ოქროს რქა

ზღვის წვრილი ყურე სტამბოლში
(გადამისამართდა გვერდიდან ჰალიჩი)

ოქროს რქა (თურქ. Altın Boynuz; ძვ. ბერძნ. Χρυσόκερας, ხრისოკერას; ლათ. Sinus Ceratinus), იგივე ჰალიჩი (თურქ. Haliç) — ზღვის წვრილი ყურე სტამბოლში, თურქეთში, რომელიც ქალაქის მნიშვნელოვანი ურბანული სანაოსნო გზა და მთავარი შესასვლელია ბოსფორში.

სტამბოლის ისტორიული ნახევარკუნძულის რუკა, სადაც ნაჩვენებია ოქროს რქისა და სარაიბურნუს მდებარეობა ბოსფორთან მიმართებით, ისევე როგორც ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილები და სხვადასხვა უბნები.

ეს ცნობილი ყურე წარმოადგენს რქის ფორმის ესტუარს, რომელიც უერთდება უშუალო წერტილში ბოსფორის სრუტეს, სადაც სრუტე უერთდება მარმარილოს ზღვას, რითაც იქმნება ვიწრო, იზოლირებული ნახევარკუნძული, რომლის წვერია „ძველი სტამბოლი“ (ძველი კონსტანტინოპოლი და ბიზანტიონი), ასევე კონცხი სარაიბურნუ. ოქროს რქა გეოგრაფიულად გამოყოფს სტამბოლის ისტორიულ ცენტრს დანარჩენი ქალაქისგან და ქმნის ბუნებრივ ნავსადგურს, რომელიც ისტორიულად, ათასობით წლის განმავლობაში იცავდა ბერძნულ, რომაულ, ბიზანტიურ და ოსმალურ საზღვაო-სავაჭრო გემებს.[1]

იმ დროს, როდესაც „რქა“ გულისხმობს ყურის ზოგად ფორმას, „ოქროს“ მნიშვნელობა უფრო ბუნდოვანია, რა დროსაც ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს აღნიშვნა გულისხმობს ან ქალაქის სიმდიდრის წყაროს, რომელიც ყურის მეშვეობით შემოდიოდა ან რომანტიკული მხატვრული ინტერპრეტაციებით შემოსილ ყვითელი შუქით აღსავსე წყლის ფერს, რომელსაც წყალი მზეზე იღებს. ყურის ბერძნული და ინგლისური სახელები იგივე მნიშვნელობას ატარებენ, ხოლო მისი თურქული სახელწოდება ჰალიჩი, უბრალოდ ნიშნავს „ესტუარს“ და მომდინარეობს არაბული სიტყვიდან „ხალეჯ“, რაც ნიშნავს „ყურეს“.

თავისი ლეგენდარული წარსულის განმავლობაში, ოქროს რქამ გადაიტანა უამრავი მძვინვარე ისტორიული მოვლენა და მისი დრამატული მოვლენები, ხელოვნების უამრავი ნამუშევრის ნიმუში გახდა.

 
1860-70 წლების ოსმალეთის პერიოდის სტამბოლის გერმანული რუკა, რომელიც ასახავს ოქროს რქას (სექტორი B2) და მის მდინარეებს, ალიბეიქიოისა და ქაღითჰანეს.

ოქროს რქა მდინარე ალიბეიქიოის და ქიაღითჰანეს ესტუარია (შესართავი). ყურე 7,5 კილომეტრის სიგრძის და 750 მეტრის სიგანისაა. მისი მაქსიმალური სიღრმე, სადაც ის ჩაედინება ბოსფორში, დაახლოებით 35 მეტრია.

დღესდღეობით, ოქროს რქაზე ხუთი ხიდია აშენებული. ზემოდან ქვემოთ მოძრაობისას (ანუ ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ), ესენია:

  1. ჰალიჩის ხიდი, რომელიც გაიხსნა 1974 წელს, ერთმანეთს აკავშირებს სიუთლიუჯეს და დეფტერდარის კვარტალებს.
  2. გალათას ძველი ხიდი, რომელიც დღეს არ არსებობს, ერთმანეთს აკავშირებდა ქარაქიოისა და ემინენიუს კვარტალებს.
  3. ათათურქის ხიდი, რომელიც ასევე ცნობილი, როგორც უნქაფანის ხიდი, რომლის მშენებლობა დასრულდა 1940 წელს და აკავშირებს ქასიმფაშასა და უნქაფანის რაიონებს.
  4. ჰალიჩის მეტროს ხიდი, 2014 წელს დასრულებული საქვეითო სარკინიგზო ხიდი, რომელიც სტამბოლის მეტროს მე-2 ხაზს ემსახურება.
  5. გალათას ხიდი, რომელიც გაიხსნა 1994 წელს და აკავშირებს ქარაქიოისა და ემინენიუს.
 
