ალექსანდრე აბაშელი
ალექსანდრე აბაშელი (ნამდვილი სახელი — ალექსანდრე (ისაკ) ბესარიონის ძე ჩოჩია; დ. 15 (27) აგვისტო, 1884, საჩოჩიო — გ. 27 სექტემბერი ან 29 სექტემბერი, 1954, თბილისი) — ქართველი პოეტი და ფანტასტი-მწერალი.
ალექსანდრე აბაშელი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 27 აგვისტო, 1884[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | აბაშისპირი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 27 სექტემბერი, 1954[1] [2] [3] [4] (70 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
ფსევდონიმი | Александр Виссарионович Абашели |
საქმიანობა | პოეტი და სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
სსრკ რუსეთის იმპერია |
Magnum opus | ქალი სარკეში |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ |
გავლენა მოახდინეს | |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. სწავლობდა აბაშის ორკლასიან სასწავლებელში. მსახურობდა საჩოჩიოს ფოსტის მოხელედ, რამდენიმე თვის შემდეგ გადაიყვანეს ბორჯომის ფოსტის განყოფილებაში. 1902 წლიდან ეცნობოდა არალეგალურ ლიტერატურას. 1904 წელს მუშაობდა ბათუმში, როტშილდის ქარხანაში. 1905 წელს დაიწყო რევოლუციური საქმიანობა, მუშაობდა პროპაგანდისტად აბაშის, ბანძის და მარტვილის რაიონებში. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის 1906 წელს გადაასახლეს სოლვიჩეგოდსკში. 1908 წელს გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა თბილისში „კავკაზისა“ და „ნოვაია რეჩის“ რედაქციებში. აქ გამოქვეყნდა აბაშელის პირველი ლექსები რუსულ ენაზე. მისი პირველი ქართული ლექსი „შავი აჩრდილი“ 1910 წელს დაიბეჭდა (ჟურნალ „თეატრი და ცხოვრება“, № 28). 1905 წელს რევოლუციის ოპტიმისტური და რეაქციის პერიოდის სევდიანი განწყობილებები აირეკლა აბაშელის ლექსთა პირველ წიგნში „მზის სიცილი“ (1913). კრებულის ძირითადი თემაა ე. წ. მზის კულტი, რომელსაც ორგანულად უკავშირდება რეალისტური და სიმბოლისტური ტენდენიები. 1913-1914 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ გახდა ლიტერატურული დაჯგუფება „აკადემიური მწერლობის კავშირის“ წევრი. 1921 წელს მისი რედაქტორობით გამოვიდა ჟურნალი „ხომალდი“. 20-იანი წლების დასაწყისისათვის აბაშელის შემოქმედებაში მომძლავრდა დეკადენტური მოტივები (კრებული „ანთებული ხეივანი“, 1923). იგი აქტიური წევრი გახდა. საბჭოთა საქართველოში სოციალისტურ გარდაქმნასთან ერთად აბაშელის პოეზიაში ახალი ეტაპი დაიწყო (ლექსი „თბილისი“, 1926). ლექსთა წიგნში „გაბზარული სარკე“ (1929) პოეტი „ეპოქისათვის თანამგზავრული სიმღერის“ თქმას მოითხოვდა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით დაკრძალულია მისი მეუღლე — ეკატერინე ისაიას ასული ბრაილოვსკაია (დ. 1894, იუზოვკა (ახლანდელი დონეცკი) — გ. 27 ოქტომბერი, 1966, თბილისი).
შემოქმედება
რედაქტირებააბაშელის შემოქმედებაში დამკვიდრდა ახალი ქვეყნის მშენებლობის თემატიკა. სამამულო ომის დროს დაწერილ ლექსებში პოეტმა უმღერა საბჭოთა ხალხის გმირობას.
მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე მოთხრობები და რომანები „ქალი სარკეში“ (1930), „ატმის ყვავილი“ (გამოქვეყნდა 1959), კრიტიკული წერილები. დაუმთავრებელი დარჩა რომანი „ირმა“. მისი რედაქციით გამოვიდა ვაჟა-ფშაველას თხზულებათა პირველი სრული კრებული. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.
