Ardipithecus kadabba — სამეცნიერო საკლასიფიკაციო სახელი, ეწოდა განამარხებულ სახეობას, რომელიც ცნობილი გახდა 1997 წელს აღმოჩენილი ქვედა ყბის კბილებისა და რამდენიმე ჩონჩხის ძვლის  წყალობით[1]. თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ იყო 5.8-5.2 მილიონი წლის წინანდელი, ხოლო შემდეგ დადგინდა, რომ ის 5.77-5.54 მილიონი წლისაა[2]. პირველადი აღწერების თანახმად, ნამარხი ახლოს დგას შიმპანზეებისა და ადამიანების საერთო წინაპართან. მათი განვითარების ხაზები ითვლება, რომ ერთმანეთს გაემიჯნა 6.5-5.5 მილიონი წლის წინ[3]. მიჩნეულია, რომ არის არდიპითეკუს რამიდუსის „სავარაუდო ქრონოსახეობა“ (ე.ი. წინაპარი). თავდაპირველად მას განიხილავდნენ, როგორც ა. რამიდუსის ქვესახეობას, მაგრამ 2004 წელს ანთროპოლოგებმა: იოჰან ჰაილი-სელასიემ, ჯენ სუვამ და ტიმატი დუგლას უაითმა გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც მათ, ეთიოპიაში აღმოჩენილი ქვედა ყბის კბილების საფუძველზე, არ. კადაბა ქვესახეობიდან დამოუკიდებელი სახეობის დონეზე აიყვანეს.  

Ardipithecus kadabba
არდიპითეკუს კადაბას განამარხებული ნაშთები
არდიპითეკუს კადაბას განამარხებული ნაშთები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პრიმატები
ოჯახი:  ადამიანის მსგავსი მაიმუნები
სახეობა:  Ardipithecus kadabba
ლათინური სახელი
Ardipithecus kadabba

არდიპითეკუს კადაბა, ადრეული ჰომინინის სახეობა, აღმოაჩინეს ეთიოპიის მდინარე ავაშის ხეობის მიდამოებში. მისი ნამარხები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ვინაიდან თავის ქალისა და სხეულის ძვლების ფრაგმენტები ატარებს ბიპედალიზმისა და ჰომინინების დენტალური მორფოლოგიის ნიშნებს. როგორც ადამიანის ერთ-ერთი უძველესი წინაპარი, არ.კადაბა გვავარაუდებინებს ჰომინინების გაჩენას გვიანდელ მიოცენის ხანაში (დაახლოებით 5.3-11.6 მილიონი წლის წინ).

Hominidae-ს ტაქსონომია

არდიპითეკუსი

რედაქტირება

არდიპითეკუსი არის ადამიანის მსგავსი მაიმუნების ოჯახის (hominidae) ქვეოჯახის (homininae) ტაქსონომიური ტომის (hominini) ქვეტომის (hominina) გვარი. აერთიანებს, იმ hominina-ებს, ცხოვრობდნენ ეთიოპიაში, აფარის ქვაბულში (ღრმული, აუზი) გვიანი მიოცენისა (Late Miocene) და ადრეული პლიოცენის (Early Pliocene) ხანაში. მიჩნეულია, რომ არდიპითეკუსი არის ადამიანის ერთ-ერთი უძველესი წინაპარი მას შემდეგ, რაც ისინი მაიმუნთა ხაზს გამოეყვნენ. ბინადრობდნენ დაახ. 5.8 - 4.3 მილიონი წლის წინ. გამოიყოფა ორი სახეობა: A. ramidus (დაახ.4,4 მილიონი წლის წინ)[4] და A. kadabba (დაახ. 5.6 მილიონი წლის წინ)[5]. ქცევითი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ არდიპითეკუსსა და შიმპანზეებს მრავალი საერთო მახასიათებელი გაჩნიათ.