სარაიბურნუს ხედი პერადან, სადაც ჩანს ბოსფორი (მარცხნივ), ოქროს რქის შესასვლელი (ცენტრი და მარჯნივ) და მარმარილოს ზღვა (დაშორებით) პრინცის კუნძულებით ჰორიზონტზე.
 
გალათის (წინა პლანზე) ხედი ჰაერიდან, ისტორიული ნახევარკუნძული (ფონი) და გალათის ახალი ხიდი, რომელიც ოქროს რქაზე გადის და ერთმანეთს აკავშირებს მის ორ სანაპიროს იმ წერტილში, სადაც იგი უკავშირდება ბოსფორს (სურათის მარცხნივ) და მარმარილოს ზღვას (ისტორიული ნახევარკუნძულის უკან). სარაიბურნუ მდებარეობს ისტორიული ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ წვერზე. პრინცის კუნძულები კი ჰორიზონტზე ჩანს.[2]

არქეოლოგიური ძეგლები გვიჩვენებს ოქროს რქისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მნიშვნელოვან ურბანულ ყოფას, რომელიც ძვ. წ. VII საუკუნით თარიღდება, ასევე აღმოჩენილია მცირე ზომის დასახლებები, რომლებიც ჯერ კიდევ ძვ. წ. 6700 წლით თარიღდება, რასაც ადასტურებს უძველესი პორტები და სავაჭრო ხომალდები, რომელიც ბოლოდროინდელი აღმოჩენების შედეგად, იენიქაფის მეტროსადგურისა და მარმარაის გვირაბის პროექტის სამშენებლო სამუშაოების დროს აღმოჩნდა.[1][3][4]

სინამდვილეში, ოქროს რქის მიერ უზრუნველყოფილი ღრმა ბუნებრივი ნავსადგური, ყოველთვის იყო მთავარი ეკონომიკური მიმზიდველობა და სტრატეგიული სამხედრო უპირატესობა ტერიტორიის მკვიდრთათვის და აღმოსავლეთ რომაელ კოლონიზატორებისთვის, რომლებმაც „ნოვა რომა“ (ახალი რომი) დააარსეს მის სანაპიროზე, რამაც შემდგომში, ბიზანტიონში, კონსტანტინოპოლსა და ბოლოს სტამბოლში ჰპოვა განსახიერება.

ბიზანტიის იმპერიას აქ თავისი საზღვაო შტაბი ჰყავდა, ხოლო კედლები, რომელიც აშენდა ყურის სანაპიროს გარშემო, კონსტანტინოპოლს საზღვაო თავდასხმებისგან იცავდა. ოქროს რქის ჩრდილოეთი შესასვლიდან გალათას ძველ კოშკამდე დიდი ჯაჭვი იყო გაჭიმული, რომელიც ხელს უშლიდა არასასურველი გემების ნავსადგურში შესვლას. ბიზანტიელთა შორის ცნობილი, როგორც Megàlos Pyrgos (რომელიც ბერძნულად ნიშნავს „დიდი კოშკი“), ეს კოშკი 1204 წელს, ლათინთა მიერ მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრის დროს განადგურდა. 1348 წელს გენუელებმა ახალი კოშკი ააშენეს, რომელსაც უწოდეს „Christea Turris“ (ქრისტეს კოშკი), რომელიც ახლა ცნობილია, როგორც გალათას კოშკი.

ისტორიის მანძილზე, სამი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, როდესაც გემებმა ყურის დამცავი ჯაჭვი ან გატეხეს ან გვერდის ავლით შევიდნენ ოქროს რქაში. X საუკუნეში კიევის რუსებმა ბოსფორიდან თავიანთი გემები ბაგირის მეშვეობით, გალათას გავლით გადაიყვანეს ოქროს რქაში, თუმცა ბიზანტიელებმა ბერძნული ცეცხლის დახმარებით დაამარცხეს ისინი. 1204 წელს, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრის დროს, ვენეციურმა გემებმა შეძლეს ჯაჭვის გაწყვეტა ყოჩის დახმარებით. 1453 წელს, ოსმალეთის სულთანმა მეჰმედ II, რომელმაც ვერ შეძლო ჯაჭვის ძალით გაწყვეტა, მიმართა იგივე ტაქტიკას, რაც რუსებმა გამოიყენეს, რომელმაც თავისი ხომალდები გალათას გავლით, ბუქსირით გადაიყვანა ჰალიჩში.

