ავრა თეოდოროპულო ( ბერძ. Αύρα Θεοδωροπούλου ; დ. 3 ნოემბერი, 1880, ედირნე — გ. 20 იანვარი, 1963, ათენი) — ბერძენი პიანისტი, სუფრაჟისტი და უფლებადამცველი. ბერძნული ორგანიზაციის — ქალთა უფლებების ლიგის დამფუძნებელი (1920), რომელსაც ხელმძღვანელობდა 1957 წლამდე.

ავრა თეოდოროპულო
მშობლიური სახელი ბერძ. Αύρα Θεοδωροπούλου
დაბადების თარიღი 3 ნოემბერი, 1880
ედირნე, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 20 იანვარი, 1963 (82 წლის)
ათენი, საბერძნეთი
მოქალაქეობა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
პროფესია პიანისტი, მწერალი, სუფრაჟისტი
მეუღლე(ები) აგის ტეროსი

ადრეული წლები

რედაქტირება

ავრა დრაკოპულო დაიბადა 1880 წლის 3 ნოემბერს ადრიანოპოლში ( ედირნე ), ოსმალეთის იმპერიაში, ელენე და არისტომენის დრაკოპულოების ოჯახში. მამა საბერძნეთის კონსულად მუშაობდა თურქეთში. [1] ავრას და — თეონი დრაკოპულო ცნობილი პოეტი და მსახიობი იყო. ბავშვობაში ოჯახი ცხოვრობდა თურქეთში. თურქეთიდან გარკვეული პერიოდით კრეტაზე გადავიდა, ხოლო შემდეგ — ათენში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ავრამ ისწავლა ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენები.[2] პირველი საბერძნეთ-თურქეთის ომის დროს მოხალისე მედდად მუშაობდა.

ავრამ 1900 წელს დაამთავრა ათენის კონსერვატორია. იმავე წელს გაიცნო მომავალი პოლიტიკოსი და მწერალი სპიროს თეოდოროპულო, რომელიც ცნობილი იყო ფსევდონიმით აგის ტეროსი. წყვილი 1906 წელს დაქორწინდა.

1910 წელს ავრა თეოდოროპულომ მონაწილეობა მიიღო "ანდრეას და იფიგენია სინროსის" სახელობის პიანისტების კონკურსზე და დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით. ამავდროულად, მუსიკის ისტორიისა და ფორტეპიანოს მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ათენის კონსერვატორიაში. პიანისტის კარიერის დასაწყისში თვითგამოხატვის სხვადასხვა ხერხების ძიებისას, თეოდოროპულომ დაწერა მინიმუმ ორი პიესა: ნახევრად ბიოგრაფიული "შანსი ან ნება" (ბერძნ. Τύχην ή θέλησιν ) (1906), და "ნაპერწკლები გაბრწყინდა" ( Σπίθες που σβήνουν ), რომლის დადგმაშიც 1912 წელს მონაწილეობა მიიღო მსახიობმა მარიკა კოტოპულმა.

ავრამ 1911 წელს მონაწილეობა მიიღო მშრომელი ქალების საკვირაო სკოლის დაარსების პროცესში ( ბერძ. Κυριακάτικο Σχολείο Εργατριών (KSE), ეს იყო ორგანიზაცია, რომელმაც საბერძნეთში პირველად მოითხოვა ქალებისთვის განათლების უფლება. პირველი ბალკანეთის ომის დროს ავრა კვლავ მედდად წავიდა მოხალისედ და დაჯილდოვდა საბერძნეთის წითელი ჯვრის მედლით, დედოფალ ოლგას მედლით, პირველი ბალკანეთის ომის მედლით და (მეორე) საბერძნეთ-ბულგარეთის ომის მედლით.

1918 წელს. თეოდოროპულო იყო ერთ-ერთი დამაარსებელი ორგანიზაციისა "ჯარისკაცების დები" ( ბერძ. Αδελφή του Στρατιώτη ). ასოციაცია შეიქმნა ომით გამოწვეული სოციალური საკითხების გადასაჭრელად და ქალებისთვის სამოქალაქო გავლენის აქტიური საშუალებებით უზრუნველსაყოფად. ორგანიზაცია მიზნად ისახავდა ქალთა წახალისებას და მათ დახმარებას სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების რეალიზებაში. მომდევნო წელს მან დატოვა ათენის კონსერვატორია და საბერძნეთის კონსერვატორიაში დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. 1920 წელს თეოდოროპულომ როზა იმვრიოტისთან, მარია ნეგრეპონტესთან, აგნი რუსოპულუსთან, მარია სვოლუსთან და სხვა ფემინისტებთან ერთად ჩამოაყალიბა ქალთა უფლებების ლიგა ( Σύνδεσμος για τα Δικαιώματα της Γυναίκας ). ის ცდილობდა კავშირის დამყარებას ქალთა ხმის უფლებათა საერთაშორისო ალიანსთან (IWSA). თავდაპირველად, ორგანიზაცია იყო ერთ-ერთი ყველაზე დინამიური ბერძნული ფემინისტური ორგანიზაცია. 1920 წელს მან საბერძნეთის მთავრობას წარადგინა რეზოლუცია, რომელიც მოითხოვდა სამართლებრივი დარღვევების აღმოფხვრას, რაც ხელს უშლიდა ქალებს ხმის მიცემაში. თეოდოროპულო მალე გახდა ლიგის პრეზიდენტი. თანამდებობას იკავებდა 1958 წლამდე. მცირე გამონაკლისის გარდა, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს ორგანიზაცია აიკრძალა.[3]