სახელი/ნომენკლატურა

რედაქტირება

Ardipithecus kadabba-ს სახელი წარმოშობილია ადგილობრივი აფარას ენიდან. „Ardi“ საერთო პრეფიქსია მოცემული სახეობისთვის, რაც ნიშნავს მიწას („ground“ ) ან იატაკს („floor“), და კომბინირებულია ლათინიზებულ ბერძნულ სიტყვა "πίθηκος,"-„pithecus“-თან, რაც ნიშნავს მაიმუნს (“ape“). საკუთრივ სახეობის სახელი "კადაბა" აფარას ენაზე ნიშნავს უძველეს წინაპარს („oldest/basal ancestor“). არდიპითეკუსის ყველა ნამარხი ინახება ადის-აბებაშიეთიოპიის ეროვნულ მუზეუმში.[6]

აღმოჩენის ისტორია

რედაქტირება

ასაკი

5,54-5,77 მილიონი წლის წინ.

მნიშვნელოვანი განამარხებული ნაშთები

1997-2000 წლებში ეთიოპიაში, 5 სხვადასხვა ადგილმდებარეობაზე აღმოაჩინეს სახეობის სხეულის 11 განამარხებული ნაწილი (კბილები, ყბების, ხელის, ფეხის თითის, მკლავის, ლავიწის ძვლები), რომლებიც სულ მცირე 5 ადამიანს ეკუთვნის. სახეობის type specimen-ს წარმოადგენს ქვედა ყბის ძვლის მარჯვენა ფრაგმენტი ALA-VP-2/10. განამარხებული ნაწილების უმეტესობა თარიღდება 5.6-5.8 მილიონი წლით, თუმცა აღმოჩენილ ფრაგმენტებს შორის არის ფეხის თითის ძვალი, რომელიც თარიღდება 5.2 მილიონი წლით. მკვლევრები ორჭოფობენ მიეკუთვნება თუ არა შედარებით გვიანი პერიოდით დათარიღებული ფეხის ძვლის ნაწილი, რომელიც სხვა განამარხებული ფრაგმენტებისგან 15 კილომეტრის მოშორებით იპოვეს, იმ სახეობის წარმომადგენელს, რომელსაც დანარჩენი ფრაგმენტები ეკუთვნის. მიკვლეული მასალის საფუძველზე მკვლევრებმა ახალ სახეობას უწოდეს არდიპითეკუს რამიდუს კადაბა.

2002 წელს, ეთიოპიაში, შუა ავაშის რეგიონში ასა კომაში (Asa Koma in the Middle Awash) აღმოაჩინეს 6 კბილი, რომლებიც თარიღდება 5.6-5.8 მილიონი წლით. ახლადაღმოჩენილი კბილების სახასიათო ნიშნების საფუძველზე აღმომჩენები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ აღმოჩენილი განამარხებული ნაშთები არა არდიპითეკუს რამიდუსის ქვესახეობისათვის, არამედ სრულიად ახალი სახეობის- არდიპითეკუს კადაბასთვის უნდა მიეკუთვნებინათ.[7]

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ნაშთების დათარიღება საკმაოდ რთულია, მკვლევრებს ეს სიძნელე „შეუმსუბუქა“ იმ გარემო პირობებმა, რომელშიც განამარხებული ნაშთები აღმოაჩინეს. კბილები ვულკანური წარმოშობის შრეებს შორის იყო მოქცეული, რომლის დათარიღებაც argon/argon (არგონ-39 და არგონ-40 იზოტოპები) მეთოდით მოხდა. დათარიღების ამ მეთოდის მიხედვით განისაზღვრა, რომ ნაშთები 5.54 - 5.77 მილიონი წლის უნდა ყოფილიყო.

