ჩეთემ ჰაუსი

(გადამისამართდა გვერდიდან Chatham House)

ჩეთემ ჰაუსი (ინგლ. Chatham House), სრული სახელი - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი (ინგლ. Royal Institute of International Affairs) — ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი, არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ლონდონში დაარსდა. მისი მიზანია გააანალიზოს და ხელი შეუწყოს ძირითადი საერთაშორისო საკითხების და მიმდინარე საქმეების გააზრებას. ყოველივე ეს ჩეთემ ჰაუსის წესს ეფუძნება.[2]

ჩეთემ ჰაუსი
საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი
ინგლ. Chatham House - Royal Institute of International Affairs
შეიქმნა 1920
ტიპი ანალიტიკური ინსტიტუტი, არასამთავრობო ორგანიზაცია და research institute of international relations
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
კავშირები Open Society University Network[1]
http://www.chathamhouse.org

1919 წელს, პარიზში, სამშვიდობო კონფერენციაზე, ბრიტანელი დიპლომატი ლაიონელ კურტისი, ბრიტანელი და ამერიკელი დელეგატების წინაშე სიტყვით წარსდგა. მისი ხედვა საერთაშორისო პოლიტიკური კურსის რადიკალურ ცვლილებას უკავშირდებოდა. კურტისის იდეა ითვალისწინებდა ისეთი ორგანიზაციის შექმნას, რომლის მთავარ მიზანსაც დებატების, დიალოგის და დამოუკიდებელი ანალიზის გზით ერთა შორის ურთიერთგაგების გაღრმავება წარმოადგენდა. მეცნიერების, ხელოვნების და მედიცინის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანოები უკვე არსებობდნენ. დრო იყო, რომ მსგავსი პროფილის ორგანო საერთაშორისო ურთიერთობებისთვისაც შექმნილიყო.[3]

კურტისის იდეის გაჟღერებას ორი ორგანიზაციის შექმნა მოყვა. ლონდონში შეიქმნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ინსტიტუტი, რომელსაც მოგვიანებით ჩეთემ ჰაუსი ეწოდა, ნიუ-იორკში კი — საგარეო ურთიერთობათა საბჭო. ბრიტანეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტმა პირველი ოფიციალური შეხვედრა 1920 წლის 5 ივლისს, რობერტ სესილის თავმჯდომარეობით გამართა. ხსენებულ შეხვედრაზე ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედუარდ გრეიმ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ინსტიტუტის არსებობას ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი. არტურ ბალფური და ჯონ კლაინსი ინსტიტუტის პირველი პრეზიდენტები გახდნენ, კურტისი და ჰარდი კი საპატიო მდივნებად დაინიშნნენ.[3]

1923 წელს, კანადელმა ქველმოქმედებმა, პოლკოვნიკმა ლეონარდმა და ქეით როულანდმა, სენტ-ჯეიმსის მოედნის 10 ნომერში შეიძინეს ჩეთემ ჰაუსი, სადაც მანამდე სამი პრემიერ-მინისტრი ცხოვრობდა. კანადელმა ქველმოქმედებმა სახლი სწრაფად მზარდ ორგანიზაციას გადასცეს, რომელსაც მალევე ეწოდა ჩეთემ ჰაუსი. 1926 წელს, მეფე ჯორჯ V-მ ინსტიტუტს სამეფო ქარტია მიანიჭა, რომელიც დღემდე განსაზღვრავს ორგანიზაციის დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას და გლობალურ მსოფლმხედველობას. ამ დროის წამყვანმა მოაზროვნეებმა ინსტიტუტის რესურსები საკუთარი იდეების განსახორციელებლად გამოიყენეს. ჯონ მეინარდ კეინზი სასწავლო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელმაც სათავე დაუდო არაერთი ინსტიტუციური მექანიზმის ჩამოყალიბებას. მათ ცენტრალური როლი ითამაშეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მსოფლიოში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.[4]

ინსტიტუტის კვლევითი განყოფილების პირველმა დირექტორმა, არნოლდ ტოინბიმ და ნობელის პრემიის ლაურეატებმა რობერტ სესილმა და რალფ ნორმან ენჯელმა გაამყარეს და გაავრცელეს მოსაზრებები, რომლებმაც მსოფლიო გაეროს შექმნამდე მიიყვანა. მათ სწამდათ, რომ კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო თანამშრომლობა გლობალური მშვიდობის და კეთილდღეობის მიღწევის საუკეთესო გზას წარმოადგენდა.[5]

