Frostpunk
Frostpunk (ქართ. ფროსტპანკი) — ქალაქის მშენებლობის და გადარჩენის სიმულატორი, შექმნილია და გამოცემულია 11 bit studios-ის მიერ 2016 წლის 24 აპრილს Microsoft Windows-ისთვის. სიუჟეტი მიმდინარეობს XIX საუკუნის სტიმპანკურ სამყაროში, სადაც კლიმატური ცვლილებების გამო მთელი დედამიწა დაიფარება ყინულით. გადარჩენილები ტოვებენ ქალაქებს და მიდიან მძლავრ გენერატორებთან და მათ ირგვლივ აშენებენ დასახლებებს.
Frostpunk | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | 11 bit studios |
გამომცემელი | 11 bit studios |
პლატფორმ(ებ)ი |
Microsoft Windows[1] Xbox One[2] PlayStation 4[2] |
გამოსვლის თარიღი | 24 აპრილი, 2018 |
ჟანრ(ებ)ი | ქალაქის მშენებლობის სიმულატორი |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი |
დიზაინერ(ებ)ი | იაკუბ სტოკალსკი |
კომპოზიტორი | პიოტრ მუსიალი |
ვერსია | 1.6.0 |
საიტი | frostpunkgame.com |
თამაშს წილად ხვდა დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისგან. გამოსვლიდან სამ დღეში გაიყიდა თამაშის 250,000 ეგზემპლარი.[3]
სიუჟეტი
რედაქტირებამოქმედება მიმდინარეობს 1886 წელს, ალტერნატიულ პოსტაპოკალიფტურ სამყაროში, სადაც მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს დედამიწაზე მოულოდნელად დადგა ახალი გამყინვარების პერიოდი. კლიმატის ასეთი უეცარი ცვლილების მიზეზი უცნობია — ინფორმაციის სხვადასხვა წყაროების მიხედვით, იგი შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალგვარი ფაქტორებისგან, მათ შორის მასშტაბური ვულკანური ამოფრქვევები სამხრეთ აზიაში და მრავალრიცხოვანი მეტეორიტული ვარდნა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რამაც გამოიწვია კატასტროფული ვულკანური ზამთარი. ასევე არსებობს ცნობები მზის ნათების შემცირების შესახებ. მოუსავლიანობის გამო მილიონობით ადამიანი სამხრეთის თბილი რეგიონებისკენ გაემართა, რამაც, მოსახლეობის ასეთი მოულოდნელი ზრდის გამო, გამოიწვია შიმშილის და სნეულებების გამრავლება და დემოგრაფიული კრიზისი. მოგვიანებით კი სამხრეთ ნახევარსფეროში მოულოდნელად ამოვარდა კატასტროფული ყინულოვანი გრიგალი, რომელმაც შემდგომში მოიცვა მთელი ჩრდილოეთ ნახევარსფეროც და უფრო გააუარესა მდგომარეობა. შედეგად მრავალმა სახელმწიფომ ჩრდილოეთის სასარგებლო წიაღისეულით მდიდარ რეგიონებში გაგზავნა ექსპედიციები, რომლებმაც ააშენეს უზარმაზარი, ქვანახშირზე მომუშავე, გენერატორები, სადაც, გეგმის მიხედვით, უნდა გაჩნდნენ ახალი დასახლებები.
მოთამაშე წინ უნდა წაუძღვეს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე არსებული მოსახლეობის ერთ-ერთ ჯგუფს და შექმნას სიცოცხლისუნარიანი დასახლება გენერატორის გარშემო. თავდაპირველად თამაშში იყო სამი სიუჟეტური სცენარი, მოგვიანებით დაემატა კიდევ სამი:
ახალი სახლი
რედაქტირებამოთამაშე მეთაურობს გაყინული ლონდონიდან წამოსულ მოსახლეთა ერთ-ერთ ექსპედიციას. დასახლების, რომელსაც არქმევენ ნიუ-ლონდონს, განვითარების პროცესში მზვერავები აღმოაჩენენ მეზობელ ქალაქს, უინტერჰოუმს, რომელიც განადგურდა იქაური ხელმძღვანელობის დაუდევრობის და გენერატორის აფეთქების გამო. ეს აღმოჩენა იწყებს არეულობებს დასახლებაში და რამდენიმე ადამიანი, იმის შიშით, რომ მათაც იგივე ბედი ელით, ცდილობენ ხალხის დარწმუნებას ლონდონში დასაბრუნებლად, რაც კაპიტანს აიძულებს რელიგიური ანდა სამხედრო რეჟიმის შემოღებას წესრიგის დასაცავად. მოგვიანებით მზვერავები აღმოაჩენენ მაღალტექნოლოგიურ ქალაქს — ამერიკული ექსპედიციის მიერ დაარსებულ ტესლა-სიტის, — რომელიც ასევე განადგურდა ნიკოლა ტესლას ერთ-ერთი გამოგონების გამო, და ფრიტიოფ ნანსენის ჩანაწერებს, რომელთა მიხედვითაც ახლოვდება ყინულოვანი ქარიშხალი, რომელიც კატასტროფულად დასწევს ტემპერატურას მთელ რეგიონში. ლონდონელთა ოპოზიციის, მოსახლეობის განწყობის ცვლილების და მომავალი ქარიშხლის პირობებში კაპიტანმა უნდა უხელმძღვანელოს წესრიგის დაცვას, დასახლების განვითარებას, გადარჩენილთა პოვნას და სურსათის მარაგების შექმნას, რომ ნიუ-ლონდონმა არ გაიზიაროს უინტერჰოუმის ბედი და გადაურჩეს ყინვას.
