ჯაფარიანები
ჯაფარიანები — თბილისის მაჰმადიან ამირათა საგვარეულო IX საუკუნის 80-იანი წლებიდან XI საუკუნის 80-იან წლებამდე. გვარ-სახელი მოდის სახლის ერთ-ერთი პირველი ამირას ჯაფარის სახელიდან. ჯაფარიანებმა მოიპოვეს ხელისუფლების მემკვიდრეობით გადაცემის უფლება და, ჩანს, ამირობა მამიდან უფროს შვილზე გადადიოდა. ახლო აღმოსავლეთში შექმნილი რთული საერთაშორისო ვითარების ფონზე ჯაფარიანები ცდილობდნენ თავი დაეცვათ როგორც ბაღდადის ხალიფების პრეტენზიებისგან, ისე გაძლიერებული საქართველოს მეფეებისგან.
ჯაფარიანი ამირებიდან ცნობილია ჯაფარ იბნ ალი (X საუკუნის დასაწყისი), შემდეგ — მანსურ იბნ ჯაფარი (X საუკუნის შუა წლები), რომლის დროსაც ჯაფარიანებმა დაიწყეს თბილისში მოჭრილ ვერცხლის არაბულ მონეტებზე ხალიფასთან საკუთარი სახელების მოხსენიება. არსებობს მანსურ იბნ ჯაფარის (953/4 და 954/5) და შემდეგ მისი მემკვიდრეების ჯაფარ იბნ მანსურის (974/5, 976/7, 980/81) და ალი იბნ ჯაფარის [996, 1013/14(?), 1027/28] სახელით მოჭრილი მონეტები. XI საუკუნის 30-იანი წლებიდან დაახლოებით 1045 წლამდე ამირადაა ჯაფარ იბნ ალი, რომლის დროსაც დაიწყეს ქართველებმა ბრძოლა თბილისის შემოსაერთებლად. ჯაფარის გარდაცვალების შემდეგ მისი ვაჟები მანსური და აბუ ლ-ჰეიჯა ამირობისთვის იბრძოდნენ. 1068 წელს ჯაფარიანთა გვარის თბილისის ამირა (სახელი უცნობია) სელჩუკთა მოკავშირე იყო საქართველოს სამეფოს წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ სულთანმა ალფ-არსლანმა თბილისი განძის ამირა ფადლონს გადასცა. ბაგრატ IV-მ აიღო თბილისი და ამირად დმანისიდან ჯაფარიანთა ნათესავი მოიყვანა, ხოლო თბილისის ირგვლივ მდებარე ციხეები თვითონ დაიჭირა. ჩანს, ეს იყო უკანასკნელი ამირა ჯაფარიანთა გვარიდან.
ლიტერატურა
რედაქტირება- მ. ლორთქიფანიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 543.