პირველი მსოფლიო ომის შემდგომი წლები

რედაქტირება

დაარსების დღიდან მოყოლებული, ინსტიტუტმა აქცენტი თავიდანვე ედუარდ გრეის რეზოლუციაზე გააკეთა. 1922 წლის იანვარში გამოიცა ჟურნალი „საერთაშორისო ურთიერთობები“, რამაც ინსტიტუტს საშუალება მისცა, რომ მის ფარგლებში ჩატარებული კვლევები და დისკუსიები საერთაშორისო მიმოქცევაში ჩაშვებულიყო. ინსტიტუტის კვლევითი განყოფილების დირექტორად დანიშვნის შემდეგ, პროფესორი არნოლდ ტოინბი ინსტიტუტის წამყვანი ფიგურა გახდა, რომელიც საერთაშორისო საქმეთა ყოველწლიურ კვლევას პენსიაზე გასვლამდე, 1955 წლამდე აწარმოებდა. საერთაშორისო ურთიერთობების დეტალური ყოველწლიური მიმოხილვის დროს, კვლევის მთავარი მიზანი მიმდინარე საერთაშორისო ისტორიის ჩაწერა იყო. კვლევები 1963 წლამდე გაგრძელდა და მალევე ცნობილი გახდა, როგორც ჩეთემ ჰაუსის კვლევების დამახასიათებელი გარეგანი გამოხატულება, რომელიც პიონერ მეთოდად და მოდელად მოგვევლინა.[6]

1926 წელს, ჩეთემ ჰაუსის 14-მა წევრმა გაერთიანებული სამეფო წყნარი ოკეანის ურთიერთობების ინსტიტუტის მიერ გამართულ ფორუმზე წარადგინეს, რომელიც წყნარი ოკეანის ქვეყნებს შორის არსებული პრობლემებისა და ურთიერთობების განხილვას ეძღვნებოდა. წყნარი ოკეანის ინსტიტუტმა შექმნა პლატფორმა, რომლის მიზანსაც რეგიონის მოწინავე პოლიტიკური და კომერციული ცნობიერების განვითარება წარმოადგენდა. ამავე წელს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ინსტიტუტმა მიიღო სამეფო ქარტია, რის შემდეგაც საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტად იწოდება. ქარტიამ ჩამოაყალიბა ინსტიტუტის მიზნები და ამოცანები და დაადასტურა მისი სურვილი — განევითარებინა საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერება, ლექციებისა და დისკუსიების მეშვეობით ხელი შეეწყო საერთაშორისო საკითხების შესწავლისთვის და გაეცვალა ცოდნა და მოსაზრებები საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებზე.[7]

შემდგომი გაფართოება

რედაქტირება

1929 წელს ინსტიტუტი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც აღმასრულებელი დირექტორის სრული ვადით დანიშვნაში გამოიხატა. აივისონ მაკადამი გენერალური დირექტორის პოსტზე დაინიშნა, რომელსაც 1955 წლამდე იკავებდა. სწორედ მაკადამმა დაამკვიდრა ინსტიტუტის სწრაფი განვითარების ტენდენცია მისი მზარდი კვლევების, ორგანიზაციული და ფინანსური საჭიროების გათვალისწინებით. მან ხელი შეუწყო და უზრუნველყო ინსტიტუტის ფიზიკური გაფართოება იორკის ქუჩაზე არსებული ტერიტორიით. 1938 წელს ქველმოქმედების სახით ინსტიტუტს ჩეშამის ადგილას არსებული საიჯარო ქონება გადაეცა. ხსენებულმა ტერიტორიებმა ინსტიტუტის აქტივობებისთვის დამატებითი სივრცე უზრუნველყო.[8]

1929 წელს მსოფლიო ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით ინსტიტუტის სპეციალური კვლევითი ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფმა, რომელიც დაკომპლექტებული იყო ისეთი ცნობილი ეკონომისტებით, როგორიც ჯონ მეინარდ კეინზია, სამწლიანი მოკვლევა ჩაატარა განვითარებადი ეკონომიკის ისეთ საკითხებზე, რომლებიც ომის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო ფულადმა ანგარიშსწორებამ წარმოშვა. ჯგუფის მოკვლევამ წინასწარ განჭვრიტა ბრიტანეთის გადაწყვეტილება, რომელიც 2 წლის შემდეგ მიიღო — მიეტოვებინა ოქროს სტანდარტი.[9]

