ადელჰაიდ მარია ანჰალტ-დესაუელი

ადელჰაიდ მარია ანჰალტ-დესაუელი (გერმ. Adelheid Marie von Anhalt-Dessau, ლუქს. Adélaïde-Marie vun Anhalt-Dessau; დ. 25 დეკემბერი, 1833, დესაუ, გერმანია ― გ. 24 ნოემბერი, 1916, კოინიგშტაინ-იმ-ტაუნუსი, გერმანია) ― გერმანელი პრინცესა ასკანიათა დინასტიიდან. ანჰალტ-დესაუს მთავარ ფრიდრიხ ავგუსტისა და მისი მეუღლის, ჰესენ-კასელის პრინცესა მარია ლუიზა შარლოტას ქალიშვილი. ნასაუს ჰერცოგინია 1851-1866 წლებში და შემდეგში უკვე ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია 1890-1905 წლებში, როგორც დიდ ჰერცოგ ადოლფის მეუღლე. ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგ ვილჰელმ IV-ის დედა.

ადელჰაიდ მარია ანჰალტ-დესაუელი
ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 23 ნოემბერი, 1890
მმართ. დასასრული: 17 ნოემბერი, 1905
წინამორბედი: ემა ცუ ვალდეკ უნდ პირმონტი
მემკვიდრე: მარია ანა პორტუგალიელი
ნასაუს ჰერცოგინია
მმართ. წლები: 23 აპრილი, 1851 - 20 სექტემბერი, 1866
წინამორბედი: ელიზაბეტა მიხაილოვნა რომანოვა
მემკვიდრე: საჰერცოგო მიუერთდა პრუსიას
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 25 დეკემბერი, 1833
დაბ. ადგილი: დესაუ, გერმანია
გარდ. თარიღი: 24 ნოემბერი, 1916, (82 წლის)
გარდ. ადგილი: კოინიგშტაინ-იმ-ტაუნუსი, გერმანია
მეუღლე: ადოლფი, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი
(ქ. 1851 - გარდ. 1905)
შვილები: ვილჰელმ IV, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი
ჰილდა, ბადენის დიდი ჰერცოგინია
დინასტია: ასკანიები
მამა: ფრიდრიხ ავგუსტ ანჰალტ-დესაუელი
დედა: მარია ლუიზა შარლოტა ჰესენ-კასელელი
რელიგია: კათოლიციზმი

დაბადება და ოჯახი

რედაქტირება

ადელჰაიდ მარია დაიბადა 1833 წლის 25 დეკემბერს, შობის დღეს, გერმანიის ქალაქ დესაუში. იგი იყო ანჰალტ-დესაუს მთავარ ფრიდრიხ ავგუსტისა და მისი მეუღლის, ჰესენ-კასელის პრინცესა მარია ლუიზა შარლოტას უფროსი ქალიშვილი სამიდან და ჰყავდა ორი უმცროსი და: შომბურგ-ლიპეს პრინცესა ბატილდა ამალგუნდა და ჰილდა შარლოტა, რომელიც გაუთხოვარი გარდაიცვალა. დედის მხრიდან იგი ჰესენ-კასელის პრინც ვილჰელმისა და მისი ცოლის, დანიის პრინცესა ლუიზა შარლოტას შვილიშვილი იყო, შესაბამისად, ადელჰაიდ მარია დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ V-ის შვილთაშვილის შვილი იყო. რაც შეეხება მამის მხარეს, იგი ანჰალტ-დესაუს მთავარ ფრიდრიხისა და მისი ცოლის, ჰესენ-ჰომბურგის პრინცესა ამალიას შვილიშვილი იყო.

ქორწინება

რედაქტირება
 
პრინცესა ადელჰაიდ მარია 1840-იანი წლების ბოლოს

სტანდარტული განათლების მიცემის შემდეგ, მისმა მშობლებმა ადელჰაიდ მარიას, როგორც უფროსი ქალიშვილის, გათხოვებაზე დაიწყეს ფიქრი. საქმროს ძებნა გერმანელ მთავრებს შორისვე დაიწყეს და მალევე იპოვეს შესაბამისი კანდიდატიც ადოლფ ნასაუელის სახით.

1851 წლის 23 აპრილს დესაუში პრინცესა ადელჰაიდ მარია დააქორწინეს ნასაუს ჰერცოგ ადოლფზე, რითაც იგი ნასაუს ჰერცოგინია გახდა. აღსანიშნავია, რომ წყვილს ერთობ ხანგრძლივი და ასევე ნაყოფიერი ქორწინება ჰქონდა.

გერმანიაში მიმდინარე დიდი პოლიტიკური ძვრების პირობებში ადელჰაიდ მარიას ნასაუს ჰერცოგინიობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. 1866 წლის 20 სექტემბერს პრუსიის სამეფომ მოახდინა საჰერცოგოს ანექსირება და იგი ოფიციალურად დაიქვემდებარა, ადოლფსა და ადელჰაიდ მარიას კი ტიტულები ჩამოართვათ. ამის მიუხედავად, პრუსიის მეფემ მათ თავიანთი საგვარეულო მამულები და ქონება მაინც დაუტოვა.

