ჰრიჰორი ეპიკი (დ. 4 (17) იანვარი1901, სოფ. კამიანკა, დღეს დნიპროს შემადგენლობაში — გ. 3 ნოემბერი, 1937) — უკრაინელი მწერალი. დაამთავრა კამიანკის სახალხო სასწავლებელი (1916). ამ დროიდან მუშაობდა სადგურ ეკატერინოსლავის სარკინიგზო სახელოსნოებში (ახლანდ. დნიპრო). მონაწილეობდა მუშათა რევოლუციურ გამოსვლებში. 1920 წლიდან იყო კომკავშირის პოლტავის გუბერნიის კომიტეტის მდივანი, სამაზრო აღმასკომის ხელმძღვანელი. 1924 წლიდან იყო ხარკივში: გამოცემა „ჩერვონი შლიახის“ და უკრაინის სახელმწიფო გამომცემლობის მთავარი რედაქტორი. სწავლობდა წითელი პროფესურის ინსტიტუტში (1925–1929). 1929–1930 წლებში ხელმძღვანელობდა გლეხ მწერალთა კავშირის წევრთა მხატვრული ლიტერატურის სახელმწიფო გამომცემლობა „პლუგს“, 1926 წლიდან იყო ვაპლიტეში, შემდეგ პროლიტფრონტში, 1931 წლიდან — პროლეტარული მწერლების სრულიად უკრაინის კავშირში. 1925–1928 წლებში ლიტერატურულ დისკუსიაში მხარს უჭერდა მიკოლა ხვილიოვის პოზიციას. ლექსების პირველი კრებული — „წითელი კობზა: ფიქრები წითელ კაზაკობაზე“ 1923 წელს გამოსცა. მის ნაწარმოებს შორისაა: პიესა „სისხლი ლენაზე“ (ხარკივი, 1925), რომელიც 1912 წელს მეფის ჯარების მიერ ციმბირის გაფიცული ოქროს მომპოვებლების დახვრეტას ეხება; რომანი „ნიადაგის გარეშე“ (ხარკივი, 1928; მე-5 გამოც. — 1932), რომელშიც დაგმო შემგუებლები, რომლებმაც არსებობის თავისი სისტემა შეიმუშავეს: ძლიერებისადმი სრული მორჩილება და უფრო სუსტების ულმობელი ჩაგვრა. რომანი „პირველი გაზაფხული“ (ხარკოვი; კიევი, 1931; მე-9 გამოც. — 1934) მიუძღვნა კოლექტივიზაციას; მისი აპოლოგეტიკის უკან იგრძნობა პროცესის სირთულე და გლეხობისადმი ფაქტობრივი წინააღმდეგობა. წარუმატებელ რომანად თავადვე შეაფასა „პეტრო რომენი“ (ხარკოვი, ოდესა, 1932), რომელიც ახალგაზრდა მუშის პოზიტიური სახის შექმნის თხოვნის საფუძველზე დაწერა. მონაწილეობდა სრულიად უკრაინის ფოტოკინოსამმართველოს სცენარის განყოფილების საქმიანობაში, მისი სცენარით (ვ. ომალჩენკოს თანაავტორობით) იალტის კინოსტუდიაში გადაიღეს ლენტი „ტრიპოლიის ტრაგედია“ (1926, რეჟ. ა. ანოშჩენკო) — ისტორია კიევის რეგიონში ატამან ზელენის აჯანყებულთა რაზმების წინააღმდეგ კომკავშირელთა ლაშქრობის შესახებ (ტრიპოლიის ლაშქრობა). უკრაინული კინემატოგრაფის საბავშვო პოპულარული ნაწარმოებია კინოამბავი „პარტიზანის ქალიშვილი“ (ვ. დანილევიჩთან ერთად; 1935, რეჟ. ო. მასლიუკოვი და მ. მაევსკა, ოდესის კინოსტუდია „უკრაინფილმი“) — 1918–1920 წლების სამხედრო მოქმედებების დროს უკრაინულ სოფელში კლასობრივი ბრძოლის ოფიციალური ვერსია.[1]

ჰრიჰორი ეპიკი
უკრ. Григорій Данилович Епік
დაბადების თარიღი 4 (17) იანვარი, 1901
დაბადების ადგილი დნიპრო
გარდაცვალების თარიღი 3 ნოემბერი, 1937(1937-11-03) (36 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანდარმოხი
დასაფლავებულია ბაიკოვეს სასაფლაო
საქმიანობა მწერალი და ჟურნალისტი
ენა უკრაინული ენა
მოქალაქეობა  სსრკ

1934 წლის 5 დეკემბერს ეპიკი დააპატიმრეს და ტერორისტულ საქმიანობის ბრალდებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, სასჯელს იხდიდა სოლოვეცკის ბანაკში. 1937 წლის 9 ოქტომბერს შინსახკომის განსაკუთრებული ტროიკის მიერ დახვრეტა მიესაჯა. 1956 წელს მოხდა მისი რეაბილიტაცია. ამის შემდეგ გამოიცა კრებული „ნაწარმოებები“ (1958), რომანი „პირველი გაზაფხული“ (1971) და პატიმრობისას ვაჟისთვის დაწერილი თხზულება «„რომენის ანბანი“ სოლოვკიდან» (1993; ყველა — კიევში). მისი ცალკეული ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, ბელარუსულ, პოლონურ, მოლდოვურ (რუმინულ), ებრაულ, გერმანულ ენებზე.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Килимник О. В. Григорій Епік. К., 1960;
  • Ротач П. П. Про перебування Г. Епіка в Полтаві // РЛ. 1967. № 10;
  • …З порога смерті…: Письменники України – жертви сталінських репресій. Вип. 1. К., 1991;
  • Савка М. Епік Григорій Данилович // Укр. журналістика в іменах. Л., 1994. Вип. 4;
  • Остання адреса: Розстріли соловецьких в’язнів з України у 1937–1938 рр.: У 2 т. К., 2003.
  1. 1.0 1.1 Зленко, Г. Д.. Епік Григорій Данилович uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] (2009). ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2023