დროთა განმავლობაში ჩეთემ ჰაუსი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკური მოღვაწეები და ცნობილი მსახიობები ლონდონში ყოფნის დროს აუცილებლად სტუმრობდნენ მას. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პიროვნება მაჰათმა განდი იყო, რომელიც ინსტიტუტს 1931 წლის 20 ოქტომბერს ეწვია, სადაც წაიკითხა მოხსენება თემაზე „ინდოეთის მომავალი“. შეხვედრას 750 ადამიანი დაესწრო, რის გამოც აღნიშნული შეხვედრა ინსტიტუტის არსებობის ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვნად მიიჩნევა.[10]

1933 წელს, ინსტიტუტის საბჭოში მუშაობის დროს, რალფ ნორმან ენჯელმა, ნობელის პრემია მიიღო წიგნისთვის „დიდებული ილუზია“. იგი არის ერთადერთი ლაურეატი, რომელმაც ჯილდო წიგნის გამოცემისთვის მოიპოვა.[11]

ჩეთემ ჰაუსმა თანამეგობრობის პირველი კონფერენცია 1933 წელს, ტორონტოში, კანადაში, გამართა. კონფერენციამ, რომელიც 5 წელიწადში ერთხელ ტარდებოდა, წამყვან პოლიტიკოსებს, იურისტებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს მისცა საშუალება, ემსჯელათ ბოლო დროის იმპერიული კონფერენციების შესახებ. სხვადასხვა დომინანტურ ერს განსხვავებული საგარეო პოლიტიკური მიზნები ჰქონდა. სწორედ ამიტომ, ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალმა მალკოლმმა, წინა პლანზე წამოწია საგარეო პოლიტიკის საკითხებში სხვადასხვა მთავრობას შორის არსებითი შეთანხმების აუცილებლობა. კონფერენცია იყო ადგილი, სადაც ამგვარ ურთიერთობას ჩაეყარა საფუძველი.[12]

1937 წელს რობერტ სესილმაც მიიღო ნობელის პრემია ერთა ლიგის ვალდებულებების შესრულებისათვის და მის წევრ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის უზრუნველყოფისთვის.[13]

მეორე მსოფლიო ომის პერიოდი

რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ვოლდორფ ასტორის თავმჯდომარეობით, უსაფრთხოების მიზეზების გამო, ინსტიტუტმა დეცენტრალიზაცია განიცადა. მისი წევრების დიდი ნაწილი ოქსფორდში ბალიოლის კოლეჯში გადავიდა. უცხოური პრესა და ინსტიტუტის კვლევითი სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა საგარეო საქმეთა უწყებასთან, რომელიც ითხოვდა სხვადასხვა მოხსენებას უცხოური პრესის, მტრის ისტორიული და პოლიტიკური უკანა ფონის და სხვა არაერთი საკითხის შესახებ. საგარეო საქმეთა უწყებას სათავეში არნოლდ ტოინბი ედგა. სენტ-ჯეიმსის მოედანზე განთავსებულმა ინსტიტუტმა მკვლევრებისთვისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის დამატებითი სერვისები უზრუნველყო.[14][15]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგი წლები

რედაქტირება
 
მარგარეტ ტეტჩერი ჩეთემ ჰაუსში 1993 წელს.
 
ნელსონ მანდელა ჩეთემ ჰაუსში 1996 წელს.

1939 წლიდან ჩეთემ ჰაუსმა, რეკონსტრუქციის კომიტეტის მეშვეობით, ომის შემდგომი პერიოდის საკითხების შესწავლა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ომის დასასრულს ორგანიზაციას უამრავი თანამშრომელი დაუბრუნდა, გარკვეულმა ნაწილმა საკუთარი თავი ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში იპოვეს, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ერთა ლიგის ადრეული მხარდაჭერისა და ოქროს შესწავლით ბრეტონ ვუდსის სისტემაზე არსებული ზეგავლენის გამო, ჩათამის სახლმა საკუთარი თავი საერთაშორისო პოლიტიკისა და ეკონომიკის ხელახალი განვითარების მთავარ აქტორად მიიჩნია.[16]

