სკორპენისებრნი

(გადამისამართდა გვერდიდან Scorpaenidae)

სკორპენისებრნი (ლათ. Scorpaenidae) — თევზების ოჯახი სკორპენისნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 20–100 სმ,[1] მასა — 1,5–2 კგ აღწევს.[2] თავი დიდია, ზედ ეკლები და კანის წანაზარდები აქვთ.[1] სხეული გვერდებიდან შებრტყელებულია. ქერცლი, თუკი აქვთ, უმეტესად ქტენოიდურია. ზურგის ფარფლი, ჩვეულებრივ, ერთი ცალია (ხშირად ამოკვეთილია), 11–17 ეკლითა და 8–17 რბილი სხივით. ანალურ ფარფლში 1–3 ეკალი და 3–9 რბილი სხივია (ჩვეულებრივ 5), მუცლის ფარფლში — შესაბამისად 1 და 2–5 (5). მკერდის ფარფლი კარგადაა განვითარებული (11–25 სხივი), იშვიათად 1–3 თავისუფალი ქვედა სხივით.[3] ზურგის ფარფლის სხივების ძირში შხამიანი ჯირკვალია მოთავსებული.[2] სალაყუჩე სარქვლები ყელისგან თავისუფალია. ზოგიერთს საცურავი ბუშტი არ აქვს (მაგ., Plectrogenium და Sebastolobus). უმრავლესობას შინაგანი განაყოფიერება ახასიათებს, ზოგიერთი კი ცოცხლადმშობია (მაგ. ზღვის ქორჭილა შობს 2 მილიონამდე ლიფსიტას). ზოგი სახეობა ქვირითს ჟელესებრ ბუშტში ყრის, Scorpaena guttata-ს ბუშტის დიამეტრი 20 სმ-მდე აღწევს.[3]

სკორპენისებრნი

ოქროსფერი ჩიქვი (Scorpaena scrofa)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  სკორპენისნაირნი
ქვერიგი:  სკორპენისმაგვარნი
ოჯახი:  სკორპენისებრნი
ლათინური სახელი
Scorpaenidae (Risso, 1826)

უმეტესობა გავრცელებულია ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში.[3] ბინადრობენ ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ წყლებში. უპირატესად ფსკერისპირა თევზებია.[1] შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან გავრცელებულია ზღვის ჩიქვი (ზღვის მორიელი) (Scorpaena porcus),[2] რომელიც სიგრძეში 30 სმ-მდეა, მცირედ მოძრავი თევზი და სპორტული თევზჭერის ობიექტია. ზიგიერთის ნემსის ნაჩხვლეტი ადამიანისათვის საშიშია (მაგ., ლომთევზასი).[1] იკვებებიან თევზებით და კიბოსნაირებით. აქვთ დიდი სარეწაო მნიშვნელობა. იყენებენ ნედლს, უმთავრესად გაყინულსა და შებოლილს.[2]

კლასიფიკაცია

რედაქტირება
 
Scorpaenopsis oxycephala
 
Scorpaena scrofa

სკორპენისებრთა საბოლოო კლასიფიკაცია სამეცნიერო კვლევების საგანია. ცნობილია 9 ქვეოჯახი, 65 გვარი და 450-ზე მეტი სახეობა.[3]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Котляр А. Н. Скорпеновые // Большая российская энциклопедия. т. 30. — М., 2015. — стр. 366.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 429.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Nelson, Joseph S.; Grande, Terry C.; Wilson, Mark V. H. (2016) Fishes of the World, 5-th, Hoboken, New Jersey: Wiley, გვ. 468–469. DOI:10.1002/9781119174844. ISBN 978-1-118-34233-6.  დაარქივებული 2019-04-08 საიტზე Wayback Machine.