გეოგრაფიული არეალი

რედაქტირება
ადრეული ჰომინიდების ნამარხების რუკა

არდიპითეკუს კადაბას ნამარხები აღმოაჩინეს კუსერალიის (Kuseralee) შლამიან თიხაში. ასევე დიჯიბა დორას (Digiba Dora) , საიტუნ დორას (Saitune Dora), ალაილას (Alayla) და ემბა ისთის (Amba East) შლამიან თიხებში. ყველა ეს ადგილმდებარეობა მდებარეობს აფარას ხეობის (Afar rift) დასავლეთ ნაპირებზე, ზღვის დონიდან 690 და 800 მეტრზე, ტბა იარდის (Lake Yardi)  ჩრდილო-დასავლეთით. გამონაკლისია, ემბა ისთი (Amba East), რომელიც არის ზღვის დონიდან 650 მეტრზე და ტბა იარდის (Lake Yardi) ზუსტად ჩრდილოეთით. ალაილა (Alayla) არის ადის აბებასგან (Addis Ababa) ჩრდილო-აღმოსავლეთით  217 კილომეტრით მოშორებით, არდიპითეკუს რამიდუსის ლოკაციისგან 30 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით, 24 კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით ემბა ისთისგან (Amba East ), საიტუნ დორასგან (Saitune Dora) 4 კილომეტრით დასავლეთით და დიჯიბა დორასგან (Digiba Dora) 14.5 კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით.[8] არდიპითეკუს კადაბას ყველა ნამარხი ნაშთი აღმოჩენილია ტბებისა ან წყლის სხვა წყაროების მახლობლად. ამიტომ ნავარაუდებია, რომ არ. კადაბა ცხოვრობდა დახურულ გარემოში ხშირი ტყეებით, ადგილებში, სადაც წყალზე წვდომა მუდმივი იყო.მაგალითად, მდინარეებთან ან ტბებთან ახლოს. ასეთი ადგილები იყო ნესტიანი და ტალახიანი. გარემოს ეს რეკონსტრუქცია გაკეთდა აღმოჩენილი არაჰომინინი ცხოველების ნამარხებზე დაყრდნობით. საუბარია იმ ცხოველების ნაშთებზე, რომლებიც აღმოაჩინეს ნიადაგის იმავე ფენებში, რაც არდიპითეკუს კადაბა. მოცემული რეკონსტრუქცია უარყოფს ე. წ. „სავანას ჰიპოთეზას“, რომლის მიხედვით, ბიპედალიზმი განვითარდა ღია მდელოებში.[2]

ძირითადი ფიზიკური მახასიათებლები[7]

რედაქტირება
  • ზომით თანამედროვე შიმპანზეების მსგავსი

სხეულის ზომა და ფორმა

რედაქტირება
  • თანამედროვე შიმპანზეების მსგავსი

კიდურები

რედაქტირება
  • ფეხის თითის ძვლების სტრუქტურის მიხედვით ივარაუდება, რომ ეს სახეობა შესაძლოა ყოფილიყო ბიპედალი. თუმცა, ზოგი მეცნიერი დავობს იმის შესახებ, რამდენად მართებულია ფეხის ძვლის ფრაგმენტის მიკუთვნება ამ სახეობისთვის, რადგან ეს განამარხებული ნაშთი აღმოაჩინეს სხვა ფრაგმენტებისგან 15 კილომეტრის მოშორებით და თარიღდება რამდენიმე ასეული ათასი წლით გვიანდელი პერიოდით.

ყბები და კბილები

რედაქტირება
  • ადამიანთან შედარებით უფრო სქელი კბილის ემალი და შედარებით დიდი ეშვები (canines)
  • კბილების ზოგიერთი მახასიათებელი აჩვენებს, რომ არდიპითეკუს კადაბას ნაკლებპრიმიტიული კბილის აგებულება აქვს ვიდრე მანამდე არსებულ მაიმუნებს
  • უკანა კბილები (molar-ფართო და შედარებით ბრტყელზედაპირიანი კბილები, რომლებიც მეტადაა განვითარებული ძუძუმწოვრებში; პირის ღრუს უკანა ნაწილში მდებარეობს) არის უფრო ფართო, ვიდრე შიმპანზეებში; შეინიშნება ქვედა ეშვების უფრო მჭრელი ფორმის მიღება და ჰომინინის მსგავსი პრემოლარები (მცირე ძირითადი კბილები).