ომის შემდგომი ცვალებადი სამყაროს საპასუხოდ, ჩეთემ ჰაუსმა ბრიტანეთთან და თანამეგობრული ურთიერთობის ახალ პოლიტიკურ სიმაღლესთან დაკავშირებით არაერთი კვლევა ჩაატარა. 1953 წელს შეიქმნა რასობრვი ურთიერთობების სასწავლო საბჭო, რათა რასობრივი თანასწორობის იდეის გავრცელებისთვის ხელი შეეწყო. 1958 წელს ჯგუფმა დამოუკიდებელი საქველმოქმედო საქმიანობა შეწყვიტა და შექმნა რასობრივი ურთიერთობების ინსტიტუტი.[17] კუბის სარაკეტო კრიზისისა და ბრაზილიაში განვითარებული მოვლენების გამო ინსტიტუტმა ლათინური ამერიკის რეგიონს დიდი ყურადღება მიაპყრო. კუბის ინდუსტრიის მინისტრმა, ჩე გევარამ 1964 წელს, ჟურნალისთვის „საერთაშორისო საქმეები“, დაწერა ანალიტიკური სტატია, სახელწოდებით „კუბის ეკონომიკა:მისი წარსული და თანამედროვე მნიშვნელობა“, რამაც აჩვენა ინსტიტუტის მთავარი მიზანი — პასუხი გასცეს რთულ საერთაშორისო საკითხებს.[18]

ჩეთემ ჰაუსმა ცივი ომის საერთაშორისო საკითხებში პირდაპირი როლი 1975 წლის ოქტომბერში, ინგლისსა და საბჭოთა კავშირს შორის მრგვალ მაგიდასთან გამართულ დებატებში შეასრულა. ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩეთემ ჰაუსსა და მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტს შორის ჩატარებული შეხვედრების სერიაში, რომელიც მოსკოვში გაიმართა. როგორც ორმხრივი დიპლომატიის პირველი მაგალითი, შეხვედრის მთავარი მიზანი ინგლისსა და საბჭოთა კავშირს შორის მჭიდრო ურთიერთობების განვითარება და კომუნიკაციის გაუმჯობესება იყო, რაც ცივი ომის ერთ-ერთი პირველი მცდელობა იყო. მალევე, ანგლო-საბჭოური მრგვალი მაგიდის პრეცენდენტის შემდეგ, ინსტიტუტმა დაიწყო ინტენსიური კვლევითი პროექტი, სახელწოდებით „ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკა 1985 წლამდე“. პროექტის მთავარი მიზანი იმ საგარეო პოლიტიკური საკითხების გაანალიზება იყო, რომელსაც ბრიტანეთი ახლო და შორეულ მომავალში შეეჯახებოდა. კვლევა 1976 წელს დაიწყო, მისი შედეგები კი „საერთაშორისო საქმეებში“ 1977-1979 წლებში გამოქვეყნდა.[19]

თანამშრომლები და ორგანიზაციის სტრუქტურა

რედაქტირება

ჩეთემ ჰაუსი გამოირჩევა მკაცრი და კრიტიკული კვლევებით გლობალურ, რეგიონალურ და კონკრეტული ქვეყნისთვის დამახასიათებელ საკითხებთან დაკავშირებით, რადგანაც კვლევითი ასპექტი ორგანიზაციის ბირთვს წარმოადგენს. საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებულ კვლევებს დედოფალ ელისაბედ II-ის აკადემია უძღვება, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ პოტენციურ ლიდერს აძლევს შესაძლებლობას, 12 თვე ჩათამის სახლის თანამებრძოლები იყვნენ.

ორგანიზაციის სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება:[20]

  • დირექტორის ოფისი — ორიენტირებულია ინსტიტუტის სტრატეგიულ მიმართულებაზე, მაღალი დონის ღონისძიებებზე და ახალი ინიციატივების განვითარებაზე.
  • ციფრული საზოგადოების ინიციატივა — დირექტორის ოფისთან ერთად ის კატალიზატორის როლს თამაშობს და ყურადღებას ამახვილებს მულტიდისციპლინურ მიდგომებზე. ის აერთიანებს პოლიტიკისა და ტექნოლოგიების საზოგადოებებს, რათა ხელი შეუწყოს საერთო გაგების ჩამოყალიბებას და აღნიშნოს ის გამოწვევები, რასაც ტექნოლოგიური ცვლილება იწვევს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.
  • კომუნიკაციისა და პუბლიკაციის დეპარტამენტი — ზედამხედველობას უწევს ორგანიზაციის ბრენდს და ავრცელებს ინსტიტუტის კვლევებს. განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საჯარო აუდიტორიაზე და აწარმოებს ორ ჟურნალს: „მსოფლიო დღეს“, და აკადემიურ ჟურნალს „საერთაშორისო საქმეები“.
  • საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტი — მართავს ორგანიზაციის ურთიერთობას მის ინდივიდუალურ და კორპორატიულ წევრებთან და კურირებს ღონისძიებების და კონფერენციების დატვირთულ გრაფიკს.
  • ბიბლიოთეკა — კურირებს ორგანიზაციის სპეციალისტების წიგნების კოლექციებს, პერიოდულ გამოცემებს და ელექტრონულ რესურსებს, რომლებიც მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობებს და ეკონომიკის, უსაფრთხოების და რესურსების მართვის საერთაშორისო ასპექტებს.

