სუფრაჟისტები (ფრანგ. suffragettes, ფრანგ. suffrage-დან — საარჩევნო უფლება) — ქალთა ბურჟუაზიული მოძრაობის მონაწილენი, რომლებიც მოითხოვდნენ ქალებისათვის საარჩევნო უფლების მინიჭებას.

ინგლისელი სუფრაჟისტი

წარსულ კულტურებსა და ცივილიზაციებში ქალის პოზიციები განსხვავდებოდა. ზოგიერთ ქვეყანაში ქალი მხოლოდ მამის ან მეუღლის პირად საკუთრებას წარმოადგენდა, ზოგან კი მას თავისუფლება და ბევრი კანონიერი უფლება ეძლეოდა. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი მამაკაცებს ბევრად მეტი უფლება ენიჭებოდათ. ძლიერი სქესი, ამავე დროს, წამყვან სქესსაც წარმოადგენდა.

მამაკაცებზე დამოკიდებულმა ქალებმა XIX საუკუნეში დაიწყეს ბრძოლა ფართო უფლებების მოპოვების მიზნით. საბოლოოდ, მათ მიენიჭათ საარჩევნო უფლებები, მაგრამ მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ იყო.[1]

პირველი მოთხოვნები

რედაქტირება

თანასწორობის პირველი რადიკალური მოთხოვნა გაჩნდა XVIII საუკუნის ბოლოს, როდესაც ქალების ზოგიერთ წარმომადგენელს თავისი სოციალური მდგომარეობა საშუალებას აძლევდა მიეღო განათლება და გამხდარიყო ცნობილი მწერალი ან მსახიობი. 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციამ წარმოშვა ბევრი ახალი რადიკალური იდეა და შთააგონა მერი უოლსტოუნკრაფტს დაეწერა თავისი კლასიკური "ქალთა უფლებების დაცვა" (1792). მთავრობის მიერ გატარებული ზომების მიუხედავად XIX საუკუნეში რადიკალიზმი კვლავ ამოტივტივდა და თანდათანობით მიზანს მიაღწია. თუმცა ეს მიზნები არ ითვალისწინებდა ქალთა პოლიტიკურ და სქესობრივ თანასწორობას.

ასეთი შეზღუდვების მიუხედავად, ზოგიერთმა ქალბატონმა დაიწყო საკუთარი უფლებების დაცვა. მათი აგიტაციის შედეგად, ქალებს მიანიჭეს ზოგიერთი მნიშვნელოვანი კანონიერი უფლება, მაგალითად, მათი კუთვნილი ქონების გაკონტროლებისა და არასრულწლოვან შვილებთან დაკავშირებული სხვადასხვა უფლება. რადგან ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების კარი ქალებისთვის დახურული იყო, სუსტი სქესის წარმომადგენლებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი უმაღლესი სასწავლებლები. სხვა ქვეყნებში პროგრესს მიაღწიეს ცალკეულმა ინდივიდებმა, რომლებმაც პროფესიული წინსვლა დაიწყეს. აღსანიშნავია ამერიკელი ელიზაბეთ ბლექვილი და ბრიტანელი ელიზაბეთ გარეტ ანდერსონი, რომლებმაც დიდ წარმატებებს მიაღწიეს მედიცინაში. ასევე ფლორენს ნაითინგეილი, რომელმაც ყირიმის ომის დროს მედდა წამყვან ქალურ პროფესიად აქცია.

რეფორმატორ ქალებს და მათ მხარდამჭერ მამაკაცებს მიაჩნდათ, რომ მათი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი საარჩევნო უფლების მიღება იყო. XIX საუკუნის შუა წლებში ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საარჩევნო უფლების მოპოვების მიზნით კამპანიების გატარება დაიწყო. ამ მცდელობებმა გარკვეული გარდაქმნები მოახდინეს, თუმცა ტრადიციული დამოკიდებულება ძნელად იცვლებოდა.