სულ ათიოდე ლექსი ჰქონდა გამოქვეყნებული ალექსანდრე აბაშელს, როცა გაზეთი „თემი“ წერდა: „ს. აბაშელის შემოქმედებამ ისე წაგვახალისა, რომ ჩვენი გაზეთის რედაქციამ გადაწყვიტა დანიშნოს ფულის პრემია საუკეთესო ქართული ლექსისათვის, რომელიც დაწერილი იქნება 1911 წლის განმავლობაში. ამისთვის ცალკე ჟიური იქნება დაარსებული. პრემიის რაოდენობა და პირობები და ჟიურის წევრების სახელები ამ მოკლე ხანში იქნება გამოცხადებული“. ჟიურის წევრთაგან მოვიხსენიებთ მხოლოდ აკაკი წერეთელს, იაკობ გოგებაშვილს, კიტა აბაშიძეს და იაკობ ნიკოლაძეს, რომ ნათელი გახდეს მისი კომპეტენცია. 1911 წლის 28 ივნისს პრემია მიანიჭეს სატურნის ფსევდონიმით წარდგენილ ლექსს „მზე“. ნახევარი წლის შემდეგ გაირკვა, რომ „სატურნი“ არის ალექსანდრე აბაშელი.პოეტს ჯილდო თვით აკაკიმ გადასცა.
აკაკი წამოდგა, გადმომცა ფულიანი კონვერტი (პრემია), ჩამომართვა ხელი და მომილოცა... უმწვერვალეს მღელვარების ბურანში მყოფმა თითქოს ვიგრძენ, როგორ მოსწყდა აკაკის ნათელ შარავანდედს ერთი პატარა სხივი და დამეცა თავზე
— იგონებს ალექსანდრე აბაშელი 23 წლის შემდეგ.
სავსებით კანონზომიერია, რომ ალ. აბაშელმა რამდენიმე ლექსი უძღვნა აკაკის. პოეტი მიმართავს თავის დიდ წინაპარს: „დგას საქართველო ოქროს თასივით შენი ლექსების ნექტარით სავსე“.
ლექსი 1935 წელს არის დაწერილი — აკაკის გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ. 1926 წელს მან დაწერა ლექსი „წერილი ნოე ჩხიკვაძეს“, რომელშიც აღნიშნავს, რომ „დღეს… დაეცა ლოცვა და პოეზია“, რომ აღარ ისმის „ციდან ქუხილი ბარათაშვილის, მთიდან ყვირილი ვაჟას ხარისა“ და მათ სანაცვლოდ „ახლა ქუხილი არ ისტამბება, ხარი არ ჰყვირის მაღალ მთებიდან, ლექსი დაახრჩო წვრილმა ამბებმა, ამონაწერმა გაზეთებიდან“. ამ მხრივ საინტერესოა ლექსების ციკლი „მამის სიკვდილი“, „ბებიაჩემი“, „პაპაჩემი“, რომლებიც დაწერილია 1928–1929 წლებში. ეს ის ხანაა, როცა მარქსისტულ-ლენინურ „თეორიასა და დებულებებს“ აზეპირებდნენ დიდსა და პატარას. არადა, ცხოვრება მათ გარეშეც შეიძლებოდა. პოეტი გვიხატავს სურათს დღეღამ მშრომელი ბებიისა, რომელიც ოთხმოცი წლის აღესრულა: „რათ ჩავიმწარო დარჩენილი წელი ორიოდ, ვიდრე მიხმობდეს ცხონებული ჩემი ბებია? ოთხმოცი წელი გაატარა უთეორიოდ, და მისი ბედი, ვიტყვი, ბევრჯერ შემხარბებია!..“ ბესარიონ ჟღენტის აზრით, ალექსანდრე აბაშელი მზის მომღერალია. „პოეტი უმღერის და ადიდებს მზეს, როგორც კოსმიურ, ზექვეყნიურ საწყისს, რომელსაც ვერ წვდება ჟამთა ბრუნვის უკუღმართობა, მზე მაღლა დგას სიკვდილ-ადიდებს მზეს, როგორც კოსმიურ, ზექვეყნიურ საწყისს, რომელსაც ვერ წვდება ჟამთა ბრუნვის უკუღმართობა, მზე მაღლა დგას სიკვდილ-სიცოცხლეზე, დროთა ცვალებადობაზე, მასში მარადიულობა და უკვდავებაა განხორციელებული. ამიტომაც მიელტვის მას ჟამთაბრუნვის სუსხით დაწყლულებული, ქვეყნად გაბატონებული ბოროტებისა და უკუღმართობის გამო აღშფოთებული სული“:
მზეს არ ახსოვს შობის წამი, მზეს სიკვდილი არა სჯერა,
მან სიცოცხლე უკვდავების სიმთა ჟღერით ააძგერა!
