იოჰან გიულდენშტედტი
იოჰან ანტონ გიულდენშტედტი (დ. 7 მაისი [ძვ. სტ. 26 აპრილი], 1745, რიგა — გ. 3 აპრილი [ძვ. სტ. 23 მარტი], 1781, პეტერბურგი) — გერმანელი მეცნიერი, მოგზაური. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1771), „თავისუფალი ეკონომიური საზოგადოების“ პრეზიდენტი (1780-დან).
იოჰან გიულდენშტედტი | |
---|---|
გერმ. Johann Anton Güldenstädt | |
დაბ. თარიღი | 26 აპრილი (7 მაისი), 1745 |
დაბ. ადგილი | რიგა |
გარდ. თარიღი | 23 მარტი (3 აპრილი), 1781 (35 წლის) |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | მკვლევარი, ორნითოლოგი, ზოოლოგი, ბიოლოგი, ბოტანიკოსი, ichthyologist და გეოგრაფი |
მუშაობის ადგილი | პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია |
ალმა-მატერი | ვიადრინის ევროპული უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა ბერლინის სამედიცინო-ქირურგიულ სასწავლებელში. ოდერის ფრანკფურტის უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი (1767). 1768 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მიწვევით პეტერბურგში ჩავიდა 1768-1774 წლებში ექსპედიციებში მონაწილეობის მისაღებად. იოჰან გიულდენშტედტის ექსპედიციამ, რომელსაც დავალებული ჰქონდა ჩრდილოეთ კავკასიისა და საქართველოს ყოველმხრივი გამოკვლევა-შესწავლა, 1770 წლის იანვრიდან 1771 წლის აგვისტომდე მოიარა ჩრდილოეთ კავკასია და სექტემბერში საქართველოში ჩამოვიდა, სადაც დაჰყო 1772 წლის ოქტომბრამდე. იოჰან გიულდენშტედტმა მოიარა მთელი ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა, იყო გურია-სამეგრელოს საზღვრებზე; შეხვდა ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს. 1772 წლის ნოემბრიდან 1773 წლის ივლისამდე იოჰან გიულდენშტედტი კვლავ ჩრდილოეთ კავკასიაშია. 1775 წლის 2 მარტს პეტერბურგში დაბრუნდა.
იოჰან გიულდენშტედტის სიკვდილის შემდეგ აკად. პ. პალასმა ორ ტომად გამოსცა მისი ჩანაწერები „მოგზაურობა რუსეთსა და კავკასიის მთიანეთში“. ამ ნაშრომში მრავალი ცნობაა დაცული საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის შესახებ, მათ შორის ყველაზე დიდი ადგილი ქვეყნის გეოგრაფიულ და მინერალოგიურ აღწერა უჭირავს. კუთხეებისა და პუნქტების დასახელებისას იოჰან გიულდენშტედტმა ისინი ისტორიულადაც მიმოიხილა, აღწერა არქიტექტურული ძეგლები, წარმოადგინა ფოლკლორული მასალა, დაწვრილებით შეეხო ადგილობრივ ფლორას და ფაუნას. იოჰან გიულდენშტედტის მიერ ზედმიწევნითი სიზუსტით შედგენილ საქართველოს რუკას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება (ვახუშტის რუკასთან ერთად). განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და დამუშავება. ავტორმა უხვად მოგვაწოდა ცნობები საქართველოს სამეფო-სამთავროთა პოლიტიკური მდგომარეობის, სახელმწიფო წყობილების, სოციალური ურთიერთობის, სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი სარეწების, ვაჭრობა-ხელოსნობის, ბაზრებისა და ფასების, მიმოქცევაში არსებული მონეტების, ზომა წონის ერთულების, სწავლა-განათლების, კანონმდებლობის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია იოჰან გიულდენშტედტის ნაშრომში დაცული ეთნოგრაფიული ცნობები (ქორწილი, დასაფლავება, საცხოვრებელი სახლები, ტრანსპორტი, ღვინის დაყენების წესი და მრავალი სხვა). როგორც ექიმს, იოჰან გიულდენშტედტს აინტერესებს ავადმყოფთა მკურნალობის ადგილობრივი მეთოდები. აღწერილი აქვს ყვავილის აცრა და სხვა. იძლევა იმ მედიკამენტთა ვრცელ სიას, რომლებსაც საქართველოში იყენებდნენ. ბოლოს იგი ახასიათებს ცნობილ ისტორიულ პიროვნებებს (მეფეებს, მოხელეებს, რეზიდენტებს და ა. შ.).
კავკასიაში მოგზაურობის დროს იოჰან გიულდენშტედტმა შეკრიბა ლექსიკური მასალა და შეადგინა კავკასიაში გავრცელებული ენების შედარებითი სიტყვათა კონები. თითოეული ასეთი კონა შეიცავს 340-მდე სიტყვას (ესენია არსებითი სახელები, ნაცვალსახელები, რიცხვითი სახელები, ზედსართავები, ზმნები). სიტყვები დალაგებულია შინაარსობრივად. მთის მრავალი იბერიულ-კავკასიური ენის ლექსიკური მასალა ასე ვრცლად პირველად ჩაიწერა, ამიტომ მათი შესწავლის ისტორიაში ამ დოკუმენტაციას დიდი ღირებულება აქვს. ლექსიკური მასალის შედარების საფუძველზე იოჰან გიულდენშტედტმა გამოყო ენათა ექვსი ჯგუფი:
- ქართული (ქართული, მეგრული, სვანური)
- ქისტური (ჩაჩნური, ინგუშური, თუშური)
- ლეკური (ხუნძურ-დოდოური, ანწუხური, ჭარული, ყაზიყუმუხური, ახუშური);
- ჩერქეზული (ყაბარდოული და აფხაზური);
- ოსური;
- თათრული.
ეს ენები ჯგუფებად დაყო და ცალკეული ჯგუფის წევრთა ნათესაური ურთიერთობის საკითხი პირველად წამოაყენა იოჰან გიულდენშტედტმა.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Полиевктов М. А., Европейские путешественники XIII-XVIII вв. по Кавказу, Тфл., 1935;
- გელაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 172.
- გელაშვილი გ., გამრეკელი ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 37.