ხალილ გოზალიშვილი
ხალილ გოზალიშვილი (დ. 25 აპრილი, 1925, ვალე — გ. 8 მარტი, 1995) — ქართველი ისტორიკოსი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1944 წელს, როცა მუსლიმი მესხები თურქებად გამოაცხადეს და შუა აზიაში გადაასახლეს, იგი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. ომის შემდეგ მან დიდი გაჭირვებით, მოძებნა ოჯახი უზბეკეთში და 1956 წლამდე დამამცირებელი რეჟიმის პირობებში ცხოვრობდა. რეაბილიტაციის შემდეგ დეპორტირებულ მესხებს მეთვალყურეობა მოუხსნეს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს. იმ დღიდან დაწყებული მთელი თავისი ცხოვრება ხალილ გოზალიშვილმა სამშობლოში დაბრუნებისთვის ბრძოლას შეალია. იგი ამ საქმის აღიარებული მეთაური და წინამძღოლი იყო. 1962 წელს თანამოაზრეებთან ერთად შექმნა „დროებითი კომიტეტი“, რომელიც მიზნად ისახავდა მაჰმადიან მესხთა ერთიანი ქართველი ერიდან გამოცალკევებისა და გამოყოფის მიზეზთა შესწავლა-გამორკვევას, ქართული თვითშეგნების განვითარებასა და მესხთა ისტორიულ სამშობლოში დასაბრუნებლად აქტიური ზომების მიღებას. 1966 წელს აარსებს მესხთა არალეგალურ წრეს და ხელნაწერ გაზეთ „აღორძინება“-ს. წრის მიზანი იყო მესხთა შორის ქართული თვითშეგნების გაღვივება, მესხეთის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, როლის გაცნობიერებას. 1976 წელს მჭიდრო კავშირს ამყარებს საქართველოს ადამიანთა უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრებთან: მერაბ კოსტავასთან, ზვიად გამსახურიასთან, ვასილ რცხილაძესთან, ი. კენჭოშვილთან და ბ. ბეგიაშვილთან. ჯგუფის თვითგამოცემებში ფართოდ შუქდება დეპორტირებულ მესხთა პრობლემები. 1989 წელს ზურაბ მამალაძესთან ერთად თბილისში ქმნის „ქართველი მუსლიმების უფლებების დაცვის ლიგა“-ს, მისი თანამოაზრე მესხების და თბილისელი ინტელიგენციის მცდელობების შედეგად 80-იან წლებში მაჰმადიანი მესხების ორასზე მეტი ოჯახი დაბრუნდა საქართველოში. 1989-1991 წლებში ას სამოცდაათი ოჯახი ისევ გააძევეს საქართველოდან. ეს ამბავი ფერღანის ტრაგიკულ მოვლენებს დაემთხვა, რაც შემთხვევითი არ იყო. 80-იანი წლების დასასრულს გოზალიშვილმა თავის მიერ შექმნილ „ქართველი მესხების წრე“-ს სახელი შეუცვალა და საზოგადოება „ხსნა“ ეწეოდა. „ხსნის“-ს მიზანი მესხთა სამშობლოში უმტკივნეულო, ეტაპობრივი დაბრუნება იყო. 1991 წელს „ხსნა“ ყაბარდოში ოფიციალურად დარეგისტრირდა.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- მესხთა ტრაგედია, თბ., კავკასიური სახლი, 2005, გვ. 327
ლიტერატურა
რედაქტირება- მესხეთის სახელოვანი შვილები: თბ., 2008, გვ. 109-111