ხორუმი
ხორუმი, ხორონი, ხორომი — საბრძოლო შინაარსის საფერხულო წყობის უძველესი ქართული ხალხული ცეკვა. ხალხურ შემოქმედებაში ცეკვა „ხორუმი“ გავრცელებული იყო აჭარაში, გურიაში, ისტორიულ ლაზეთსა და ტაო-კლარჯეთში.
შედგება 4 ნაწილისგან: 1. მეომართა დაბანაკება, 2. მტრის დაზვერვა, 3. იერიში, 4. გამარჯვება და ზეიმი. ეს დასკვნითი ნაწილი ხორუმის ერთ ვარიანტში გადახვეული ხორუმის სახელითაა ცნობილი. ამასთან, აჭარაში არსებობდა „ხორუმის” სხვა სახეობაც, რომელიც „დელი ხორუმის” — „გიჟური ხორუმის“ სახელწოდებით იყო ცნობილი.
ცეკვაში ტრადიციულად კენტი (3, 5, 7, 9) რაოდენობის მამაკაცი მონაწილეობს. ჰყავს ერთი წინამძღოლი — ხორუმის თავი, რომელსაც წარსულში თავმოსამეს უწოდებდნენ. აღსანიშნავია ხორუმის სრულიად თავისებური, განსხვავებული მუსიკალური ზომა — 5/8. ცეკვა „ხორუმი“ სრულდება დოლის, ჭიბონის, გარმონის ან სიმღერის თანხლებით. თანამედროვე ქორეოგრაფიაში კოსტიუმად იყენებენ აჭარულ ტრადიციულ სამოსს. „ხორუმი“ მოიცავს ქორეოგრაფიული ნახაზის სხვადასხვა ორნამენტულ ფორმას, როგორებიცაა: მწყობრი სწორხაზოვანი ერთ- და ორრიგა ფორმები, წრიული ერთ-, ორ- და სამსართულიანი ფორმა. ხალხურ ვარიანტში „ხორუმი“ ძირითადად სრულდება ერთმწკრივად, ანუ მწყობრის სახით, რომელიც შემდეგ წრიულ ფორმას იღებს.
2013 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით (№03/207) ცეკვა „ხორუმს“ არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ლიტერატურა
რედაქტირება- თათარაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 511.
- ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი. აჭარა. პროექტის ავტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი ნ. მგელაძე. ბათუმი, 2018. — გვ. 597-599.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გელიაშვილი, ეკატერინე, ქართველ მეომართა საკრალური ცეკვა „ხორუმი“. „ქართული ფოლკლორი“, № 3, 2023.