პირველი მსოფლიო ომის (1914–1918) წინ რამდენიმე სახელმწიფომ (ახალმა ზელანდიამ, ავსტრალიამ, ფინეთმა და ნორვეგიამ) ქალებს საარჩევნო უფლება მიანიჭა. სხვა ქვეყნებში კი სიტუაცია სულ უფრო და უფრო მძაფრდებოდა. ყველაზე მეტად აღსანიშნავია ბრიტანეთი, სადაც 1903 წელს მისის ემელინ პერჰერსტის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა საარჩევნო უფლებებისთვის მებრძოლ ქალთა საზოგადოება, რომლის წევრებსაც სუფრაჟისტები ეწოდებოდათ. მიზნის მისაღწევად სუფრაჟისტები ხშირად მიმართავდნენ უკიდურეს მეთოდებს – ეჯაჭვებოდნენ რა სახელმწიფო შენობების გალავნებს და ხელს უშლიდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ შეხვედრებს. დაპატიმრების შემთხვევაში კი კვლავ განაგრძობდნენ ბრძოლას და შიმშილობდნენ.[2]

ომის პერიოდის დათმობები

რედაქტირება

პირველი მსოფლიო ომის დაწყების დროს, ბევრმა სუფრაჟისტმა თავი დაანება ბრძოლას და ომში წასული მამაკაცების მაგივრად მათ სამუშაო ადგილებზე დაიწყო სამსახური. მათმა აშკარა კომპეტენტურობამ დაამტკიცა ქალის შესაძლებლობები და დაამსხვრია პოლიტიკური თანასწორობის მოწინააღდეგეთა არგუმენტები. სუფრაჟისტების ახალი გამოსვლების თავიდან ასაცილებლად, ბრიტანეთის მთავრობამ ქალებს საარჩევნო უფლებები მიანიჭა. ომის შემდგომ პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატების და ევროპის ბევრი ქვეყნის ხელისუფლებამაც დააკმაყოფილა ქალთა მოთხნოვნები. წლების შემდეგ ქალებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ბევრი სამუშაო ადგილი, მათ შორის საოფისე და მომსახურების საქმე ყველაზე სწრაფად ვითარდებოდა. თუმცა ქალებს მაინც ნაკლებს უხდიდნენ, ვიდრე მამაკაცებს და არ სთავაზობდნენ ტრადიციულ მამაკაცურ თანამდებობებს. პოლიტიკასა და ბიზნესში ქალები მაინც უმცირესობას წარმოადგენდნენ.[3]

ბრძოლა გრძელდება

რედაქტირება

ამის შემდეგ 1960 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოყალიბდა "ქალთა განთავისუფლების მოძრაობა", რომელიც შემდგომ ევროპასაც მოედო. ამ მოძრაობის იდეის აღსანიშნავად ფართოდ დაიწყეს ტერმინ „ფემინიზმის“ გამოყენება. ამ მოძრაობის მთავარი მიზნები ეხებოდა თანასწორობის პრობლემას, თუმცა ამასთანავე, მისი წარმომადგენლები ებრძოდნენ ნაკლებად პოპულარულ პრობლემებსაც, როგორიცაა აბორტი და სექსუალური ძალადობა.

ამასობასში მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ქალები ისევ მოკლებულნი არიან ელემენტარულ უფლებებს, მაგალითად, საკუთარი სურვილით დაქორწინების უფლებას. კულტურა და რელიგია კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას, მაგალითად, კათოლიკური ეკლესია, თუ ისლამური ფუნდამენტალიზმი აფერხებს თანასწორობისთვის მოძრაობას. ამგვარად, "ქალთა საკითხი" საბოლოოდ დღემდე არ არის გადაწყვეტილი.[4]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სამეცნიერო–შემეცნებითი კოლექცია "შემეცნების სამყარო", თავი XIV, გვ. 239

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. სამეცნიერო–შემეცნებითი კოლექცია "შემეცნების სამყარო", თავი XIV, გვ. 239
  2. სამეცნიერო–შემეცნებითი კოლექცია "შემეცნების სამყარო", თავი XIV, გვ. 239
  3. სამეცნიერო–შემეცნებითი კოლექცია "შემეცნების სამყარო", თავი XIV, გვ. 239
  4. სამეცნიერო–შემეცნებითი კოლექცია "შემეცნების სამყარო", თავი XIV, გვ. 239