არ. კადაბას შედარებით ცოტა ნაწილია შემორჩენილი და მათი უმრავლესობა არის კბილები და ქვედა ყბის ფრაგმენტები. არ.კადაბას კბილები შესამჩნევად უფრო პრიმიტიულია ვიდრე ავსტრალოპითეკ ავარენსისა და ავსტრალოპითეკ ანამენსისა. პრიმიტიულობა ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ ისინი ატარებენ წინაპრებისთვის დამახასიათებელ საკმაოდ ბევრ ნიშანს. საკბეჩი კბილები კადაბას უფრო პატარა აქვს, ვიდრე არსებულ ადამიანისმაგვარ მაიმუნებს, მაგრამ უფრო ფართო, ვიდრე ავსტრალოპითეკებსა და გვიან ჰომინინებს. არ. კადაბას ეშვები მდედრობითი სქესის შიმპანზეების ეშვებზე ოდნავ პატარაა. ავსტრალოპითეკ აფარენსის, ავსტრალოპითეკ ანამენსის და არდიპითეკუს რამიდუსის ზედა ეშვები კი შესამჩნევად უფრო მცირეა ვიდრე მდედრობითი შიმპანზეების ეშვები. კადაბას ზედა ეშვების ფორმა განსხვავდება ადამიანისმაგვარი მაიმუნების ზედა ეშვების ფორმისგან და უფრო ემსგავსება გვიანი ჰომინინებისას: კბილის გვირგვინი უფრო სიმეტრიული, მომრგვალებული ფორმისაა. კადაბას დანარჩენი კბილები და მისი მემკვიდრე არდიპითეკუს კადაბას კბილები თითქმის იდენტურია. მათ აქვთ საერთო: ფორმა, პროპორციები. თუმცა განსხვავებებიც არსებობს: კადაბას კბილების ემალი უფრო თხელია და ქვედა მესამე მოლარების გვირგვინი უფრო ასიმეტრიული ფორმისაა. კადაბას ქვედა ყბა მცირე ზომისაა, მაგრამ განიერი და მისი ფორმა წააგავს ადრეული ჰომინინების (Sahelanthropus tchadensis , არდიპითეკუს რამიდუს) ქვედა ყბის ფორმას.

არდიპითეკუს კადაბას ჩონჩხის ის  ნაწილები, რომლებიც დღესდღეობით მოგვეპოვება (თავის ქალას ნაწილების გარდა) არის შემდეგი: წინამხრის ფრაგმენტები, ხელის თითის 2 ძვალი, ლავიწის ძვლის ფრაგმენტი, ფეხის არათითის ფრაგმენტი. ამ ელემენტებისგან მოხერხდა სხეულის ნაწილების აღდგენა. წინა კიდურის (მკლავისა და მტევნის) ძვლები პრიმიტიულია, ჰგავს ცოცხალი დიდი მაიმუნებისას. მაგალითად, გვიანდელ ჰომინინებთან შედარებით, არდიპითეკუს კადაბას თითის ძვლები უფრო დიდი ზომისაა და უფრო მყარი შესახსრებებით. იდაყვის ძვალი არის უფრო მრუდხაზიანი და მაიმუნის იდაყვის ძვლის მსგავსი. კიდევ ერთი მორფოლოგიური ნიშანი, რომელიც განასხვავებს მოცემულ სახეობას ჰომინინების სხვა სახეობებისგან,  არის იდაყვის შესახსრება: ის უზრუნველყოფს უფრო თავისუფალ მოძრაობას, რაც ახასიათებს ცოცხალ დიდ მაიმუნებს. გვიანდელი ჰომინინების იდაყვი კი ნაკლებად მოქნილია.

მარცხენა ფეხის მეოთხე თითი

რედაქტირება

მარცხენა ფეხის მეოთხე თითის ძვლის [9] შესწავლის შემდეგ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ არდიპითეკუს კადაბა შესაძლოა ყოფილიყო ორ ფეხზე მოსიარულე სახეობა. ამაზე მიუთითებს მიკვლეული ფეხის ძვლის თითის სახსარის ამოზნექილი ფორმა (რომელიც ტერფის დანარჩენ ნაწილთნ უფრო ახლოს მდებარეობს). ასეთი ფორმა დამახასიათებელია არა მარტო მანამდე აღმოჩენილი Au. Afarensis-სთვის, არამედ უფრო გვიანდელი ჰომინინებისათვის Homo sapiens-ის ჩათვლით. დიდი მაიმუნებისთვის (great apes) კი დამახასიათებელია სახსრებთან უფრო ჩაზნექილი ფორმა. ფეხის თითის სახსრის „ამოზნექილი“ ფორმა, ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ხელს უწყობდა ორ ფეხზე სიარულს, რადგან მიწაზე ფეხის დაბიჯებისას უფრო მარტივი იყო ბიძგის მიღება. თუმცა, მკვლევრები ამბობენ, რომ მსგავსი ფორმა სახსრებისა არა-ჰომინინ მიოსცინის პერიოდის მაიმუნებშიც (non-hominin Miocene apes) (მაგ.Sivapithecus) გვხვდება, რომელთა შესახებაც არ არის ცნობილი ხეზე ბინადრობისას ისინი ორ ფეხზე (ბიპედალურად) გადაადგილდებოდნენ თუ არა. ამასთან ერთად, არ. კადაბას ფეხის ძვლის თითი, მასთან ერთად აღმოჩენილ სხვა განამარხებულ ნაშთებზე რამდენიმე ასეული ათასი წლით უფრო ადრეული პედიოდით თარიღდება და თან მას მასთან ერთად აღმოჩენილ სხვა განამარხებულ ნაშთებისგან 15-16 კილომეტრის მოშორებითა მიკვლეული. ამ ფაქტმა დააფიქრა ზოგიერთი მკვლევარი, რამდენად მართებული იყო აღმოჩენილი ფეხის ძვლის თითის მიკუთვნება არ.კადაბას მიკუთვნებული დანარჩენი განამარხებული ნაშთებისათვის.