კიდობნები
რედაქტირებამოთამაშე ხელმძღვანელობს ოქსფორდისა და კემბრიჯის მკვლევართა ჯგუფს, რომლებმაც მიზნად დაისახეს მსოფლიოში არსებული მცენარეულობის გადარჩენა გამყინვარებისგან, რომ უზრუნველყონ მომავალი თაობები, გამყინვარების პერიოდის დასრულების შემდეგ, წარსულის ეპოქის ფლორის მრავალფეროვნებით. ამ მიზნით მათ შექმნეს ავტონომური დასახლება სპეციალური კიდობნებით, სადაც შენახულია თესლები და მცენარეები. კაპიტანმა უნდა უზრუნველყოს დასახლება სურსათით და სითბოთი, რომ ფლორის ნიმუშები და მომსახურე პერსონალი გადაურჩნენ მომავალ ყინულოვან ქარიშხალს. მთავარი პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც მზვერავები მეზობლად აღმოაჩენენ ჩამქრალი გენერატორის გარშემო არსებულ ნიუ-მანჩესტერის დასახლებას, რომლის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა განწირულია ქვანახშირის, თავშესაფრების და საკვების ნაკლებობის გამო.
ლტოლვილები
რედაქტირებაროდესაც გამყინვარებამ მოიცვა ლონდონი, უპირველეს ყოვლისა დაიწყეს მოსახლეობის მაღალი ფენების წარმომადგენლების ევაკურება. მოთამაშე ხელმძღვანელობს ღარიბი მოსახლეობისგან შემდგარ ჯგუფს, რომელმაც ძალით დაიკავა მდიდრებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი სახმელეთო დრედნოუთი და გაემართა გენერატორისკენ, სადაც იმედოვნებენ შექმნან დასახლება, რომელშიც ხალხი არ იქნება გაყოფილი სიმდიდრის ნიშნით, სადაც ყველა თანასწორი იქნება. როდესაც კანონიერი მფლობელები მაინც აღწევენ გენერატორამდე მას შემდეგ, რაც ფეხით გადაკვეთეს მთელი გაყინული მიწები ლონდონიდან, დასახლებაში იზრდება დაძაბულობა სხვადასხვა ფენების წარმომადგენლებს შორის და მხოლოდ კაპიტნის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, როგორი იქნება დასასრული: შეძლებს იგი მოსახლეობაში ზღვრის მოსპობას და ხალხის გაერთიანებას საერთო მიზნის მიმართ, თუ კლასთაშორისი დაპირისპირება სისხლისღვრაში გადაიზრდება?
უინტერჰოუმის დაცემა
რედაქტირებაუინტერჰოუმი იყო ერთ-ერთი იმ პირველ ქალაქებს შორის, რომლებიც ააგეს გენერატორების გარშემო. ისინი უნდა გამხდარიყვნენ ცივილიზაციის ცენტრები ჩრდილოეთის რეგიონებში სამხრეთელი დასახლებების ევაკუაციის შემთხვევაში, უნდა დახმარებოდნენ ახლადდაარსებულ ქალაქებს განვითარებაში და გადარჩენაში, თუმცა, ლონდონის გაყინვის შემდეგ, ხელმძღვანელი კაპიტნის ულმობელმა მმართველობამ მოსახლეობა აჯანყებამდე მიიყვანა. მეამბოხეებმა გაიმარჯვეს, მაგრამ გააფთრებულ ბრძოლებში ქალაქის დიდი ნაწილი დაიწვა და ათობით ადამიანი ნანგრევების ქვეშ მოყვა. მოთამაშე ირგებს ახლადარჩეული კაპიტნის მოვალეობას, მისი მიზანია უინტერჰოუმის აღდგენა და გარშემორტყმული რეგიონების შესწავლა, მაგრამ აუცილებელია იმის დამახსოვრება, რომ მოგვიანებით მოსულ მზვერავებს ნიუ-ლონდონიდან დახვდათ არა ცოცხალი დასახლება, არამედ გაუკაცრიებელი ქალაქი აფეთქებული გენერატორით.
