ავღანეთის გეოგრაფია
ავღანეთი — სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. დასავლეთით ესაზღვრება ირანი, სამხრეთით და აღმოსავლეთით პაკისტანი, ჩრდილოეთით თურქმენეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი, აღმოსავლეთით ჩინეთი და ინდოეთი.
ავღანეთის გეოგრაფია | |
---|---|
სატელიტური ფოტოსურათი | |
კონტინენტი | აზია |
რეგიონი | სამხრეთ-დასავლეთი აზია |
უმაღლესი წერტილი | ნოშაკი |
უგრძესი მდინარე | ამუდარია |
ავღანეთი მდებარეობს ირანის მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ტერიტორიის 3/4 მთიანია. ჩრდილო ნაწილში გადაჭიმულია ცარცული და კაინოზოური ქანებით აგებული ჩრდილოეთ ავღანეთის მთები (ფაროფამიზი, საფედქოჰი, ბანდ-ი-თურქესტანი და სხვა), აღმოსავლეთ ნაწილში — ავღანეთის ყველაზე მაღალ მთათა სისიტემა ცენტრალური და აღმოსავლეთი ჰინდუქუში (მწვერვალი თირგარანი, 6729 მეტრი), რომელთათვისაც დამახასიათებელია მეტად ციცაბო ფერდობები და თანამედროვე გამყინვარება. ჰინდუქუშის სამხრეთით მდებარეობს საშუალო სიმაღლის ძლიერ პენეპლენიზებული ცენტრალური ავღანეთის მთები. ჰინდუქუშსა და სულეიმანის მთებს შორის მოქცეულია ღაზნი-ყანდაარის მთიანეთი. ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 500-1000 მ სიმაღლის ბორცვიან ვაკეებსა და უდაბნოებიან ქვაბულებს უკავია, მათ შორის სიდიდით გამოირჩევა რეგისტანისა და გარმსირის ქვიშიანი უდაბნოები და ქვიან-თიხიანი უდაბნო დაშთ-ი-მარგო. ავღანეთის ჩრდილო ნაწილი მთისწინა ლიოსის ვაკეა. ავღანეთში ცნობილია რკინის, ტყვიისა და თუთიის მადნის, ოქროს, ქვანახშირის, აირის, ლაზურიტის, ბერილიუმის, ბარიტის, გოგირდისა და სხვა საბადოები. არის მინერალური წყლები, ნავთობის ნარჩენები.
ავღანეთის ჰავა მშრალი, სუბეკვატორულია. ივლისის საშუალო ტემპერატურა 24-32°C,; მთებში, 2500-4000 მეტრ სიმაღლეზე, დაახლოებით 10°C. ბარში თბილი ზამთარი იცის (იანვრის საშუალო ტემპერატურა 0°C-იდან 8°C-მდე), მთებში კი სუსხიანი (ყინვები –20°C-იდან –30°C-მდე). ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა სამხრეთ ვაკეებე 40-50 მმ, შიგა ზეგნებზე 200-250 მ. ჰინდუქუშის ფერდობებზე წელიწადში 400-600 მმ ნალექი მოდის; სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ინდოეთის ოკეანიდან მუსონები იჭერება — 800 მმ.
მდინარეთა ქსელი არათანაბრად არის განაწილებული. შედარებით ხშირია აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. დიდი მდინარეებია: ამუდარია (ზემო დინებაში ფანჯი), ქაბული, მურღაბი, ჰარირუდი, ფარაჰრუდი, ჰილმენდი. მთის მდინარეები ჰიდროენერგიის დიდ მარაგს შეიცავს. ვაკის მდინარეები ზაფხულობით შრება, ბევრი მათგანი ქვიშიან უდაბნოში იკარგება. ტბები ცოტაა. ბევრ რაიონში გრუნტის წყალს სარწყავად და სასმელად იყენებენ.
ყველაზე მეტი ფართობი უკავია სუბტროპიკული მთის უდაბნოს რუხ-მურა (განსაკუთრებით სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში) და მთის რუხ ნიადაგს. ჩრდილო მთიან რაიონებში მდელო-სტეპის, მთის მდელოს და მთის ყავისფერი ნიადაგია.
ავღანეთში უმთავრესად ხარობს უდაბნოსა და მშრალი სტეპის მცენარეულობა. შიგა მთიანეთში გავრცელებულია ქსეროფიტები (გლერძი, ცერცვეკალა, აკანთოლიმონი), ქვიშიან ადგილებში — საქსაული, ეფემერები; უდაბნოებში — ავშნიან-ყარღანიანი მცენარეულობა; ფაროფამიზის ქედზე, ღვიისა და ფსტის მეჩხერ ტყეებთან ერთად, გვხვდება სიმშრალის მოყვარული ფრიგანის ეკლიანი ბუჩქნარი. ნურისტანი და ბადახშანი ტყიანია, 2000-2400 მეტრ სიმაღლემდე იზრდება მარადმწვანე მუხა. 3300-3400 მეტრამდე — ფიჭვი, სოჭი, ჰიმალაის კედარი, უფრო მაღლა ტანბრეცილი ტყეები, სუბალპური და ალპური მდელოებია.