დავით ჩუბინაშვილი
დავით იესეს ძე ჩუბინაშვილი (რუს. Давид Йессеевич Чубинов; დ. 26 სექტემბერი, 1814 — გ. 5 ივნისი, 1891) — ქართველი ლექსიკოგრაფი, ენათმეცნიერი და ქართული ლიტერატურათმცოდნე. 1839 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური სიტყვიერების ფაკულტეტი. 1844 წლიდან ასწავლიდა ქართულ ენას ამავე უნივერსისტეტში. 1855-71 წლებში ახლად დაარსებული ქართული ენისა და სიტყვიერების კათედრის გამგე და პროფესორი იყო; 1860 წლიდან რუსეთის გეოგრაფიული, ხოლო 1869 წლიდან საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების წევრი და ფილოლოგიის საზოგადოების საპატიო წევრი. იყო აგრეთვე „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი. თანამშრომლობდა ქართულ („ივერია“, „დროება“) და რუსულ პრესაში.
დავით ჩუბინაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 26 სექტემბერი, 1814 |
გარდ. თარიღი | 5 ივნისი, 1891 (76 წლის) |
მოქალაქეობა | საქართველო |
საქმიანობა | ლექსიკოგრაფი და ენათმეცნიერი |
მუშაობის ადგილი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | დემიდოვის პრემია |
გამოქვეყნებული ნაშრომები
რედაქტირებაჩუბინაშვილმა 1840 წელს გამოსცა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი, 1846 წელს კი − რუსულ-ქართული ლექსიკონი, რომელსაც წაუმძღვარა ქართული ენის გრამატიკის ნარკვევი, 1855 წელს რუსულ ენაზე გამოაქვეყნა „მოკლე ქართული გრამატიკა“, რომელშიც ძირითადად მოცემულია ახალი ქართული ენის ანალიზი; 1887-91 წლებში გამოსცა ქართულ-რუსული ლექსიკონი.
ჩუბინაშვილმა დიდი შრომა გასწია ძველი ქართული მწერლობის ძეგლთა შესწავლა-გამოცემაში. მონაწილეობდა ვეფხისტყაოსნის 1841 წლის გამოცემაში, დაურთო ლექსიკონი. 1842 წელს გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი რუსთველოლოგიური კვლევა – „ქართული პოემის ვეფხისტყაოსნის შესახებ“. მკვლევარმა იმდროინდელი საქართველოს საზოგადოებრივ–პოლიტიკური და კულტურული მდგომარეობის მეცნიერული დახასიათების საფუძველზე დაასაბუთა ვეფხისტყაოსნის შექმნისა და საერო მწერლობის დიდი აღმავლობის ისტორიული კანონზომიერება. მას წვლილი მიუძღვის ი. ბარტდინსკის მიერ პოემის პოეტური თარგმნის მომზადებაში (1845). ჩუბინიშვილმა შეადგინა ქართული ლიტერატურის ქრესტომათია (პეტერბურგი, ნაწ. I, II, 1846;1860-63).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 165.