1923 წელს თეოდოროპულომ გამოაქვეყნა ლიგის ჟურნალი "ქალის ბრძოლა" ( Αγώνας της Γυναίκας ) და მონაწილეობა მიიღო რომში გამართულ IWSA -ს მე-9 კონფერენციაში. იგი გახდა IWSA-ს გამგეობის წევრი 1935 წლამდე. ბუქარესტში გამართულ IWSA კონფერენციაზე თეოდოროპულო მეფე ალექსანდრე I-ის მედლით დაჯილდოვდა. ავრა თეოდოროპულომ დააარსა საერთაშორისო ორგანიზაცია „ ქალთა პატარა ანტანტა“, რომელშიც გააერთიანა ფემინისტები ჩეხოსლოვაკიიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან და იუგოსლავიიდან. თეოდოროპულო 1925 წლიდან 1927 წლამდე ორგანიზაციის საბერძნეთის ფილიალის პრეზიდენტი იყო [4] .

1936 წელს თეოდოროპულომ მიატოვა საბერძნეთის კონსერვატორია და ეროვნულ კონსერვატორიაში დაიწყო პედაგოგად მუშაობა. 1936 წელს, როდესაც გენერალმა იოანეს მეტაქსასმა საბერძნეთის მეთაურის პოსტი დაიკავა, გააუქმა ქალთა ორგანიზაციების საქმიანობა. მეორე მსოფლიო ომის დროს ფემინისტებმა მხარი დაუჭირეს ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართულ წინააღმდეგობის მოძრაობას და თეოდოროპოლო, ისევე როგორც სხვა სამხედრო კონფლიქტების დროს, მოხალისედ წავიდა ფრონტზე, როგორც მედდა. 1946 წელს იგი გახდა ახლადშექმნილი საბერძნეთის ქალთა ფედერაციის პრეზიდენტი ( ბერძ. Πανελλαδική Ομοσπονδία Γυναικών ) (POG), რომელიც შეიქმნა საბერძნეთში ყველა ქალთა ორგანიზაციის გაერთიანების მიზნით. ფედერაციამ მოაწყო კონფერენცია, რომელიც გაიმართა 1946 წლის მაისში. ათენში 671 დელეგატი შეიკრიბა.[5] მალე სამოქალაქო ომი დაიწყო საბერძნეთში და თეოდოროპულო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა, რადგან თვლიდა, რომ ქალთა მოძრაობა უნდა უპარტიო ყოფილიყო.

სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, თეოდოროპულო კვლავ მონაწილეობდა IWSA -ს კონფერენციებში ამსტერდამში (1949), სტოკჰოლმში (1951), ნეაპოლში (1952), კოლომბოში (1955), კოპენჰაგენში (1956) და ათენში (1958).

1952 წელს ბერძენ ქალებს მიეცათ უფლება ეროვნულ არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ.

ავრა თეოდოროპულომ 1957 წელს დაასრულა პედაგოგიური კარიერა, ხოლო 1958 წლიდნ ქალთა უფლებების ლიგაში შეწყვიტა საქმიანობა. შემდგომ წლებში მუშაობდა მუსიკალურ კრიტიკოსად, აქვეყნებდა სტატიებს გაზეთებსა და ჟურნალებში. ავრა თეოდოროპულო გარდაიცვალა ათენში 1963 წლის 20 იანვარს [6] .

  1. Biographical dictionary of women's movements and feminisms in Central, Eastern, and South Eastern Europe : 19th and 20th centuries. — Budapest ; New York: CEU Press/Central European University Press, 2006. — 710 p. — ISBN 978-963-7326-39-4, 978-963-7326-40-0.
  2. Katharina M. Wilson, M. Wilson. An Encyclopedia of Continental Women Writers. — Taylor & Francis, 1991. — P. 330. — 698 p. — ISBN 978-0-8240-8547-6.
  3. Zirin, Mary; Livezeanu, Irina; Worobec, Christine D.; Farris, June Pachuta (2015). Women and Gender in Central and Eastern Europe, Russia, and Eurasia: A Comprehensive Bibliography. New York, New York: Routledge. ISBN 978-1-317-45197-6.
  4. Γυναικείο κίνημα - ELLINIKI GNOMI • Die Zeitung der Griechen in Europa.ELLINIKI GNOMI • Die Zeitung der Griechen in Europa. web.archive.org (23 მარტი 2016). ციტირების თარიღი: 22 მარტი 2021. დაარქივებულია 23 მარტი 2016 .
  5. Duchen, Claire; Bandhauer-Schoffmann, Irene (2010). When the War Was Over: Women, War, and Peace in Europe, 1940–1956. London, England: Leisest University Press. ISBN 978-1-4411-7270-9.
  6. ΠΡΟΣΩΠΙΚΟΤΗΤΕΣ ΤΗΣ ΘΡΑΚΗΣ (2016-03-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-23. ციტირების თარიღი: 2023-03-22.