებელ ბიძინა აბჟანდაძის საკარმიდამო ნაკვეთთან ახლოს არსებულ კლდოვან ფარდულში. მღვიმის ბოლომდე გასავლელად საჭიროა სპელეოლოგიური აღჭურვილობა. მღვიმე გამოკვლეული იქნა 2015 წლის 23 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგია, კარტოგრაფიის კათედრის ასისტენტ პროფესორის გიორგი დვალაშვილის მიერ.
სახელწოდება
რედაქტირებაახალ აღმოჩენილ კარსტულ მღვიმეს სახელი აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით ეწოდა.