ინფორმაცია არდიპითეკუს კადაბას კულტურული დამახასიათებელი ნიშნების, თვისებების შესახებ დაზუსტებული არ არის, მაგრამ, როგორც მკვლევრები ასკვნიან, ამ სახეობის წარმომადგენლები იყენებდნენ იმის მსგავს მარტივ იარაღებს, რასაც თანამედროვე შიმპანზეები:

  • პატარა ტოტებს, წნელებს, ჯოხებს და სხვა მცენარეულ მასალას,რომლის ფორმის შეცვლა, მოდიფიცირება ადვილი იყო. ამ მასალას,სავარაუდოდ, იყენებდნენ მთელი რიგი დავალებების შესასრულებლად, მათ შორის საკვების მოსაპოვებლადაც.
  • არამოდიფიცირებულ ქვებს, ქვებს, რომელთაც ფორმა ხელოვნურად არ ჰქონდათ შეცვლილი მათ გამოყენებამდე. ამგვარი იარაღები, სავარაუდოდ, გამოიყენებოდა მაგარი, მყარი საკვების (მაგალითად,თხილის) დასამუშავებლად.

გარემო და კვება[7]

რედაქტირება

ტერიტორიის განამარხებული სამხილები მოწმობს, რომ ტერიტორია უნდა ყოფილიყო დაფარული ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარე ტყებითა და ბალახოვანი მდელოებით; ტბებით, ჭაობებითა და წყაროებით.

იმის აღმოჩენა, რომ არდიპითეკუს კადაბა ცხოვრობდა ტყიან გარემოში, კიდევ უფრო ამძაფრებდა კითხვას იმის შესახებ, თუ როგორმა გარემო პირობებმა უბიძგა ბიპედალიზმის ევოლუციის პროცესს.

შიმპანზეებთან შედარებით უფრო ფართო უკანა კბილებისა (back molars) და შედარებით ვიწრო მჭრელი კბილების (incisors) საფუძველზე ივარაუდება, რომ არდიპითეკუს კადაბას რაციონში შედიოდა ბევრად მეტი ბოჭკოვანი საკვები, ვიდრე ხილი და ფოთლებია.

კავშირი სხვა სახეობებთან

რედაქტირება

კავშირი არდიპითეკუს კადაბასა და სხვა ადრეულ ჰომინიდებს შორის პალეოანთროპოლოგების მწვავე ინტერესს იწვევს. კამათობენ, რომ უფრო გვიანდელი არდიპითეკუს რამიდუსი , რომელიც ასევე აღმოაჩინეს ეთიოპიის მდინარე ავაშის ხეობის მიდამოებში, არის არ. კადაბას.უშუალო მემკვიდრე, რადგან ამ ორ სახეობას მრავალი სერთო ნიშანი გააჩნია, მათ შორის: კბილის შედარებით თხელი ემალი და უფრო დიდი საკბეჩი კბილები. ზოგი მკვლევარი აცხადებს, რომ არ. კადაბა წარმოადგენს აღმოსავლეთ აფრიკის ჰომინინების ცალკეული ხაზის წარმომადგენელია. ეს ხაზი იწყება არ. კადაბათი, გრძელდება  ავ.ანამემნისით და მთავრდება ავ. აფარენსისით. ყველა ეს სახეობა აღმოჩენილია აღმოსავლეთ აფრიკაში. მოცემულ ჰიპოთეზას ადასტურებს სხვადასხვა მორფოლოგიური კანონზომიერება: საკბეჩი კბილების ზომებში შემცირება  და პრემოლარული მორფოლოგიის თავისებურებანი.[6]