აღნიშნული ფაქტი და ნასაუს საჰერცოგოს გაუქმება უმეტესად განპირობებული იყო იმით, რომ 1866 წელს ავსტრია-პრუსიის ომში ჰერცოგმა ადოლფმა ავსტრიის მხარე დაიჭირა, რის გამოც, პრუსიელებმა მალევე გააუქმეს ავსტრიელთა მომხრე გერმანული სამთავროები, მათ შორის ნასაუც.

დიდი ჰერცოგინია

რედაქტირება
 
დაქვრივებული ადელჰაიდ მარია, პორტრეტი შესრულებულია 1916 წლამდე

1890 წელს ნიდერლანდების მეფე და ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი ვილემ III გარდაიცვალა. ტახტი მის მცირეწლოვან ქალიშვილს, დედოფალ ვილჰელმინას დარჩა, რომლის ნაცვლადაც დედამისი, დედა-დედოფალი ემა მართავდა ქვეყანას რეგენტის სტატუსით. იმის გამო, რომ ლუქსემბურგელებს არ სურდათ სახელმწიფოს მართვის სადავეების ქალისათვის გადაბარება, იმავე წელს ლუქსემბურგი ოფიციალურად გამოეყო ნიდერლანდების სამეფოს და იქცა ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოდ, დიდ ჰერცოგად კი არჩეულ იქნა ასევე ნასაუელთა დინასტიის წარმომადგენელი პრინცი ადოლფი, ადელჰაიდ მარიას მეუღლე, რითაც იგი დამოუკიდებელი ლუქსემბურგის ისტორიაში პირველი დიდი ჰერცოგინია გახდა.

1890 წლის 23 აპრილს გაფორმებული ნასაუს საოჯახო პაქტით, ადოლფსა და ადელჰაიდ მარიას ოფიციალურად გადაეცათ ლუქსემბურგის ტახტი.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მისი თხუთმეწლიანი მმართველობიდან ადელჰაიდ მარიას შესახებ ცნობები ფაქტობრივად არ არსებობს. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მას არ ჰქონია არავითარი პოლიტიკური გავლენა და არც სახელმწიფო ცხოვრებასა და რეფორმებში მონაწილეობდა.

1905 წლის 17 ნოემბერს, ადოლფის გარდაცვალებასთან ერთად ადელჰაიდ მარიამაც დაკარგა დიდი ჰერცოგინიის წოდება.

ქვრივობა და გარდაცვალება

რედაქტირება

დიდ ჰერცოგ ადოლფის გარდაცვალების შემდეგ ლუქსემბურგის ტახტზე მისი და ადელჰაიდ მარიას ვაჟი, ვილჰელმ IV ავიდა. დაქვრივებულმა ადელჰაიდ მარიამ განაგრძო მშვიდი ცხოვრება ლუქსემბურგში, სანამ 1912 წელს მისი ვაჟი არ გარდაიცვლებოდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ვილჰელმ IV-ს ვაჟი არ ჰყოლია და მხოლოდ ქალიშვილები დარჩა, ლუქსემბურგის ტახტი ადელჰაიდ მარიას შვილიშვილმა, დიდმა ჰერცოგინია ადელაიდა მარიამ დაიკავა, რომელსაც სახელი მის პატივსაცემად ერქვა. მას შემდეგ, რაც 1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და ლუქსემბურგის ანექსია გერმანიის იმპერიამ მოახდინა, ადელჰაიდ მარიამ დატოვა ლუქსემბურგი და დაბრუნდა მშობლიურ გერმანიაში, სადაც გაატარა დარჩენილი ორი წელი და გარდაიცვალა 1916 წლის 24 ნოემბერს, 82 წლის ასაკში. იგი ომის დასრულებას ვეღარ მოესწრო.

ადოლფსა და ადელჰაიდ მარიას სულ ხუთი შვილი ჰყავდათ, თუმცა მათგან მხოლოდ ორმა მიაღწია ზრდასრულობამდე:

  1. ვილჰელმ IV (1852-1912), ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი მამის შემდეგ, ცოლად შეირთო პორტუგალიის მეფე მიგელ I-ის ქალიშვილი მარია ანა, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის: ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია მარია ადელაიდა, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია შარლოტა, შვარცენბერგის პრინცესა ჰილდა, ბავარიის პრინცესა ანტონია, თურნ უნდ ტაქსისის პრინცესა ელისაბედი და საქსონიის პრინცესა სოფია;
  2. ფრიდრიხი (1854-1855), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. მარია (1857), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  4. ფრანც იოზეფი (1859-1875), გარდაიცვალა მოზარდობისას;
  5. ჰილდა (1864-1952), ცოლად გაჰყვა ბადენის დიდ ჰერცოგ ფრიდრიხ II-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლიათ;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Even, Pierre (2000). Dynastie Luxemburg-Nassau: von den Grafen zu Nassau zu den Großherzögen von Luxemburg : eine neunhundertjährige Herrschergeschichte in einhundert Biographien. Luxemburg: Schortgen. pp. 261–279.
  • "Adelheid Marie von Anhalt-Dessau (1833-1916) -..." www.findagrave.com. Retrieved 2020-10-29.