ბოლო შემოდგომა
რედაქტირებამოქმედება მიმდინარეობს გამყინვარების დაწყებამდე, გენერატორი 113-ის სამშენებლო ობიექტზე ჩრდილოეთის ზღვის მონაპირე რეგიონში. გეგმის მიხედვით ეს გენერატორი სხვა ორთან ერთად უნდა გახდეს ლივერპულის მოსახლეობის გადარჩენის საწინდარი, როდესაც გამყინვარება მოიცავს რეგიონს და რეგიონის ევაკუაცია გახდება საჭირო. დროთა განმავლობაში მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება არა მხოლოდ სამშენებლო ობიექტზე, არამედ გარშემო რეგიონებში და დანარჩენ მსოფლიოშიც, რასაც თავისი გავლენა აქვს მუშახელის მოტივაციაზე. მოთამაშის მოვალეობაა გათვლილ დროში დაასრულოს გენერატორის მშენებლობა ნებისმიერ ფასად — წარუმატებლობა უამრავი ადამიანის მსხვერპლს გამოიწვევს გარდაუვალი ზამთრის დადგომისას.
კიდეზე
რედაქტირებაყინულოვანი ქარიშხლის შემდგომ ნიუ ლონდონის მზვერავებმა რეგიონში აღმოაჩინეს მთისქვეშა ძველი სამხედრო საწყობი და ქალაქის ხელძღვანელობამ გადაწყვიტა ავანპოსტის აშენენება შიგ განთავსებული რესურსების მოსაპოვებლად. მოთამაშე ირგებს ავანპოსტი 11-ის ხელმძღვანელის როლს და მისი მოვალეობაა მოპოვებული რესურსების ნიუ ლონდონში გადაგზავნა, მაგრამ, მოგვიანებით, საკვების მიწოდების შემცირების გამო, ავანპოსტი წყვეტს კავშირს ნიუ ლონდონთან და, მოსალოდნელი კონფლიქტის სამზადისში მოკავშირეებისა და გადარჩენის გზების ძიებისას, აღმოაჩენს სამ სხვა დასახლებას, რომლებიც ასევე გადაურჩნენ ყინულოვან ქარიშხალს გენერატორის გარეშე, მაგრამ ცხადი ხდება, რომ ურთიერთდახმარების გარეშე დიდ ხანს ვერც ერთი მათგანი ვერ გაძლებს. თუმცა, მოგვიანებით ასევე ცხადი ხდება, რომ ნიუ ლონდონს არ ძალუძს ავანპოსტთან კონფლიქტი — ქალაქში კრიზისია რესურსების ნაკლებობის გამო და იგი დახმარებას საჭიროებს გადასარჩენად.
გეიმპლეი
რედაქტირებაგენერატორები განთავსებულია თავისებურ ყინულოვან ქვაბულებში ან კალდერებში, სადაც რესურსების შეზღუდული რაოდენობაა მოცემული (ფაქტობრივად უსასრულო რესურსები განთავსებულია კედლებთან და კედლებში, მაგრამ მათ მოსაპოვებლად აუცილებელია შესაბამისი ტექნოლოგიების შესწავლა და ნაგებობების აშენება). მის გარშემო სიცოცხლისუნარიანი დასახლების შესაქმნელად საჭიროა ხელთარსებული რესურსების მიზნობრივად გამოყენება და დიდ რუკაზე მათ ამოწურვამდე გასვლა, რომ შესაძლებელი იყოს მზვერავების გაგზავნა დამატებითი რესურსებისა და გადარჩენილების მოსაძებნად. არსებობს შემდეგი რესურსები: ქვანახშირი, მერქანი, ფოლადი და საკვები. ქვანახშირი საჭიროა გენერატორების მუშაობის უზრუნველყოფისთვის, მერქანი და ფოლადი გამოიყენება მშენებლობაში, ტექნოლოგიების დამუშავებაში და ავტომატონებისა და პროთეზების შექმნაში, ხოლო საკვები აუცილებელია მოსახლეობის უზრუნველყოფისთვის (ძირითადად გვხვდება უმი საკვები, რომელიც შემდეგ უნდა მომზადდეს სამზარეულოში. მოსახლეობას უმითაც შეუძლია კვება, მაგრამ ეს არ არის მიზანშეწონილი). ქვანახშირი, მერქანი და ფოლადი უმეტესწილად მოიპოვება შესაბამის საბადოებში გენერატორის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკვები — სათბურებში და ნადირობისას, თუმცა მათი მოპოვება მზვერავებსაც შეუძლიათ. უნიკალურ რესურსს წარმოადგენს ორთქლის ძრავები, რომლებიც აუცილებელია ავტომატონების შესაქმნელად და ზოგიერთი შენობის ასაგებად. ორთქლის ძრავების შექმნა შეუძლებელია — ისინი უნდა მოიპოვონ მზვერავებმა.