ინსტიტუტი საკუთარ უმთავრეს მისიად მთავრობებისა და საზოგადოებების დახმარებას მოიაზრებს, რათა მათ შექმნან მდგრადი, უსაფრთხო, აყვავებული და სამართლიანი სამყარო. სამეფო ქარტია და კანონპროექტები ასახავს იმ მიზნებს და ამოცანებს, რომლებსაც ორგანიზაცია დაარსების დღიდან, 1920 წლიდან, დღემდე ემსახურება. ის საკუთარი მიზნების განხორციელებას შემდეგი საშუალებებით ახერხებს:[21]

  • დიალოგი - ინსტიტუტის წარმომადგენლები ღია დებატებსა და კერძო დისკუსიებში შედიან მთავრობის, კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საერთაშორისო ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ყოველწლიურად, ინსტიტუტი ატარებს 500-მდე კერძო და საჯარო ღონისძიებას კონფერენციების, სემინარების და მრგვალ მაგიდასთან. ინსტიტუტის ძალა მსოფლიოს ლიდერებს და შესაბამისი სფეროს საუკეთესო ანალიტიკოსებს იზიდავს.
  • კვლევა - ჩეთემ ჰაუსი ატარებს დამოუკიდებელ და მკაცრ ანალიზს გლობალურად კრიტიკული, რეგიონალური და ქვეყნისთვის სპეციფიკური გამოწვევების და შესაძლებლობების შესახებ. კვლევის ძირითად საკითხებს წარმოადგენს: მდგრადი და თანაბარი ზრდა, კონფლიქტის თავიდან აცილება და კანონზე დამყარებული წესრიგის გაუმჯობესება. ინსტიტუტის დასკვნები, ნაშრომები, წიგნები და სხვა კვლევითი შედეგები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს მთავრობისთვის, კერძო სექტორისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის და პოლიტიკის შემქმნელებისთვის.
  • ლიდერობა - ინსტიტუტის მკვლევრებისა და ექსპერტების მრავალფეროვანი გუნდი აქტიურად მუშაობს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გააქტუალურებაზე, როგორიცაა:გლობალური ეკონომიკა და პოლიტიკური ძალაუფლების ცვლა, დედამიწის ბუნებრივი რესურსების დაცვა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა. ისინი სათანადო გამოსავლის შეთავაზებას ცდილობენ, რომელიც დაფუძნებულია მთავრობისა და საზოგადოების აქტიურ თანამშრომლობაზე, რათა ყველამ უზრუნველი მომავალი შეიქმნას. ინსტიტუტის გლობალური წევრების რიგებში ვხვდებით ბიზნესის, აკადემიის, დიპლომატიის, პოლიტიკის, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და სტუდენტების მზარდ რაოდენობას. წევრები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩათამის სახლის საკვანძო პროცესებში. დედოფალი ელისაბედ II-ის ლიდერობის აკადემიის საშუალებით, ინსტიტუტი ახალ ლიდერებს სთავაზობს უმაღლესი და კვლევითი ხელმძღვანელობის წარმომადგენლების ტრენინგებით სარგებლობას.

