ჰამლეტ გონაშვილი
ჰამლეტ დიმიტრის ძე გონაშვილი (დ. 20 ივნისი, 1928, ანაგა — გ. 25 ივლისი, 1985, იქვე) — ქართველი მომღერალი (ტენორი), სახალხო მოლექსე, მასწავლებელი, ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული. საქართველოს სახალხო არტისტი (1980).
ჰამლეტ გონაშვილი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 20 ივნისი, 1928 |
დაბ. ადგილი | ანაგა, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 25 ივლისი, 1985 (57 წლის) |
გარდ. ადგილი | ანაგა |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
ჟანრ(ებ)ი | ფოლკლორი |
საქმიანობა | მომღერალი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჰამლეტ გონაშვილი დაიბადა სოფელ ანაგაში. სწავლობდა ბიოლოგიას. მუშაობა თბილისის ტურისტულ ბიუროში დაიწყო და მისთვის სასიამოვნო საქმეს მიჰყო ხელი. შემდეგ თეატრალურში სწავლობდა, მაგრამ ინსტიტუტის სცენაზეც სიმღერით გამოვიდა. რექტორმა მიხეილ კვესელავამ მას ურჩია, სიმღერისთვის მიეხედა. 25 წლისა უკვე საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი იყო.
1953-1969 წლებში იყო ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრი. 1969 წლიდან ანსამბლ „რუსთავში“ გადავიდა და 16 წელი ამ ანსამბლის სოლისტი იყო. ანსამბლის რეპერტუარი მასზე იყო აწყობილი. ერთნაირი წარმატებით ასრულებდა როგორც ქართლ-კახურ, ისე მეგრულ და აფხაზურ სიმღერებს, იმერულ-გურულ საგალობლებს (მთქმელის პარტიას), ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.
ჰამლეტის მთავარი მომხიბლაობა იყო განსაკუთრებული და განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, რბილი ტემბრის ხმა, ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა, დახვეწილი გემოვნება, ბგერის სიმსუბუქე და მკაფიოება. არტისტული გარეგნობით, სიმღერის დახვეწილი მანერითა და თავდაჭერილობით აღტაცებაში მოჰყავდა არა მხოლოდ ქართველი, უცხოელი მსმენელიც. პარიზში „მრავალჟამიერი“ სამჯერ ამღერეს, ესპანელები ყელზე კოცნიდნენ. ანსამბლ „რუსთავთან“ ერთად თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და თავისი სიმღერით გულგრილი არავინ დაუტოვებია, მათ შორის პროფესიონალი მუსიკოსებიც. გონაშვილის რეპერტუარიდან გამორჩეულია:
- „თუ ასე ტურფა იყავი“ (ტექსტის ავტორი: ნათელა ონაშვილი (სიმღერის ვერსია), ორიგინალი ლექსის ავტორი: ივლიტა შავერდაშვილი, მუსიკის ავტორი: ანზორ ერქომაიშვილი),[1][2]
- „ურმული“,
- „ოროველა“,
- „წინწყარო“,
- „წმინდაო ღმერთო“,
- „გაფრინდი შავო მერცხალო“,
- „დაიგვიანეს“.
მისი შემოქმედება ქართული მუსიკალური ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის უნიკალური სინთეზია. გონაშვილს გააჩნდა მელოდიის არტიკულაციის უბადლო უნარი, რაც ძალიან კარგად გამოიყენა კომპოზიტორმა იაკობ ბობოხიძემ, როდესაც მან გონაშვილის ხმას თავისი რამდენიმე შედევრი („მოდი გიამბობ“, „თოვლი“, „მზეო თიბათვისა“) მოარგო.
ჰამლეტ გონაშვილი დაიღუპა ტრაგიკულად, მშობლიურ სოფელ ანაგაში, დედის სანახავად ჩასული. დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე. 2001 წელს გადაასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
მის მიერ შესრულებული სიმღერები დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება საზღვარგარეთ. უცხოელები ჰამლეტ გონაშვილის „ურმულსა“ და „ოროველას“ კინოფილმებსა და მასობრივ სანახაობებში იყენებენ როგორც მისტიკური მოვლენის, ადამიანის ხმის შესაძლებლობის უნიკალურ გამოვლინებას.[3]
ლიტერატურა
რედაქტირება- გარაყანიძე ე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 95-96.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ პიკის საათი - ერთი სიმღერის ისტორია, ინტერვიუ ანზორ ერქომაიშვილთან.
- ↑ ვის ეკუთვნის ლექსი "თუ ასე ტურფა იყავი"?, შეცდომა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ბანერზე
- ↑ planeta.ge - ჰამლეტ გონაშვილის ბიოგრაფია