გადახვეული ხორუმი
გადახვეული ხორუმი — საბრძოლო შინაარსის ძველი ქართული ხალხური ცეკვა. საფერხულო წყობის მასობრივი ცეკვის „ხორუმის“ დასკვნითი ნაწილი — გამარჯვებისა და ზეიმის გამომხატველი როკვა.
სრულდებოდა დამარცხებული მტრის მოკვეთილი თავის გარშემო. მოცეკვავენი ასრულებენ ისეთ ილეთებს, თითქოს აგორებენ და ქოლავენ წრეში მოქცეულ დამარცხებული მტრის მოჭრილ თავს. ამ ცეკვაში ფეხით ჩაკვრის ილეთს უწოდებენ ბასმას, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის: ორმაგი, სამმაგი, მოტყუებული. გადახვეული ხორუმის მუსიკალური ზომა და რიტმი სრულიად განსხვავდება „ხორუმის“ რიტმისაგან („ხორუმს“ შერეული რიტმი ახასიათებს), იგი დამოუკიდებლადაც სრულდება ჭიბონის თანხლებით.
გადახვეულ ხორუმს წააგავს ძველი ბერძენი ისტორიკოსის ქსენოფონტეს (ძვ. წ. V–IV სს.) მიერ აღწერილი მოსინიკების ჩვეულება. ისინი მტერზე გამარჯვების შემთხვევაში, ასრულებდნენ მსგავს ცერემონიალს თავისებური ჰანგის თანხლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- თათარაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.