მეცნიერები, რომლებმაც მიაკვლიეს არდიპითეკუს კადაბას ნაშთებს, ამტკიცებენ, რომ ეს სახეობა ადამიანის უშუალო წინაპარი და ფილოგენეტიკური ხის human განშტოების დღემდე მიკვლეული უძველესი წარმომადგენელია. ისინი, ვინც Orrorin tugenensis აღმოაჩნა, არ ეთანხმებიან არდიპითეკუს კადაბას აღმომჩენების მოსაზრებას და ფიქრობენ, რომ მათ მიერ მიკვლეული სახეობა მეტად შეესაბამეება ადამიანის უშუალო წინაპრის კანდიდატურას. ზოგი მეცნიერი თვლის, რომ აღმოჩენილი ნაშთები მიეკუთვნება არდიპითეკუს რამიდუს კადაბას ქვესახეობას, რადგან დიდია მსგავსება არდიპითეკუს რამიდუსთან, თუმცა ამ სახეობას აქვს კბილის უფრო პრიმიტიული, მაიმუნებისთვის დამახასიათებელი (ape-like) ნიშნები.[7] 

რაც შეეხება საცხოვრებელ გარემოს (ტყეები,ტყიანი სავანები და ღია სივრცეები, სადაც წყლის მოპოვება იქნებოდა შესაძლებელი), ამგვარ ლანდშაფტურ ზონებში უნდა ეცხოვრა Sahelanthropus-საც.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Quade, J., & Wynn, J. G. (2008). The geology of early humans in the Horn of Africa. Boulder, CO: Geological Society of America.
  • A. K. (n.d.). A Critical Analysis of Hominin Morphology: The Partial Skeleton of Ardipithecus ramidus: pp:148-149
  • Ardipithecus kadabba and ramidus | Evolution Dismantled. (2016). Retrieved 2016, from http://evolutiondismantled.com/ardipithecus
  • Begun, D. R. (n.d.). A companion to paleoanthropology.
  • Larsen, C. S. (2010). A companion to biological anthropology. Chichester, U.K.: Wiley-Blackwell.: pp. 318–320
  1. Gibbons, Ann (2009). "A New Kind of Ancestor: Ardipithecus Unveiled". Science 326 (5949): 36–40. Bibcode:2009Sci...326...36Gdoi:10.1126/science.326_36.PMID 19797636.
  2. 2.0 2.1 Yohannes Haile-Selassie. (n.d.). from http://www.homininsatwork.com/yohannes-haile-selassie/
  3. Yohannes Haile-SelassieLate Miocene hominids from the Middle Awash, Ethiopia
  4. Perlman, David (July 12, 2001). "Fossils From Ethiopia May Be Earliest Human Ancestor". National Geographic News. Retrieved July 2009. Another co-author is Tim D. White, a paleoanthropologist at UC-Berkeley who in 1994 discovered a pre-human fossil, named Ardipithecus ramidus, that was then the oldest known, at 4.4 million years.
  5. White, Tim D.; Asfaw, Berhane; Beyene, Yonas; Haile-Selassie, Yohannes; Lovejoy, C. Owen; Suwa, Gen; WoldeGabriel, Giday (2009). "Ardipithecus ramidus and the Paleobiology of Early Hominids". Science 326 (5949): 75–86. Bibcode:2009Sci...326...64Wdoi:10.1126/science.1175802.PMID 19810190.
  6. 6.0 6.1 Becoming Human. (n.d.). Retrieved , 2016, from http://www.becominghuman.org/node/ardipithecus-kadaba-essay
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 http://australianmuseum.net.au/ardipithecus-kadabba
  8. Sarmiento, E. E., Sawyer, G. J., Milner, R., & Deak, V. (2007). The last human: A guide to twenty-two species of extinct humans. New Haven: Yale University Press: pp.39-45
  9. http://www.nature.com/nature/journal/v412/n6843/full/412131a0.html