1453 წელს, კონსტანტინოპოლის ოსმალების მიერ დაპყრობის შემდეგ, მეჰმედ II-მ კვლავ შეასახლა ბერძნები ოქროს რქის გასწვრივ, ფენერის მიმდებარედ. ბალათში კი ებრაელები კვლავ განაგრძობდნენ ცხოვრებას, როგორც ბიზანტიის დროს, თუმცა, ბევრმა ებრაელმა დატოვა ქალაქი მისი დაცემის შემდეგ. ამ ტერიტორიაზე ებრაელების ხელახლა ჩასახლება ბაიაზიდ II-ის დროს დაიწყო, როდესაც იგი მოიწვია ესპანელი ებრაელები ქალაქში საცხოვრებლად, რომლებიც ესპანეთიდან გააძევეს.[5]

1502 წელს ლეონარდო და ვინჩიმ სულთან ბაიაზიდ II-ის სამოქალაქო საინჟინრო პროექტის ფარგლებში, ოქროს რქაზე გამავალი 240-მეტრიანი ერთმალიანი ხიდის ნახაზი წარმოადგინა. ამ ხიდთან დაკავშირებული ლეონარდოს ნახატები და შენიშვნები, ამჟამად მილანის „Museo Nazionale Scienza e Tecnologia Leonardo da Vinci“-ის მუზეუმშია ნაჩვენები. მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალური დიზაინის ხიდი ოქროს რქაზე არასდროს აშენებულა, 2001 წელს, ლეონარდოს დიზაინზე დაფუძნებული პატარა ხიდი აშენდა ნორვეგიის ოსის კომუნაში.

1980-იანი წლების ბოლომდე, ოქროს რქის წყლები დაბინძურებული იყო ქარხნების საწარმოო ნარჩენებით, რომლებიც ყურის სანაპიროებზე ფუნქციონირებდნენ. მას შემდეგ ოქროს რქის წყლები გაიწმინდა და ადგილობრივი თევზი, ველური ბუნება და ფლორა დიდწილად აღდგა.[6][7]

დღესდღეობით, ოქროს რქის ორივე ნაპირი დასახლებულია და თითოეულ სანაპიროზე პარკებია გაშენებული. სტამბოლის სავაჭრო პალატა, ასევე მდებარეობს ყურის სანაპიროზე, როგორც რამდენიმე მუსლიმური, ებრაული და ქრისტიანული სასაფლაო. ოქროს რქის სანაპიროზეა განლაგებული სხვა დაწესებულებებიც, როგორიცაა მუზეუმები, კონგრესები და კულტურულ დარბაზები, აგრეთვე თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების დამხმარე დაწესებულებები და სხვადასხვა უნივერსიტეტების კამპუსები.

დღეს, ოქროს რქა მდიდარი ისტორიით და ბუნებრივი სილამაზით პოპულარული ტურისტული პოტენციალის უბანია, რომელსაც ყოველწლიურად 10 მილიონი საერთაშორისო დამსვენებელი სტუმრობს.[8]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

41°01′45″ ჩ. გ. 28°57′40″ ა. გ. / 41.02917° ჩ. გ. 28.96111° ა. გ. / 41.02917; 28.96111

  1. 1.0 1.1 BBC: "Istanbul's ancient past unearthed" Published on 10 January 2007. Retrieved on 3 March 2010.
  2. Istanbul Turkey Picturedatabase - Aerial view of Istanbul
  3. Hürriyet: Bu keşif tarihi değiştirir (2 October 2008)
  4. Hürriyet: Photos from the Neolithic site, circa 6500 BC
  5. Top 5 things to do in Istanbul
  6. Water Quality Management: Case Study of Golden Horn (Halic) – Istanbul-Turkey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-03. ციტირების თარიღი: 2018-01-03.
  7. Coleman, H.M., Kanat, G., Aydinol Turkdogan, F.I. „Restoration of the Golden Horn Estuary (Halic)“. Water Research. 43: 4989–5003. doi:10.1016/j.watres.2009.08.047. ციტირების თარიღი: 2012-05-19.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)[მკვდარი ბმული]
  8. İstanbul to surpass Paris in number of tourists