ლომთევზა[1] (ლათ. Pterois) — თევზების გვარი სკორპენისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 40 სმ-მდეა. ტანი მოგრძო და გვერდებიდან შევიწროებულია. შეფერილი არიან ჭრელად — გასდევთ სხვადასხვა ფერის განივი ზოლები. ზურგის ფარფლი შედგება 22–24 სხივისგან (პირველი 12–13 ეკლიანი და ძლიერ წაგრძელებულია). მკერდის ფარფლის სხივები კუდის ფარფლის ძირამდე აღწევს (ხშირად უფრო გრძელიცაა).[2] ცნობილია 9–12 სახეობა.[3][4] ბინადრობენ ინდოეთის ოკეანისა და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილის თავთხელ წყლებში, ქვებს შორის და მარჯნის რიფებში. ხშირად გვხვდება, მაგალითად, P. radiata (სიგრძე 10 სმ-მდე), P. antennata (14 სმ-მდე), P. russelii (30 სმ-მდე), P. volitans (38 სმ-მდე). ამ უკანასკნელს ყავისფერი და ღია (თეთრი, ჩალისფერი) ზოლები გასდევს. ბინადრობს 10–175 (ჩვეულებრივ 50-მდე) მეტრ სიღრმეზე; ცოცხლობს 14 წლამდე. ნადირობს ჩასაფრებით: იმალება და მცირე თევზებს მერხევი ფარფლებითა და თავზე არსებული წანაზარდებით იზიდავს. ლომთევზები ხშირად ჰყავთ ზღვის აკვარიუმებში. ზურგის ფარფლის ეკლიანი სხივების ნაჩხვლეტი ადამიანისთვის საზიანოა (ზოგჯერ სასიკვდილოც).[2]