ხურტკმელი
ხურტკმელი (ლათ. Grossularia) — მცენარეთა გვარი ხურტკმელისებრთა ოჯახისა (ადრე ხუნწისებრთა ოჯახი). ეკლიანი ბუჩქებია. მორიგეობით განლაგებული 3–5-ფოთოლაკიანი ფოთლები და მტევნებად შეკრებილი ორსქესიანი ყვავილები აქვთ. ნაყოფი ნაირფერი (თეთრი, ყვითელი, მწვანე, წითელი ან შავი), მრავალთესლიანი ცრუ კენკრაა. გვარში გაერთიანებულია 50-მდე სახეობა, რომლებიც ბუნებრივადაა გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში. ყოფილ სსრკ-ში ხურტკმელის სამი სახეობა იზრდებოდა, მათგან საქართველოში 1 — Grossularia reclinata იზრდება; გვხვდება მთის ზედა სარტყლის ტყეებში, ზღვის დონიდან 1500–2000 მ. ეს სახეობა ხურტკმელის მრავალი კულტურული ფორმის წინაპრად ითვლება.
ხურტკმელი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩვეულებრივი ხურტკმელი (Ribes uva-crispa) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Grossularia (Miller) | |||||||||||||
|
თანამედროვე კლასიფიკაციაში ხურტკმელი, როგორც გვარი აღარ გამოიყენება და მისი სახეობები მოცხარის გვარში ერთიანდება. ხურტკმელი მიიჩნევა ქვეგვარად (ლათ. Ribes subg. Grossularia).[1]
ხურტკმელი ერთ-ერთი ადრეულა კენკროვანი კულტურაა. მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მე-2–მე-3 წელს. ზრდასრულ ნარგაობათა მოსავლიანობა 25–30 ტ/ჰა აღწევს. ხურტკმელის კენკრა შეიცავს (%-ობით): შაქრებს 8 — 11, ორგანულ მჟავებს 1,2–1,7, პექტინოვან ნივთიერებებს 0,88; C (30– 60 მგ 100 გ წვენში), B6, P ვიტამინებს, A პროვიტამინს (კაროტინი), რკინის მარილებს, ფოსფორს. ხურტკმელის მწიფე და მკვახე კენკრას იყენებენ გადასამუშავებლად (მურაბა, კომპოტი), მწიფეს — საჭმელად (როგორც ნედლად, ისე გაყინულს), აგრეთვე საღვინედ და წვენებისათვის.
ცნობილია ხურტკმელის 1500-მდე ჯიში, რომლებიც იყოფა ევროპული და ამერერიკული წარმოშობის ჯიშებად. ყოფილ სსრკ-ში დარაიონებული იყო 100-ზე მეტი ჯიში. ხურტკმელს შედარებით დიდ ზიანს აყენებენ ხერხიები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 519.