ჯესი რედმონ ფოსეტი
ჯესი რედმონ ფოსეტი (27 აპრილი, 1882 — 30 აპრილი 1961) — აფრო-ამერიკელი რედაქტორი, პოეტი, ესეისტი, რომანისტი და პედაგოგი.
ჯესი რედმონ ფოსეტი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 27 აპრილი, 1882 |
დაბადების ადგილი | ფრედერიკსვილი, კამდენის ოლქი, ნიუ-ჯერსი |
გარდაცვალების თარიღი | 30 აპრილი, 1961 (79 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ფილადელფია, პენსილვანია |
დასაფლავებულია | Eden Cemetery[1] |
საქმიანობა | პოეტი[2] , რომანისტი[2] , მწერალი[3] , ესეისტი, ლიტერატურული რედაქტორი[2] და მასწავლებელი |
ეროვნება | აფრო-ამერიკელები[4] [5] [6] |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | კორნელის უნივერსიტეტი |
Magnum opus | Plum Bun[7] |
ფოსეტის სამწერლო საქმიანობამ, რომელიც აფრო-ამერიკელთა ცხოვრებისა და ისტორიის ჭეშმარიტი სურათის ასახვაზე იყო ორიენტირებული,[8] 1920-იანი წლების აფრო-ამერიკული ლიტერატურის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. მწერლის შემოქმედებაში წამოჭრილი იყო რასობრივი დისკრიმინაციისა და ფემინიზმის თემები. მისი შავკანიანი პერსონაჟები პროფესიულად დასაქმებულები იყვნენ, რაც იმ პერიოდის ამერიკული საზოგადოებისთვის წარმოუდგენელი იყო.[9]
1919-1926 წლებში ფოსეტი ფერადკანიანი მოსახლეობის პროგრესის ეროვნული ასოციაციის ჟურნალის The Crisis ლიტერატურული განყოფილების რედაქტორი იყო. იგი ეპოქის სოციალური მოძრაობების საქმიანობასთან დაკავშირებულ ნამუშევრებს აქვეყნებდა, რითაც ჰარლემის რენესანსის მოძრაობაში შეჰქონდა წვლილი. როგორც რედაქტორი და რეცენზენტი, ფოსეტი შავკანიან მწერლებს მოუწოდებდა, ღიად და გულრწფელად დაეწერათ აფრო-ამერიკელთა ცხოვრების შესახებ,[8] რადგანაც მას სურდა, ლიტერატურაში აფრო-ამერიკული საზოგადოების რეალისტური და პოზიტიური სურათი ასახულიყო.
ფოსეტი ათწლეულების მანძილზე ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის სკოლებში ფრანგული ენის მასწავლებელი იყო. 1920-1930-იან წლებში მან ოთხი რომანი გამოაქვეყნა, რომლებიც საშუალო ფენის შავკანიანთა ცხოვრებას იკვლევენ. ფოსეტი აგრეთვე აფრო-ამერიკული საბავშვო ჟურნალის The Brownies' Book რედაქტორი და თანაავტორი იყო.[10]
ცხოვრება და საქმიანობა
რედაქტირებაჯესი რედმონ ფოსეტი 1882 წლის 27 აპრილს ნიუ-ჯერსის შტატის კამდენის ოლქში, ქალაქ ფრედერიკსვილში, დაიბადა,[11][12] რომელიც დღეს ლოუნსაიდის სახელწოდებითაა ცნობილი.[13] იგი რედმონ და ენი ფოსეტებისთვის მეშვიდე შვილი იყო. მისი მამა აფრიკის მეთოდისტური ეპისკოპალური ეკლესიის მოძღვარი იყო. ჯესის დედა ადრეულ ასაკშივე გარდაეცვალა, რის შემდეგაც მისი მამა ხელახლა დაქორწინდა. მისი მეორე ცოლი, ბელა, თეთრკანიანი ებრაელი იყო, რომელიც ქრისტიანობაზე მოექცა. წყვილს სამი შვილი შეეძინა. აგრეთვე მათ ოჯახს შეემატა ბელას სამი შვილი, რომლებიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. ფოსეტების მრავალრიცხოვანი ოჯახი სიდუხჭირეში ცხოვრობდა, თუმცა ორივე მშობელი შვილების განათლებას დიდ ყურადღებას აქცევდა.
ჯესიმ განათლება ქალაქის საუკეთესო აკადემიურ სასწავლებელში, ფილადელფიის გოგონათა საშუალო სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც სწავლა კორნელის უნივერსიტეტში განაგრძნო, რომელიც 1905 წელს კლასიკურ ენებში ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა.[14] მოგვიანებით ფოსეტმა პენსილვანიის უნივერსიტეტში ფრანგული ფილოლოგიის მაგისტრის ხარისხი მიიღი.
სწავლის დასრულების შემდეგ ფოსეტმა ვაშინგტონში, სადაც სეგრეგაციული საჯარო სკოლათა სისტემა იყო, დანბარის საშუალო სკოლაში დაიწყო მუშაობა, რომელიც შავკანიანი მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი. იგი ფრანგულსა და ლათინურ ენებს ასწავლიდა.
1919 წელს ფოსეტმა ფერადკანიანი მოსახლეობის პროგრესის ეროვნული ასოციაციის ჟურნალში The Crisis დაიწყო მუშაობა, რომელიც უილიამ დიუბოას მიერ იყო დაარსებული. ფოსეტი ჟურნალს 1926 წლამდე რედაქტორობდა. 1921 წელს იგი ფერადკანიანი მოსახლეობის პროგრესის ეროვნული ასოციაციის წევრი გახდა და იმავე წელს პან-აფრიკის კონგრესზე ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო.
1926 წელს ფოსეტი მასწავლებლობას დაუბრუნდა. ამჯერად მან ნიუ-იორკში დეუიტ კლინტონის საშუალო სკოლაში დაიწყო სწავლება. იგი ნიუ-იორკის საჯარო სკოლებში 1944 წლამდე მუშაობდა.
1929 წელს ფოსეტი ჰერბერტ ჰარისზე დაქორწინდა, რომელიც სადაზღვევო ბროკერი იყო. წყვილი საცხოვრებლად ნიუ-იორკიდან ნიუ-ჯერსიში გადავიდა.[15] 1958 წელს ჰარისი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ფოსეტი ნიუ-იორკში დაბრუნდა. იგი 1961 წელს კარდიოლოგიური პრობლემის გამო ფილადელფიაში გარდაიცვალა.
The Crisis-ის ლიტერატურული რედაქტორობა
რედაქტირებაჯესი ფოსეტის The Crisis-ში მუშაობის პერიოდი ლიტერატურული კუთხით ჟურნალის ყველაზე ნაყოფიერ პერიოდად ითვლება. იგი The Crisis-ის კონტრიბუტორი 1918 წლის ივლისში გახდა, როცა ჟურნალში თავისი სტატიები ფილადელფიიდან გააგზავნა. მომდევნო თვეში ფოსეტს ჟურნალის რედაქტორი უილიამ დიუბოა დაუკავშირდა, რომელმაც მას სთხოვა, რომ ლიტერატურულ რედაქტორად სრულ განაკვეთზე სამუშაოდ ნიუ-იორკში გადასულიყო. ფოსეტმა The Crisis-ის ოფისში 1918 წლის ოქტომბერში დაიწყო მუშაობა, სადაც მალევე საორგანიზაციო საკითხების განკარგვას შეუდგა.
როგორც ჟურნალის ლიტერატურულმა რედაქტორმა, ფოსეტმა ჰარლემის რენესანსის არაერთ ცნობილ მწერალს ხელი შეუწყო კარიერული ბილიკის გაკვალვაში, მათ შორის არიან კლოდ მაკკეი, ჯინ ტუმერი, ნელა ლარსენი, ჯორჯია დაგლას ჯონსონი, ენ სპენსერი და ლენგსტონ ჰიუზი. ფოსეტი პირველი ადამიანია, რომელმაც ჰიუზის ნამუშევრები გამოაქვეყნა. იგი The Crisis-ის საბავშვო ჟურნალის The Brownies' Book რედაქტორიც იყო, რომელშიც ჰიუზის რამდენიმე ადრეული ლექსი გამოქვეყნდა. მოგვიანებით ჰიუზმა თავის მემუარში დიდი ზღვა დაწერა: „ჯესი ფოსეტი, ჩარლზ ჯონსონი და ალან ლოკი ის ადამიანი არიან, რომლებმაც ქვეყანას შავკანიანთა ახალი ლიტერატურა მოავლინეს.“[16]
აფრო-ამერიკელ მოდერნისტ მწერალთა კარიერული ხელშეყობის გარდა, ფოსეტი The Crisis-ისა და The Brownies' Book-ის აქტიური კონტრიბუტორი იყო. იგი ჟურნალებში აქვეყნებდა თავის ლექსებს, მოთხროებს, ნოველებს, სამოგზაურო ჟანრის თხზულებებსა და თარგმანებს ფრანგული ენიდან. ფოსეტმა 1925-1926 წლებში საფრანგეთიდან ალჟირში ექვსთვიანი მოგზაურობის შესახებ ხუთი ესე გამოაქვეყნა.
ფოსეტმა The Crisis-ში მუშაობა 1927 წლის თებერვალში დიუბოასთან კონფლიქტის გამო შეწყვიტა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Biography, bibliography and photos of Jessie Redmon Fauset დაარქივებული 2022-03-14 საიტზე Wayback Machine.
- The Black Renaissance in Washington, DC Library.
- The Crisis Archives, Vol. 1–25, Modernist Journals Project, Brown University & University of Tulsa
- ჯესი რედმონ ფოსეტი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
- Jessie Redmon Fauset profile; "Voices from the Gaps", University of Minnesota
- Jessie Redmon Fauset portrait by Laura Wheeler Waring, 1945, აშშ-ის ეროვნული პორტრეტების გალერეა.
- Fennell, D.K.. (February 15, 2011) Jessie Fauset tells how to face despair. Blog: Hidden Cause, Visible Effects.
- ჯესი რედმონ ფოსეტი — Find a Grave-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.findagrave.com/cgi-bin/fg.cgi?page=gr&GRid=37541885
- ↑ 2.0 2.1 2.2 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 359.
- ↑ Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
- ↑ Page Y. W. Encyclopedia of African American Women Writers — Westport: Greenwood Publishing Group, 2007. — ISBN 978-0-313-33429-0, 978-0-313-04907-1
- ↑ Smith J. C. Notable Black American Women
- ↑ BlackPast.org — 2004.
- ↑ https://openlibrary.org/works/OL3492538W/Plum_bun
- ↑ 8.0 8.1 Johnson, Arthur (1978). „Literary Midwife: Jessie Redmon Fauset and the Harlem Renaissance“. Phylon. Clark Atlanta University. 39 (2): 143–153. doi:10.2307/274509. JSTOR 274509.
- ↑ Johnson (1978). „Literary Midwife: Jessie Redmon Fauset and the Harlem Renaissance“. Phylon. 39 (2): 149. doi:10.2307/274509. JSTOR 274509.
- ↑ Sims, Janet L. (1980). „Jessie Redmon Fauset (1885-1961): A Selected Annotated Bibliography“. Black American Literature Forum. St. Louis University: African American Review. 14 (4): 147–152. doi:10.2307/2904406. JSTOR 2904406.
- ↑ Bigelow, Barbara C (1994-01-01). Contemporary Black biography. profiles from the international Black community Volume 7 Volume 7 (en). Detroit, Mich.: Gale Research Inc.. ISBN 9781414435350.
- ↑ Fauset, Jessie R. (1882-1961). The Black Past: Remembered and Reclaimed (2007-07-17).
- ↑ Palmer, Colin A (2006-01-01). Encyclopedia of African-American culture and history: the Black experience in the Americas (en). Detroit: Macmillan Reference USA. ISBN 978-0028658162.
- ↑ Sylvander, Carolyn Wedin, Jessie Redmon Fauset, Black American Writer.
- ↑ (2011) Harlem Renaissance: Five Novels of the 1920s. Library of America, გვ. 850.
- ↑ West, Kathryn (2004) „Fauset, Jessie Redmon“, Encyclopedia of the Harlem Renaissance. New York: Routledge.