ადიშის წმინდა გიორგის ეკლესია (სამხრეთი უბანი)
ადიშის წმინდა გიორგის ეკლესია (სამხრეთი უბანი) — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურის შენაკადის, ადიშჭალის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 2040 მ, მესტიიდან 27 კმ.
ისტორია
რედაქტირებაწმინდა გიორგის მეორე ეკლესია, ლიჩანიში (ქვედა წმინდა გიორგი), სოფლის გარეთ, ალპურ ველზე დგას. აქ ეწყობა ვაჟიანობასთან დაკავშირებული დღესასწაული „ლიჩანიში“.
ტაძრის კანკელით გამოყოფილი აფსიდი იმდენად პატარაა, რომ ტრაპეზი წინ გამოდის და კეტავს აღსავლის კარს, რის გამოც საკურთხეველში მოხვედრა ჭირს.
ასომთავრულ წარწერაში, რომელიც ჩრდილოეთის კედელზე, წმინდა თევდორეს გამოსახულების ქვემოთაა, მოხსენებულია „ადიშის ხევის უფალი“. ამ წარწერით ჩანს, რომ ჰადიშს XI საუკუნეში საკუთარი ფეოდალი ჰყოლია, რომლის სახელი, სამწუხაროდ, აღარ შემოგვრჩა.
ადიშშია აღმოჩენილი ქართული მწერლობისა და ლიტერატურის ერთ ერთი უძველესი ძეგლი, ე.წ. "ადიშის ოთხთავი" (სახელი სოფლის მიხედვით უწოდეს), რომელიც 897 წელსაა გადაწერილი შატბერდის მონასტერში.
სოფელ ადიშის სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირას მდინარე ადიშჭალას მარჯვენა მაღალ ნაპირზე აღმართულია წმინდა გიორგის სახელობის მცირე ზომის დარბაზული ეკლესია — „ჯგრაგ“. X საუკუნით დათარიღებულ ტაძარში დაცულია უნიკალური XI-XII საუკუნეებით დათარიღებული კედლის მხატვრობა, რომლის იკონოგრაფიული პროგრამაც სრულად ეძღვნება ეკლესიის პატრონს, წმ. გიორგის.
ეკლესია რესტავრირებულია: გამყარებულია კონსტრუქციულად, კედლებზე არსებული ბზარები ამოვსებული და დახურულია, ხოლო საბურავი გადახურულია თუნუქით. ბოლო განახლებამდე ტაძარი მიწისძვრით მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რის გამოც ფასადები დამცავი კედლით იყო დაფარული; ამჟამად დამცავი კედლები მოხსნილია და ეკლესია პირვანდელი აბრისით არის წარმოდგენილი. მცირე მასშტაბის მიუხედავად, ადიშის ჯგრაგის ეკლესია გამორჩეულია მაღალმხატვრული და ისტორიული ღირებულებებით. ეკლესია ხაზგასმით იკვეთება გარემო ლანდშაფტში, რასაც ბუნებრივი ბორცვის გარდა, განაპირობებს მასიური და საკმაოდ შემაღლებული ზეძირკველი, რომელზეც ტაძარია შემდგარი. ეკლესია ნაგებია მოყვითალო-მორუხო ფერის, თლილი შირიმის კვადრებით. კირით შელესილ ფასადებს ასრულებს სწორკუთხა ლავგარდანი, რომელიც არ გამოეყოფა კედლის დანარჩენ სიბრტყეს.
ექსტერიერის ნალესობა ნაწილობრივ დაზიანებულია ისევე, როგორც ჩრდილოეთ ფასადზე დაცული ცნობილი ფრესკული მხატვრობა, რომელიც გაფერმკრთალებული და ნაკლულია.
საფსადო დანაწევრება ლაკონიური და სადაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე წაგრძელებული ეკლესია დასავლეთ კედელში დატანილი ერთადერთი შესასვლელითა და განივ ფასადებზე, სიმეტრიის ღერძზე გაჭრილი თითო სწორკუთხა სარკმლით არის წარმოდგენილი. სარკმლები შიგნიდან გაგანიერებული და თაღოვანი მოხაზულობისაა, არქიტრავული კარის სამხრეთით ვიწრო ბაქანია, რომელსაც ჩრდილოეთიდან წყობით კიბე აქვს მიდგმული.
ეკლესიის სივრცე პატარაა და მთავრდება აფსიდით, რომელიც გაშლილი ნახევარწრეა. აფსიდი კამარას მაღალი შუბლით გამოეყოფა, დარბაზის იატაკზე კი ერთის აფეხურით არის ამაღლებული.
საკურთხევლის თაღი სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ორსაფეხურიან კუთხის პილასტრებს ებჯინება. საკურთხევლის წინ სამთაღიანი ქვის კანკელია აღმართული, რომელიც გეგმაში მრგვალ წყვილ სვეტებზე დაბჯენილ თაღედს ქმნის. ქვის კანკელზე მხატვრობის ფრაგმენტებია შერჩენილი - ფრონტონი მცენარეული ორნამენტით არის დაფარული.
ინტერიერი მთლიანად მოხატულია. ღია, ნათელი კოლორიტის მხატვრობა, რომელიც სრულად ეძღვნება წმ. გიორგის კულტს, ადგილობრივ ოსტატის მიერ არის შესრულებული.
საკურთხევლის კონქში ვედრების სცენაა: ცენტრში გამოსახულია ტახტზე მჯდომარე ქრისტე კურთხევის ნიშნად აღმართული ხელით, ხოლო მის ორსავ მხარეს ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი. კედლის ქვემო ნაწილში წარმოდგენილნი არიან ეკლესიის მამანი; ასიმეტრიულად განლაგებული ფიგურებიდან მარცხენა მხარეს წმ. ბასილია, მარჯვენა მხარეს - იოანე ოქროპირი და კიდევ ერთი წმინდანი. დარბაზის კედლების ქვედა რეგისტრები წმ. გიორგის ცხოვრების ამსახველ სცენებს ეთმობა: ჩრდილოეთ კედელზე მოცემულია კომპოზიცია ,,ქალაქ ლასიას სასწაული“, რომელშიც ყურადღებას იქცევს მეფის ასულის ფიგურა, რომელსაც ცენტრალური ადგილი უჭირავს და საოცარი გრაციოზულობით გამოირჩევა; სამხრეთ კედელზე გამოსახულია - ,,სასწაული გადარჩენილი ბიჭით“. ხოლო დასავლეთ კედელზე წმ. გიორგის ამბების თხრობის დამამთავრებელი და საზეიმო განწყობის კომპოზიციაა მოცემული - ,,მაცხოვრის მიერ წმინდა მეომართა კურთხევა“: მედალიონში მოთავსებული, მკერდამდე გამოსახული ქრისტე გვირგვინით მოსავს წმინდა მეომრებს გიორგისა და თევდორეს, რომლებიც სიმეტრიულად ფლანკირებენ შესასვლელ კარს. იგივე მეომრები გამოსახულნი არიან მხედრების სახით ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადზე, რომელთა აპოტროფული დანიშნულების ფიგურებიც დასავლეთისკენ, სოფელში მიმავალი გზისკენ არის პირმიქცეული. ადიშის წმ. გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია ძალიან მაღალი მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობის ეროვნული ძეგლია.
ადიშის წმინდა გიორგის ეკლესია 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- ადიშის ეკლესიები. //ჟღერს ქვის ჰარმონია; ნაკვეთი პირველი, ა-დ, საკითხავნი ყმაწვილთათვის, "ციცინათელა", თბილისი 2006 წ., გვ. 15
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-07-25.