ჩეთემ ჰაუსის წესი

რედაქტირება

ჩეთემ ჰაუსის წესი, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, 1927 წელს შეიქმნა. ორგანიზაციამ მალევე მოახერხა წამყვანი პოლიტიკოსების მოზიდვა. ამის შემდეგ, ორგანიზაციის წესდება საზოგადოებისა და პოლიტიკის სიახლოვეს ფორმულირდა, თუმცა მისი სულისკვეთება უცვლელი დარჩა, რაც გულისხმობდა დღის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ღია და დიალოგის შემცველი ურთიერთობის ხელშეწყობას. ჩეთამის სახლის წესი საშუალებას აძლევს სპიკერებს, რომლებსაც ადრე მსგავსი შესაძლებლობა არ ჰქონიათ, ღიად და თავისუფლად ისაუბრონ საკამათო და ნაკლებად პოპულარულ საკითხებზე. ჩეთემ ჰაუსის წესი პირველად 1992 წელს განახლდა. მასში გარკვეული ცვლილებები 2002 წელს შევიდა და ის შემდეგნაირად ჟღერს:

 
„როდესაც შეხვედრა, ან მისი ნაწილი, ტარდება ჩეთემ ჰაუსის წესით, მონაწილეებს თავისუფლად შეუძლია მიღებული ინფორმაციის გამოყენება, მაგრამ არც სპიკერის (სპიკერების) იდენტობა და არც მათი აფილაცია, ისევე, როგორც სხვა მონაწილეებისა, შეიძლება იყოს გაჟღერებული.“

ჩეთემ ჰაუსი და საქართველო

რედაქტირება

ჩეთემ ჰაუსში მოქმედებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის შემსწავლელი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია იკვლევს აზერბაიჯანში, სომხეთში და საქართველოში მიმდინარე პროცესებს. 2019 წლის 1 მარტს, ჩეთემ ჰაუსში გამოაქვეყნა სტატია „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი: მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი გამოწვევები“. როგორც სტატიაშია ნახსენები, რუსეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე კონფლიქტი ახალ ფორმებს იძენს. რუსეთის პოზიცია უცვლელია - მის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ, კიდევ უფრო გაამწვავა განხეთქილება მათსა და თბილისს შორის.[22]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://web.archive.org/web/20240204131149/https://opensocietyuniversitynetwork.org/about/members/
  2. Our Governance en. ციტირების თარიღი: 2020-10-26
  3. 3.0 3.1 Charles Carrington, „Chatham House: Its History and Inhabitants“, Chatham House, 2014, p. 48
  4. „Our History“
  5. Arnold Toynbee, „International Affairs (Royal Institute of International Affairs 1944-)“, Vol. 29, No. 2, Apr, 1953, pp. 137-140
  6. Report of the Council of the Royal Institute of International Affairs to the 7th AGM' in The Royal Institute of International Affairs Annual Reports 1926-1931, (London: Chatham House, 1931), p. 3
  7. Report of the Council of the Royal Institute of International Affairs to the 7th AGM' in The Royal Institute of International Affairs Annual Reports 1926-1931, (London: Chatham House, 1931), p. 11
  8. Kenneth Younger, „Obituary of Ivison Macadam“, The Times, December 31, 1974.
  9. Chatham House: Its History and Inhabitants, C. E. Carrington, Revised and updated by Mary Bone, The Royal Institute of International Affairs, 2004
  10. Gandhi shares his vision for India
  11. Sir Norman Angell facts, The Norwegian Nobel Institute.
  12. McIntyre, W. David, „The Unofficial Commonwealth Relations Conferences, 1933–59: Precursors of the Tri-sector Commonwealth“, Journal of Imperial and Commonwealth History. 36 (4): 591–614.
  13. Robert Cecil, Facts
  14. Chatham House: Its history and inhabitants, C. E. Carrington and Mary Bone, Royal Institute of International Affairs, p 114
  15. Bosco, Nevari, „Chatham House and British Foreign Policy, 1919-1945“, Lothian Foundation Press, 1994, p. 146
  16. Christopher Thorne, „Chatham House, Whitehall, and Far Eastern Issues: 1941-45“, International Affairs (Royal Institute of International Affairs 1944-), Vol. 54, No. 1 (Jan., 1978), pp. 1-29.
  17. Arnold Toynbee, „The Writing of Contemporary History for Chatham House“, International Affairs (Royal Institute of International Affairs 1944-), Vol. 29, No. 2 (Apr., 1953), pp. 137-140.
  18. Ernesto Che Guevara, „The Cuban Economy: Its Past, and Its Present Importance“, International Affairs (Royal Institute of International Affairs 1944-), Vol. 40, No. 4 (Oct., 1964), pp. 589-599.
  19. Ian Smart, „British Foreign Policy to 1985. I: Beyond Polaris“, International Affairs (Royal Institute of International Affairs 1944-), Vol. 53, No. 4 (Oct., 1977), pp. 557-571.
  20. About us
  21. Our Mission and Values
  22. The Russia-Georgia Conflict: Challenges to a Sustainable Peace