დროს წაართვა ძლევის კვერთხი და დათრგუნა მით სიკვდილი!..
ნეტავ იმას, ვისაც ესმის აღმაფრენი მზის სიცილი!..
სწორედ ეს სიტყვები წაუმძღვარა პოეტმა თავის ლექსთა პირველ წიგნს - „მზის სიცილი“ (1913 წ.), რომელიც „მრავალმხრივ სიმპტომატური და საყურადღებო მოვლენაა რევოლუციამდელ ქართულ პოეზიაში. სწორედ ამიტომაც ამ წიგნის გამოსვლამ თავის დროზე ცხოველი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია“ (ბ. ჟღენტი). შემდეგ ალ. აბაშელმა გამოსცა წიგნები „ანთებული ხეივანი“, „გაბზარული სარკე“, „მზე და სამშობლო“, რომლებშიც უფრო და უფრო სრულყოფილად გამოჩნდა მზისა და სამშობლოს მომღერალი პოეტის შემოქმედება.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირებაპროზა
რედაქტირება- ქალი სარკეში (1930) ფანტასტიკური რომანი, თარგმნილია რუსულად
- ირმა (1954 დაუმთავრებელი) რომანი
- ატმის ყვავილი (გამოქვეყნდა 1959 წელს) მოთხრობა
პოეზია
რედაქტირება- გმირული დღეები : ლექსები / ა. აბაშელი. - თბილისი : ფედერაცია, 1942
- ოქროს საფეხურები თბ. : საბჭოთა მწერალის გამ-ბა და სტ., 1950.
- სამოცი წელი : ლექსები : საიუბილეო ნობათი / ილ. ავტ.: ლუბა მაჭავარიანი. - თბ. : გამ-ბა ლიტერატურა და ხელოვნება, 1944
- რჩეული ლექსები / გრ. აბაშიძის წინასიტყვ.. - თბ. : ლიტერატურა და ხელოვნება, 1967
- რჩეული : ლექსები / აკ. გაწერელიას წინასიტყვ.. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1968
- თხზულებათა კრებული : 2 ტომად / ბ. ჟღენტის შესავ. წერილით. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1958
- 100 ლექსი / ალექსანდრე აბაშელი ; შემდგ. ვახტანგ პაიკიძე. - თბ. : ინტელექტი, 2008
ლიტერატურა
რედაქტირება- ლომიძე გ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 7-8.
- ჭილაია ს., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 17.
- ჭილაია ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 17.
- 100 ლექსი. ალექსანდრე აბაშელი 2008. ინტელექტი
- ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 17, თბ., 1994
- ბენაშვილი დ., კრიტიკული ნარკვევები XX ს. ქართულ ლიტერატურაზე, ტ. 1, 1967;
- რადიანი შ., XX საუკუნის ქართული ლიტერატურა, თბ., 1959;
- ჭილაია ს., XX საუკუნის ქართული მწერლობა, ტ. 2, თბ., 1959
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Czech National Authority Database
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- ↑ 3.0 3.1 Енциклопедія сучасної України — Інститут енциклопедичних досліджень НАН України, 2001. — ISBN 966-02-2075-8
- ↑ Find a Grave — 1996.