ხურსისძენი (XVI საუკუნიდან - ხ უ რ ც ი ძ ე ნ ი) — სამხრეთ საქართველოს (სამცხის) წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო XI-XVI საუკუნეებში.გვარის ფუძემდებელი, როგორც ჩანს, XI საუკუნის მოღვაწე ხურსი იყო. ხურსისძენი წარმოადგენდნენ ახალი ჩორჩანელების გვარის განშტოებას. XI საუკუნის შემდეგ ახალი ჩორჩანელები წყაროებში აღარ იხსენიებიან. მათი სამფლობელოს ნაწილს, ჩანს ხურსისძენი დაეპატრონენ (ნაწილი ამ სამფლობელოსი გადაეცა ციხისჯვარელებს, ჯაყელებსა და ლაკლაკთა - ახალი ჩორჩანელების სხვა განშტოებებს). XVI საუკუნის დოკუმენტი „სამცხე-საათაბაგოს თავადთა ნუსხა“ გვამცნობს, რომ ერისთავთერისთავ ჩორჩანელის მამული ეკუთვნოდა ხურსისძეს. ხურსისძეთა გვარში გადმოვიდა ახალ ჩორჩანელებში გავრცელებული საგვარეულო სახელები: სულა, გიორგი, ფარსმან და სხვა. ხურსისძენი იყვნენ სამცხის ერისთავ-სპასალარებისა და შემდგომში მთავარ-ათაბაგების ჯაყელების ვასალი ფეოდალები და წყაროებში XV საუკუნემდე არ იხსენიებიან. XVI საუკუნეში ხურსისძეთა საგვარეულო მონასტერი და სამარხი ყოფილა ზარზმა. აქ ჩაუტარებიათ მათ საამშენებლო მუშაობა, მონასტრისათვის შეუწირავთ სხვადასხვა ნივთი და ალბათ ყმა-მამულიც, რაზეც მიუთითებს ეპიგრაფიკული მასალა. მონასტრის წინამძღვრები, ისევე როგორც მაწყვერელები ხშირად ხურსისძენი იყვნენ. მზეჭაბუკ ციხისჯვარელ-ჯაყელმა XVI საუკუნეში ზარზმის მონასტერი თავისი ყმა-მამულით აწყურის მონასტერს შესწირა. გამოთქმულია მოსაზრება (ვ. ბერიძე), რომ სწორედ XVI საუკუნეში, როდესაც აწყურის ეპისკოპოსი ხურციძე გახდა, ზარზმის მონასტერიც ხურციძეებს გადაეცათ. იმავე მოსაზრების მიხედვით, ზარზმის საყდარში გამოსახული მამა სერაპიონი არის არა მონასტრის დამაარსებელი სერაპიონ ზარზმელი, არამედ XVI საუკუნის ზარზმის წინამძღვარი სერაპიონ ხურციძე. ზოგი მკვლევარი, ზარზმის წარწერაში მოხსენიებულ ხურციძე შოთაყოფილ შიოს შოთა რუსთაველად მიიჩნევს და ამდენად შოთა რუსთაველს ხურციძეთა საგვარეულოს უკავშირებს.

თურქების მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ, XVI საუკუნის ბოლოს ხურსისძენი სამცხიდან დასავლეთ საქართველოში გადასახლდნენ. ზარზმის მონასტრის სიძველეები შემოქმედში (გურია) გადაიტანეს და იქ ააგეს ახალი ზარზმა.

შესაძლოა ქორეთის, სავანისა და დარკვეთის ეკლესიების XI საუკუნის წარწერებში მოხსენიებული ძმები: ერისთავთერისთავი გიორგი და ერისთავი ხურსი (მშობლებითა და შვილებით) ხურსისძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ. ასეთ შემთხვევაში უნდა დავასკვნათ, რომ XI საუკუნეში ხურსისძეთა სამფლობელოები ჰქონდათ არა მარტო სამცხეში, არამედ ლიხთიმერეთშიც.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება