ზაქარია ჭიჭინაძე
ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძე (დ. 1853, თბილისი ― გ. 27 დეკემბერი, 1931, იქვე) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარ-პოპულარიზატორი.
ზაქარია ჭიჭინაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 თებერვალი, 1854[1] |
დაბადების ადგილი | თბილისი[1] |
გარდაცვალების თარიღი | 27 დეკემბერი, 1931[2] [3] [1] (77 წლის) |
დასაფლავებულია | მთაწმინდის პანთეონი[1] |
საქმიანობა | ისტორიკოსი[4] [3] , ჟურნალისტი, გამომცემელი[4] [1] და ლიტერატურული კრიტიკოსი[4] [3] |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანათლება
რედაქტირებაზაქარია ჭიჭინაძე ეგნატე ჭიჭინაძის ოჯახში მეთხუთმეტე შვილი იყო. დაწყებით განათლება მიიღო თბილისში, ჯერ მთაწმინდის სკოლაში, შემდეგ კი ერეკლე ბატონიშვილის სახელობის სასწავლებელში.
13 წლიდან იწყება მისი შრომითი საქმიანობა, მუშაობს თამბაქოს ფაბრიკაში, სასტუმროში. ერთხანს საცენზურო კომიტეტში მოხელედ. თავიდანვე გატაცებით კითხულობს ისტორიულ და გეოგრაფიულ ლიტერატურას, აგროვებს ძველ ხელნაწერებს.
1869 წელს დაუახლოვდა ცნობილ ქართველ პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს სერგეი მესხს, რომელმაც ზაქარია მიიწვია გაზეთ “დროების” თანამშრომლად. 1872 წლიდან ამ გაზეთის ფურცლებზე სისტემატურად იბეჭდებოდა ზ. ჭიჭინაძის წერილები “მთაწმინდელის” ფსევდონიმით.
1875-1878 წლებში ზაქარიამ შეკრიბა 500-ზე მეტი ძველი ხელნაწერი, პერგამენტი და კომენტარებით გამოსცა. ზაქარია წიგნებს წერდა, საკუთარ სტამბაში აწყობდა, ბეჭდავდა, კინძავდა და თვითონვე გაჰქონდა ბაზარზე გასაყიდად. ჭიჭინაძემ გამოსცა „ქართლის ცხოვრება” (რამდენიმე ტომად). მის მიერაა შედგენილი და გამოცემული მრავალი ისტორიული, ბიბლიოგრაფიული, ეთნოგრაფიული, სამეცნიერო-პოპულარული და სხვა ხასიათის წიგნი. ზაქარიამ შექმნა ქართველ მოღვაწეთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მონოგრაფიული შრომები, რომლებიც დღესაც დიდ დახმარებას უწევენ მკვლევართ.
იყო თვითნასწავლი. იდეური მიმართულებით ხალხოსანი. გამოაქვეყნა ოუენის, ფურიეს, პრუდონის, ლასალისა და ბლანის ბიოგრაფიები, დაწერა ნეკროლოგი კარლ მარქსზე. გამოსცა „პარიზის ქრონიკა“ (1910), მეორედ გამოსცა ბროსე-ჩუბინაშვილისეული „ქართლის ცხოვრება" (1913, ორ ნაწილად), ავრცელებდა არალეგალურ სოციალისტურ ლიტერატურას, ხელმძღვანელობდა მუშა-ხელოსანთა წრეს. გამოაქვეყნა საქართველოში ბატონყმობის ფაქტობრივი მდგომარეობის მასალები (დოკუმენტები). გამოცემები არ იყო კრიტიკული, მაგრამ აკმაყოფილებდა ისტორიულ-დოკუმენტური ძეგლების პოპულარიზაციის ინტერესებს. ამავე ინტერესებს ემსახურებოდა ჭიჭინაძის მრავალრიცხოვანი (120-ზე მეტი) ნარკვევი და წერილი საქართველოს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკურისა და კულტურის ისტორიის საკითხებზე.
1922 წლის თებერვალში მხცოვან მწიგნობარს მოღვაწეობის 50 წლის იუბილე გადაუხადეს, რომელიც მიჩნეული იქნა ქართული წიგნის იუბილედაც, რადგან ქართული წიგნის შედგენა-გამოცემასთან იყო დაკავშირებული ზაქარია ჭიჭინაძის მთელი სიცოცხლე. იგი ამ საქმის პიონერი იყო. გაზეთი ,,კომუნისტი’’ 1922 წლის 19 თებერვალს წერდა: ,,ის ცოცხალი მატიანეა ჩვენი მწერლობის და ვისაც სურს გაიგოს ჩვენი აზრის განვითარების ისტორია, ის ზაქარიას ვერ ასცდება.“
დიდი დამსახურება მიუძღვის ჭიჭინაძეს ქართულ ხელნაწერთა შეგროვებასა და წიგნების გავრცელებაში, განსაკუთრებით აჭარასა და სამხრეთ საქართველოში.
ზაქარია ჭიჭინაძე გარდაიცვალა 1931 წლის 27 დეკემბერს. დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონში.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- 1887 — ქართული მწერლობა მეთორმეტე საუკუნეში
- 1891 — დიმიტრი ბაქრაძე
- 1896 — თავდგირიძიანთ გვარის ღალატი და ალი-ფაშა თავდგირიძე, ახალ-სენაკი, კ. თავართქილაძის სტამბა
- 1894 — ქართველთ ებრაელნი საქართველოში
- 1895 — აბატი პეტრე ხარისჭირაშვილი
- 1898 — უმთავრესი მიზეზები საქართველოს მიმართ რომის ყურადღებისა
- 1898 — ბენია, ქართველთ მეფეების ხუმარა
- 1899 — Исарлов, Л.С. Письма о Грузии
- 1900 — ისტორია ქართულის სტამბისა და წიგნების ბეჭდვისა, 1626-1900.
- 1900 — ქართველთ ხელოსნები და ხელოსნობა საქართველოში
- 1901 — აღამაჰმად-ხანის თავის მკვეთელი მცხეთელი ანდრია (სადიხა) და მორჩილი რაჟდენ ბარამიძე
- 1903 — პარიჟის ქრონიკა ანუ ცხოვრება საქართველოსა
- 1903 — მღვთის-მშობლის კათოლიკეთა ეკლესია ბათუმში
- 1904 — ქართველთ ებრაელნი საქართველოში
- 1904 — ქართველ კათოლიკეთ პატრი მიხეილ თამარაშვილი და მისი შრომანი
- 1904 — ქართველთ კათოლიკენი და საქართველოს დაკარგული სოფლები
- 1904 — ისტორია ხურსიძის (ისარლოვი) გვარისა და შოთა (შიო) რუსთაველი
- 1905 — სამცხე-საათაბაგო
- 1905 — ქართველ კათოლიკენი ყველა ასპარესზედ და ზოგი რამ წერილები დასავლეთ საქართველოზე
- 1905 — ქართველ კათოლიკეთა ვაჭრობა
- 1906 — თბილისის ამბოხება ანუ დიდი ბუნტი 1865 წ.
- 1906 — მესხეთ-ჯავახეთის გათათრება
- 1906 — მოკლე ისტორია ქართულის თეატრისა, 1791-1906
- 1909 — ისტორია ქართული სტამბისა და წიგნის ბეჭდვისა, 1709-1909. მეფე ვახტანგ მეექვსე
- 1910 — სოლომონ ლეონიძე
- 1911 — ისტორია ოსმალეთის ყოფილ მუსულმან ქართველთ საქართველოსი, ბათუმი
- 1912 — მუჰაჯირი-ემიგრაცია
- 1912 — ქართველ მაჰმადიანთ გადასახლება ოსმალეთში
- 1912 — ქართველ კათოლიკეთ სამშობლო ქვეყნის მოღვაწეები
- 1913 — მუსულმან ქართველობა და მათი სოფლები საქართველოში
- 1913 — ოსეთის ისტორია ქართულის ისტორიულის წყაროებით, სურათებით
- 1915 — ქართველების გამაჰმადიანება ანუ ქართველთ გათათრება
- 1916 — ქართველ მაჰმადიანთა ცხოვრება
- 1916 — ნიკოლოზ ბესარიონის-ძე ღოღობერიძე და ქართული სტამბა 1627-1913 წ.
- 1916 — ვახტანგ მეექვსე და სხვათა შრომა ქართული სტამბის წინაშე
- 1916 — ოსების ჩამოსახლება ქართლში და ქართველების ამაგი და ღვაწლი მათზედ.
- 1917 — სარგის თმოგველი და მისი დილარიანი
- 1917 — ქართველ მეფეთ დროის ქართველ რესპუბლიკანელები და მეფე ერეკლეს წერილები ვენეციის რესპუბლიკური მთავრობის წინაშე
- 1919 — ისტორია "ფარული საზოგადოებისა"; ფილადელფოს კიკნაძე
- 1920 — აღა-მაჰმადხანის მეორეთ შემოსევა და მისი წამქეზებელნი 1797 წ.
- 1920 — მარიამ დედოფალმა რა მიზნით მოკლა რუსის გენერალი ლაზარევი და კრწანისის ომის ამბავი 1795 წ.
- 1925 — საქართველოს ბატონყმობის ფაქტობრივი მასალები
ლიტერატურა
რედაქტირება- შ. ხანთაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 403.
- ასათიანი ლ., ქართველი მწიგნობარი, მის წგნ.:რჩეული ნაწერები, ტ. 1, თბ., 1958;
- მახათაძე ნ., ზაქარია ჭიჭინაძე და ძველი ქართული მწერლობის საკითხები, «მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია», 1978, №1;
- რამიშვილი ა., ზაქარია ჭიჭინაძე (დოკუმენტური მასალები). «საისტორიო მოამბე», 1960, ტ. 11-12;
- ტაბიძე გ., ზაქარია ჭიჭინაძე, ტფ., 1922;
- ხუნდაძე ს., სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში, ტ. 2, ტფ. 1927;
- ქართულ-ოსური ურთიერთობები, თბ., 2020