ლენის მუშათა დახვრეტა
ლენის მუშათა დახვრეტა — სადამსჯელო ოპერაცია რუსეთის იმპერიაში 1912 წლის 4 აპრილს, როდესაც ჩაახშვეს მდინარე ლენაზე ოქროს საბადოების მუშების გაფიცვა.
მდინარე ლენაზე მდებარე ოქროს საბადოების სააქციო საზოგადოების წევრები იყვნენ რუსი მრეწველები ა. ვიშნეგრადსკი, ა. პუტილოვი, გრაფი ს. ვიტე, ნიკოლოზ II-ის დედა მარია თედორეს ასული. საბადოში მუშაობის პირობები იყო უკიდურესად მძიმე, ხოლო ხელფასი დაბალი. ამის გამო 1912 წლის 29 თებერვალს ანდრეევსკის საბადოზე დაიწყო მუშათა გაფიცვა, რისი საბაბიც გახდა დამპალი ხორცის გაცემა საბადოს დუქანში. გაფიცულები ითხოვდნენ 8-საათიან სამუშაო დღეს, ხელფასის მომატებას 30%-ით, ჯარიმების გაუქმებას და სხვა. ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა არცერთი მოთხოვნა. მარტის შუა რიცხვებში გაფიცვა მოედო ყველა საბადოს. გაიფიცა 6000-მდე მუშა. გაფიცვას ხელმძღვანელობდნენ ბოლშევიკები, მენშევიკები და ესერები. მთავრობამ გაფიცულთა წინააღმდეგ შეიარაღებული ძალები გაგზავნა. 4 აპრილს დააპატიმრეს საგაფიცვო კომიტეტის წევრები. შემდეგ დილით 2500-მდე მუშა გაემართა პროკურატურაში საჩივრის წარსადგენად. მათ გზა გადაუღობა ჯარმა და ჟანდარმერიის როტმისტრ ტრეშჩენკოვის ბრძანებით გაუხსნა ცეცხლი. მოკლეს 270 და დაჭრეს 250 კაცი.
ფაქტის გამოსაძიებლად მთავრობამ დანიშნა კომისია, მაგრამ ამან მუშები არ დააკმაყოფილა და მათ მასობრივად დატოვეს სამსახური. სამსახურიდან წავიდა სულ 9000-მდე მუშა. ლენის მუშათა დახვრეტამ ბიძგი მისცა შემდგომ რევოლუციურ პროცესებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 188.