მოსახლეობას შეადგენს მუშახელი, ინჟინრები და ბავშვები. თავად მოთამაშე წარმოადგენს მოცემული ჯგუფის ხელმძღვანელს, კაპიტანს. მუშები შეადგენენ უმრავლესობას და დაკავებულები არიან უბრალო, ყოველდღიური საქმიანობით: საბადოების დამუშავება, სათბურებში მუშაობა, ნადირობა და ასე შემდეგ. ინჟინრები უმცირესობას წარმოადგენენ, მათი მოვალეობაა ტექნოლოგიების შესწავლა და მედპუნქტებში მუშაობა. ბავშვების დასაქმება შეუძლებელია შესაბამისი კანონის მიღებამდე, თუმცა, ალტერნატიულად შეიძლება სხვა კანონის მიღება და მათი განაწილება სპეციალურ თავშესაფრებში განათლების მისაღებად — მოგვიანებით ისინი შეძლებენ დაეხმარონ ინჟინრებს სახელოსნოებში ანდა მედპუნქტებში. ყინვისა და სხვადასხვა მოვლენების გამო ზოგი მოსახლე შეიძლება ხეიბარი გახდეს, ასეთ შემთხვევაში ისინი ქმედუუნარონი გახდებიან პროთეზების მიღებამდე. განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ავტომატონებს — ორთქლის ძრავაზე მომუშავე რობოტებს, რომლებიც ერთ ჯერზე მოიპოვებენ ადამიანებზე ცოტა რესურსს, მაგრამ, მათგან განსხვავებით, არ სჭირდებათ შესვენება, არ არიან დამოკიდებულები ტემპერატურაზე და მუშაობენ ღამითაც, რაც ჯამურად ზრდის რესურსების გამომუშავებას და ამცირებს მომუშავე ადამიანების ტრავმირების ალბათობას.
მოსახლეობის დამოკიდებულებას მოთამაშის მმართველობის მიმართ ასახავს ორი მაჩვენებელი: იმედი და არეულობა. თუ იმედის მაჩვენებელი ბოლომდე ამოიწურება ან არეულობის ბოლომდე შეივსება, კაპიტანს წარუდგენენ ულტიმატუმის სახით დამატებით დავალებას, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში თამაში დასრულდება კაპიტნის დასახლებიდან გაძევებით ან სიკვდილით დასჯით. სიკვდილიანობა, სამუშაო დროის გახანგრძლივება და მკაცრი კანონები გამოიწვევს იმედის შემცირებას და არეულობის ზრდას, ხოლო თავშესაფრების და დუქნის მშენებლობა, სამუშაო ადგილების შექმნა, მათი გათბობით უზრუნველყოფა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება — პირიქით. კანონების წიგნში გარკვეული ეტაპის შემდეგ შესაძლებელია რწმენისა და წესრიგის მიმართულების არჩევა იმედის გასაძლიერებლად და არეულობის შესამცირებლად, რაც ხელმისაწვდომს გახდის ახალი კანონების შედგენას. რწმენის მიმართულება ქმნის ახალ რელიგიას მოსახლეობის დასამშვიდებლად, მაგრამ, უფრო და უფრო მკაცრი კანონების მიღების განმავლობაში შეიძება რადიკალურ ფანატიზმში გადაიზარდოს. ხოლო წესრიგის მიმართულებას შემოჰყავს სამხედრო რეჟიმი, რომელიც, შესაბამისად, შეიძლება პროპაგანდისტულ ტოტალიტარიზმში გადაიზარდოს. ორივე შემთხვევაში, რადიკალიზმის დასრულებისას იმედი შეიცვლება მორჩილებით და მისი შემცირების საფრთხე ამოიწურება.
ასევე, გეიმპლეის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს წარმოადგენს ტემპერატურა: თამაშის პროცესის განმავლობაში მისი მაჩვენებელი უფრო და უფრო შემცირდება. მოსახლეობა თავშესაფრის გარეშე და ცივ ადგილებში რომ არ დაავადდეს, საჭიროა ასეთი ადგილების და შენობების გამათბობლებით და თბოიზოლაციით უზრუნველყოფა (რაც გაზრდის ქვანახშირის დანახარჯებს). თუ ყინვით ან სხვა მიზეზით დაშავებულ ადამიანს სათანადოდ არ მოუვლიან სამედიცინო პუნქტში, იგი აუცილებლად დაიღუპება.
თამაშში ასევე არსებობს უხილავი „ზღვარი“, რომელიც ამოწმებს მოთამაშის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მორალის მიხედვით განიხილავს, დაარღვია თუ არა მან მორალური ზღვარი და მართლაც თუ იყო საჭირო ასეთი გადაწყვეტილებების მიღება.
დამატებები
რედაქტირება11 bit studios-მა მოგვიანებით გამოაქვეყნა სურათი, რომელზეც გამოსახულია 2018 წელს დაგეგმილი უფასო დამატებები Frostpunk-ისთვის. სულ წლის ბოლომდე დაგეგმილია ხუთი დამატება: Survival („გადარჩენა“; სიძნელის ახალი რეჟიმი), კოსმეტიკური People and Automatons („ხალხი და ავტომატონები“; სახელების შეცვლა), The Builders („მშენებლები“; ახალი სცენარი), Endurance („გამძლეობა“; Sandbox-ის რეჟიმი) და Winter Snapshots („ზამთრის კადრები“; განახლება)[4]. უფრო მეტი კონტენტი დაგეგმილია 2019 წლისთვის. ასევე გეგმავენ თამაშის პორტირებას PlayStation 4-ზე და Xbox One-ზე[5].
2019 წლის 27 აგვისტოს გამოვიდა პირველი ფასიანი დამატება The Rifts[6] („ნაპრალები“) ახალი რუკით უსასრულო რეჟიმისთვის და გეიმპლეური მექანიკის მცირე ცვლილებით. 2020 წლის 21 იანვარს გამოვიდა The Last Autumn[7] („ბოლო შემოდგომა“) ახალი სიუჟეტური სცენარით და მნიშვნელოვანი გეიმპლეური დანამატით. ბოლო დამატება, სიუჟეტური On The Edge[8] („კიდეზე“) გამოვიდა 20 აგვისტოს.
კრიტიკოსების შეფასება
რედაქტირებაშეფასება | |
---|---|
საერთო შეფასება | |
აგრეგატორი | შეფასება |
Metacritic | 86/100 |
ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
IGN | 9/10 |
საერთო განხილვების საიტზე Metacritic თამაშმა მიიღო შეფასება 84/100 (65 მიმოხილვაზე დაყრდნობით)[9] და 9/10 IGN-ზე[10] და GameSpot-ზე[11]. გამოშვებიდან სამი დღის განმავლობაში Steam-ში გაყიდვამ შეადგინა 250 000-ზე მეტი ასლი[12]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- „Frostpunk“ საიტზე MobyGames
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Meitzler, Ryan. (30 აგვისტო, 2016) This War of Mine Developer 11 bit studios Reveals New Survival Title, Frostpunk. dualshockers.com. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2018.
- ↑ 2.0 2.1 Frostpunk: Console Edition is here!.
- ↑ Newhouse, Alex. Steam's New Hit Game Frostpunk Has Already Sold A Lot Of Copies. ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2018.
- ↑ Frostpunk | Development Road Map 2018
- ↑ 11 bit studios Confirms Frostpunk is Coming to PS4
- ↑ Frostpunk: The Rifts on Steam
- ↑ Frostpunk: The Last Autumn
- ↑ Frostpunk: On The Edge
- ↑ "Frostpunk for PC Reviews"
- ↑ Frostpunk 11 BIT STUDIOS APRIL 24, 2018 PC
- ↑ Frostpunk Review: Damned If You Do, Damned If You Don't
- ↑ Steam's New Hit Game Frostpunk Is Off To A Fast Start